კახეთის ავტობანის მშენებლობა დაიწყო

კახეთის ავტობანის მშენებლობა დაიწყო

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველომ ნახევარ მილიონზე მეტ საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა. ეს რიცხვი ოთხჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 2022 წლის იანვარ-მარტში, კახეთის რეგიონმა, ჯამური მაჩვენებლიდან, თითქმის თერთმეტი ათასი ვიზიტორი უკვე მიიღო. „კახეთისთვის, როგორც ტურისტული თვალსაზრისით ყველაზე მზარდი პოტენციალის მქონე რეგიონისთვის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, კარგად განვითარებული საგზაო ინფრასტრუქტურა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა“, – აცხადებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, რომელმაც კახეთის მიმართულებით ახალი, საერთაშორისო მნიშვნელობის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა დაიწყო.

მოცემულ ეტაპზე, კახეთის 85 კმ-იანი ავტობანიდან, სამუშაოები დაიწყო თბილისი-საგარეჯოს 35-კმიანი მონაკვეთის შემადგენელ, ვაზიანის შემოვლითი გზის მონაკვეთზე.

თბილისი-საგარეჯოს ავტობანი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი და შენდება 4-ზოლიანი ცემენტ-ბეტონის, გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული გზა. თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის ჯამური ღირებულება 527 მილიონ ლარზე მეტია.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ჩატარებული საინჟინრო და ფინანსური ანალიზის საფუძველზე, გზის მშენებლობა ლოტებად იმგვარად დაიყო, რომ მაღალი კონკურენციის უზრუნველყოფასთან ერთად, ქართულ კომპანიებს მისცემოდათ ტენდერში დამოუკიდებლად მონაწილეობის საშუალება. შესაბამისად, კახეთის ავტობანის თბილისი-საგარეჯოს ერთ-ერთ მონაკვეთს ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია აშენებს.

კახეთის ავტობანის პროექტირებაზე ავსტრიელმა და გერმანელმა მაღალკვალიფიციურმა კომპანიებმა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, იმუშავეს.

თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი, თბილისიდან კახეთის მიმართულებით დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელ სატრანზიტო დერეფნის ნაწილია. თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე მნიშვნელოვნად გაზრდილია სატრანსპორტო ნაკადების ინტენსივობა, არსებული გზა კი ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში გადის, როგორიცაა: ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო.

ახალი გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას, რაც ამ მონაკვეთზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა.

საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებასთან ერთად, კახეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა თბილისიდან კახეთის მიმართულებით მგზავრობის დროს გაანახევრებს.

კახეთისთვის, როგორც ტურისტული და სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით დიდი პოტენციალის მქონე და ინტერესის გამომწვევი რეგიონისთვის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანია. პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნების კონკურენტუნარიანობასაც.

სხვა პროექტები კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის

წინასატენდერო პროცედურები მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადდება ტენდერი საგარეჯო-ბადიაურის 17-კმიანი მონაკვეთის მშენებლობისთვის. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობას მსოფლიო ბანკი აფინანსებს. თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი, თბილისიდან კახეთის მიმართულებით დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალისა და აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ნაწილია. არსებული გზა ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში გადის როგორიცაა: ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო. პროექტი ასევე მოიცავს ბადიაურის გზაჯვარედინზე ადგილობრივი აგრარული ბაზრის მოწყობას მეწარმე ქალებისთვის მხარდაჭერის მიზნით, რათა მათ განავითარონ მიკრობიზნესი გამართული ინფრასტრუქტურის პირობებში.

ხელშეკრულება გაფორმდა და ტექნიკის მობილიზებისა და მიწის სამუშაოები მიმდინარეობს ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის მშენებლობაზეც. ეს იქნება 16.6-კმ-იანი გზა, რომელიც ასევე გვერდს აუვლის მჭიდროდ დასახლებულ წნორსა და ექვს მიმდებარე სოფელს. შესაბამისად, ის სატრანსპორტო ნაკადები, რომლებიც გადაადგილდებოდა წნორის ტერიტორიაზე, გადაინაცვლებს წნორის შემოვლით გზაზე, რაც ეკოლოგიური და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს. მისი ღირებულება 87.8 მილიონ ლარს შეადგენს.

2021 წელს უკვე დასრულდა ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 15-კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა (გურჯაანის შემოვლითი გზა), რომლის საშუალებითაც გურჯაანი-ბაკურციხის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს საჭიროების გარეშე აღარ უწევს ქალაქ გურჯაანში და მიმდებარე ექვს სოფელში გავლა. ახალი გზა არა მხოლოდ ანახევრებს მგზავრობის დროს, არამედ უმნიშვნელოვანესია საგზაო უსაფრთხოებისა და ქალაქ გურჯაანისა და მიმდებარე სოფლების ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხითაც. გურჯაანის შემოვლითი გზის პროექტი მსოფლიო ბანკის (WB) მხარდაჭერით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 38 მილიონი ლარი შეადგინა. გურჯაანის შემოვლითი გზა ერთობლივმა საწარმომ ააშენა, სადაც ერთ-ერთი ქართული კომპანია იყო.

კახეთში, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის გარდა, რეაბილიტაციის ფარგლებში, ჯამში 61 მილიონი ლარის ღირებულების 18 პროექტი მიმდინარეობს, რაც 65 კმ გზისა და ერთი ხიდის რეაბილიტაციას და ცხრა ნაპირსამაგრ პროექტს მოიცავს.

კახეთის რეგიონში ასევე დაგეგმილია საგარეჯო-ბაკურციხის 33-კმ-იანი მონაკვეთის, წნორი-ლაგოდეხის 40-კმ-იანი მონაკვეთის, გურჯაანი-თელავის 36.7-კმ-იანი შემოსავლელი გზის მშენებლობა და ფშაველი-აბანო-ომალოს 65 კმ-იანი გზის მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების სამუშაოები.

მთავრობის 10-წლიანი გეგმის მიხედვით, საერთო ჯამში, კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას 2 მილიარდი ლარი მოხმარდება, საიდანაც 600 მილიონი ლარის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

აღნიშნული მონაკვეთების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, თბილისი-ბაკურციხე-თელავის მიმართულებით მგზავრობის დრო 2 საათისა და 30 წუთის ნაცვლად, 1 საათი და 20 წუთი იქნება. ხოლო ლაგოდეხის მიმართულებით, ნაცვლად 2 საათისა და 15 წუთისა, მგზავრობის დრო 1 საათი და 25 წუთი გახდება, რაც, საერთო ჯამში, მგზავრობის დროს 50 წუთით შეამცირებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *