მიმდინარე წელს Airbnb-ის თანადამფუძნებელმა ჯო გებიამ კომპანიის $1 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა. მარეგულირებლების თანახმად, 13 ივლისს, გებიამ 516,666 A-კლასის აქცია $71.7 მილიონად გაასხვისა, რის შედეგადაც, იანვრიდან მოყოლებული, მის მიერ გაყიდული აქციების მთლიანმა ღირებულებამ $1 მილიარდს გადააჭარბა.
Airbnb-ში თავისი წილის გაყიდვა 41 წლის გებიამ გასული წლის ივლისში, კომპანიაში სრულ განაკვეთზე მუშაობის დასრულების შემდეგ დაიწყო და მას შემდეგ, $1.37 მილიარდის ღირებულების აქციები დათმო.
ამჟამად, ჯო გებია სან-ფრანცისკოში დაფუძნებული კომპანიის საბჭოს წევრია და არაკომერციული განყოფილების, Airbnb.org-ის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს.
Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში, $8.7 მილიარდით, გებია 251-ე პოზიციაზეა წარმოდგენილი. Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით კი, ძირითადად Airbnb-ის აქციების 70%-იანი მატებით, ბიზნესმენის ქონება მიმდინარე წელს $2.9 მილიარდით გაიზარდა.
პანდემიის შემდგომ სამუშაო რეჟიმისა და ცხოვრების წესის ცვლილება Airbnb-ის საქმიანობაზე დადებითად აისახა. ორშაბათის მონაცემებით, კომპანიის აქციების ფასმა $145.36-ს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით, 49%-ით მაღალი მაჩვენებელია.
გებიამ დასასვენებელი სახლების გაქირავების კომპანია Airbnb-ი 2008 წელს, ბრაიან ჩესკისა და ნათან ბლეჩარჩიკთან ერთად დააარსა. ჩესკი, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობითა და ბლეჩარჩიკი – მთავარი სტრატეგიული ოფიცრის პოზიციით, კომპანიაში კვლავ სრულ განაკვეთზე აგრძელებენ მუშაობას. მიმდინარე წელს ჩესკიმ, $7.3 მილიონის აქციები გაყიდა, მაშინ როდესაც ბლეჩარჩიკს ამ ეტაპზე Airbnb-ის აქციებს სრულად ინარჩუნებს.