„ამაზონის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი და პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ბოლო დროს კოსმოსური ინდუსტრიით დაინტერესდა. ამერიკელი მილიარდერი ადამიანის მომავლის გასაუმჯობესებლად კოსმოსის ათვისებისათვის მილიარდობით დოლარის ინვესტიციას ახორციელებს. თუმცა, როგორც ჩანს, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის გასაზრდელად ჯეფ ბეზოსი დედამიწაზე არსებულ საშუალებებსაც იყენებს.
ცოტა ხნის წინ ბეზოსმა სიცოცხლის გახანგრძლივებაზე მომუშავე სტარტაპ Alto Labs-ში 3 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა. Alto Labs-ი ამერიკული სტარტაპია, რომელიც უჯრედების გაახალგაზრდავებასა და ამის დახმარებით პოტენციურად სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდაზე მუშაობს.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მიმოხილვის თანახმად, Alto Labs-ი რეპროგრამირების ტექნოლოგიაზე მუშაობს, რომელსაც უკვე ზრდასრული, სპეციალიზებული უჯრედის ღეროვან უჯრედებად გადაქცევა შეეძლება.
მეცნიერების მოსაზრებით, რეპროგრამირების ტექნოლოგიას მხედველობის დაკარგვის, ზურგის ტვინის დაზიანებების, თავის ტვინისა და ასაკთან დაკავშირებული პრობლემების მკურნალობის დიდი პოტენციალი აქვს.
როგორც ჩანს, ჯეფ ბეზოსისათვის დაავადებების პრევენცია და სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა მთავარ ინტერესს წარმოადგენს. მულტიმილიარდერს გარდა Alto Labs-ისა კიდევ არაერთ უჯრედული კვლევის სტარტაპში აქვს საკუთარი წილები. იგი Nautilus Biotechnology-ის, Sana Biotechnology-ის, Denali Therapeutics-ისა და Juno Therapeutics-ის ინვესტორიც გახლავთ.
დატოვე კომენტარი