ბრიტანელმა მილიარდერმა, ჯიმ რეტკლიფმა ლონდონის „ჩელსის“ შესაძენად £4.25-მილიარდიანი შეთავაზება გააკეთა. ნავთობქიმიური კომპანია Ineos-ის მფლობელმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ხუთშაბათს ინგლისური კლუბის თავმჯდომარეს, ბრიუს ბაქს გაესაუბრა.
რეტკლიფის თქმით, მისი შეთავაზება მოიცავს 1.75 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ინვესტირებას 10 წლის განმავლობაში „სტემფორდ ბრიჯის“ სტადიონისა და სხვა საკლუბო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. 2.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგი კი, რა თანხადაც, ბოლო მონაცემებით, „ჩელსი“ იყო შეფასებული, ომის შედეგად დაზარალებული უკრაინელების დასახმარებლად საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.
აქვე გეტყვით, რომ ჯიმ რეტკლიფის პერსონალური ქონება, მოცემული დროისთვის, 12 მილიარდ გირვანქა სტერლინგად არის შეფასებული. მისი კომპანია Ineos-ი კი საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში, ლიგა 1-ში მოთამაშე კლუბის, „ნიცას“ მფლობელია.
შეგახსენებთ, რომ „ჩელსის“ ამჟამინდელმა მფლობელმა, რომან აბრამოვიჩმა კლუბის გაყიდვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო საერთაშორისო საზოგადოებამ ოკუპანტი ქვეყნისთვის სანქციების დაწესება დაიწყო. მალევე დიდი ბრიტანეთის მთავრობამ შვიდ რუს ოლიგარქს, მათ შორის რომან აბრამოვიჩს ვლადიმირ პუტინის რეჟიმთან კავშირის გამო ქვეყანაში ყველა აქტივი გაუყინა. შედეგად, „ჩელსის“ მფლობელს კლუბის გაყიდვის უფლება ჩამოართვეს. „ჩელსის“ გაყიდვაზე პასუხისმგებლობა ბრიტანეთის მთავრობამ აიღო.
აღსანიშნავია, რომ ლონდონური კლუბის შეძენით კიდევ სამი ჯგუფია დაინტერესებული – მათ შორის, International Airlines Group-ის თავმჯდომარის მოადგილე მარტინ ბროუტონი და მისი პარტნიორები: ჩოგბურთისა და ფორმულა 1-ის ვარსკვლავები, სერენა უილიამსი და ლუის ჰამილტონი, მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, სებასტიან კოუ და საკალათბურთო გუნდ „ფილადელფია სევენთი-სიქსერსის“ მფლობელები, ჯოშ ჰარისი და დევიდ ბლიცერი.
„ჩელსის“ შესაძენად პარტნიორებთან ერთად შეთავაზებები ასევე გააკეთეს ბეისბოლის გუნდ LA Dodgers-ის თანამფლობელმა ტოდ ბოელიმ და NBA-ის გუნდ „ბოსტონ სელტიკსის“ თანამფლობელმა სტივენ პალიუკამ.
დატოვე კომენტარი