გამორიცხული არ არის, რომ მსახიობმა ჯონი დეპმა უარი თქვას $10.35-მილიონიან კომპენსაციაზე, რომლის გადახდა შტატ ვირჯინიის სასამართლომ მის ყოფილ მეუღლეს, ასევე მსახიობ ემბერ ჰერდს დააკისრა. ჯონი დეპის ადვოკატების განცხადებით მსახიობი კომპენსაციის მიღებაზე უარს იმ შემთხვევაში იტყვის, თუ ემბერ ჰერდი სააპელაციო სასამართლოში სარჩელის შეტანას გადაიფიქრებს.
შეგახსენებთ, რომ ყოფილ ცოლ-ქმარს შორის არსებულ დავას შტატ ვირჯინიის სასამართლო განიხილავდა. ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ ჯონი დეპმა სასამართლოზე წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რათა დაედასტურებინა ემბერ ჰერდის მხრიდან განზრახული ცილისწამების ფაქტი– საუბარია ჰერდის ავტორობით 2018 წელს გამოქვეყნებულ ოპედზე. აღსანიშნავია, რომ ემბერ ჰერდს ჯონი დეპისთვის კომპენსაციის სახით ცილისწამებისთვის $10 მილიონის, ხოლო სადამსჯელო ზომის სახით $350 ათასის გადახდა დაევალა.
სასამართლოს გადაწყვეტილებას მალევე გამოეხმაურა ემბერ ჰერდის იურისტი, ელეინ ბრედეჰოფტი, რომელმაც აღნიშნა, რომ მსახიობს ყოფილი ქმრისთვის კომპენსაციის გადასახდელად საკმარისი ფინანსური რესურსი არა აქვს. ამ და სხვა მიზეზების ფონზე, ემბერ ჰერდმა გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრება გადაწყვიტა.
„იურისტსა და კლიენტს შორის კომუნიკაციის დეტალებზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ ბატონმა დეპმა საკუთარ ჩვენებაში აღნიშნა და ჩვენც ეს ნათლად წარმოვაჩინეთ, რომ მისთვის ეს ფულის საკითხი არასდროს ყოფილა, – განაცხადა ჯონი დეპის ადვოკატმა, ბენჯამინ ჩუმ. – ყველაფერი ეს მისი რეპუტაციის აღდგენას ემსახურებოდა და მან ეს მოახერხა“.
მორიგდება თუ არა ყოფილი ცოლ-ქმარი, ჯერჯერობით უცნობია, ამისთვის მათ დრო 24 ივნისამდე აქვთ.
დატოვე კომენტარი