ჯორჯ სოროსმა $25-მილიარდიანი იმპერია შვილს გადააბარა

ჯორჯ სოროსმა $25-მილიარდიანი იმპერია შვილს გადააბარა

92 წლის ფილანთროპმა და ინვესტორმა, ჯორჯ სოროსმა $25-მილიარდიანი ფინანსური და საქველმოქმედო იმპერია თავის ვაჟს, ალექსს გადააბარა. მილიარდერმა The Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისმა შვილმა „ეს დაიმსახურა“. შეგახსენებთ, ჯორჯ სოროსმა გასული წლის დეკემბერში ალექსი Open Society Foundations-ის თავმჯდომარედ დაასახელა.

1990-იანი წლებიდან მოყოლებული სოროსების ოჯახის სიმდიდრე მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში დემოკრატიის მშენებლობის მხარდასაჭერადაა მიმართული. Open Society Foundations-ი აფინანსებს სახელმწიფოების განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით – დაწყებული სისხლის სამართლის რეფორმებიდან, კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად გამიზნული ინიციატივებით დასრულებული. ის აკონტროლებს აქტივების უმრავლესობას, რომელსაც სოროსის $25-მილიარდიანი საოჯახო ოფისი მართავს.

„მე მეტად პოლიტიკური ვარ“, ვიდრე უფროსი სოროსი, – განაცხადა 37 წლის ალექს სოროსმა. მან ისიც დასძინა, რომ შეშფოთებულია დონალდ ტრამპის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პოტენციური კენჭისყრით.

The Wall Street Journal-ის ცნობით, ალექს სოროსი ცოტა ხნის წინ ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, სენატის უმრავლესობის ლიდერს, ჩაკ შუმერს, ბრაზილიის პრეზიდენტ ლუის ინასიო ლულა და სილვას და კანადის პრემიერ-მინისტრს ჯასტინ ტრუდოს შეხვდა. როგორც ირკვევა, შეხვედრების მიზანს ოჯახის ფონდთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ სოროსების ფონდმა დაარსებიდან დღემდე 19 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი გასცა.