Amazon-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ჯეფ ბეზოსმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის პოზიცია დაიბრუნა. Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა კი მილიარდერთა რეიტინგში კვლავ მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
მასკის ქონება სამშაბათის ვაჭრობის შედეგად $3.9 მილიარდით შემცირდა, ვინაიდან Tesla-ს აქციების ფასმა 2.4%-იანი კლება განიცადა. ცნობისთვის, 49 წლის ანტრეპრენიორმა ჯეფ ბეზოსს რეიტინგში გასულ თვეს გადაუსწრო და მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსი მოიპოვა, რაც Tesla-ს აქციების რეკორდულმა ზრდამ განაპირობა.
გასულ თვემდე კი ბეზოსი 2017 წლიდან რეიტინგში პირველი იყო. Amazon-ის დამფუძნებლის ქონება ძირითადად სწორედ ამ რიტეილ-კომპანიის შემოსავლებიდან გამომდინარეობს. შედეგად, ბეზოსის ქონება 2020 წლის აგვისტოში $200 მილიარდსაც გადასცდა, ვინაიდან პანდემიის წელი Amazon-ისთვის რეკორდულად ზრდის წელი გამოდგა.
ამჟამად, Forbes-ის მიხედვით, ილონ მასკის ქონება $173.4 მილიარდს შეადგენს. ჯეფ ბეზოსი კი $190.3 მილიარდის მფლობელია.
დატოვე კომენტარი