“კალათბურთი ჩემთვის ბიზნესია. ეს გართობაა, ეს ბიზნესია, ეს ძალიან სერიოზული რამაა“, – ამის შესახებ ზაზა ფაჩულიამ ამერიკულ Forbes-ს განუცხადა, რომელიც ქართველ კალათბურთელზე სტატიას აქვეყნებს.
Forbes-ი წერს, რომ ზაზა ფაჩულიამ მთელი სპორტული კარიერის მანძილზე დრო დაუთმო განათლებასაც და ასევე ბევრ კომპანიაში ინვესტიციებიც ჩადო.
“ამიტომაც მინდოდა ბიზნეს-კურსების გავლა, მინდოდა მესწავლა, მინდოდა შევხვედროდი ხალხს“, – აღნიშნა ფაჩულიამ.
გასული ზაფხული, ზაზა ფაჩულიამ სტენფორდში გაატარა, სადაც ის გავლენიანი სპორტული ბიზნესის მიმართულების პროფესორის, ჯორჯ ფოსტერის ლექციებს ისმენდა. ასევე, მაშინ როდესაც ის ატლანტაში თამაშობდა, ბიზნეს-კურსებს ემორის უნივერსიტეტში გადიოდა.
“ბავშვობიდან მოყოლებული, ჩემი გონება ასე იყო მოწყობილი. მუდმივად მინდოდა ვყოფილიყავი ბიზნესმენი“, – აღნიშნა ფაჩულიამ.
ზაზა ფაჩულიას საინვესტიციო პორტფოლიო მოიცავს საქართველოში სასტუმროებს, ასევე კომპაია Shoot360, რომელიც კალათბურთელებს ეხმარება საჭირო უნარების განვითარებაში. როგორც Forbes-ი წერს, ფაჩულიას სურს იქ ჩადოს ინვესტიციები, რაც მილიონობით ადამიანს დაეხმარება.
“თითოეულ კომპანიაში, ვიდრე მე ინვესტიციას განვახორციელებ, ყოველთვის ვნახულობ თუ რა არის მისი აღმასრულებელი ხელმძღვანელის გონებაში. არის თუ არა ეს მხოლოდ ფულის კეთება“, – განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.
მისივე თქმით, თუ კომპანიას ზრდა უნდა, თანამშრომლების განვითარებაზეც უნდა იზრუნოს, ასევე მნიშვნელოვანია თანამშრომლების მოტივირება.
24 წლის სპორტსმენმა ატლანტაში ორი რესტორანიც გახსნა. “ყოველთვის ვოცნებობდი ამაზე. მინდოდა მქონოდა საკუთარი რესტორანი“, – ამბობს ის. თუმცა, რესტორანი დაიხურა, – “არ ვიყავი სათანადოდ მზად ისე, როგორც მეგონა მანამ ვიდრე სარესტორნო ბიზნესში ფულს ჩავდებდი“, – დასძინა მან.
ამის შემდეგ, მან რამდენიმე სარფიანი კონტრაქტის გაფორება შეძლო. მისი სასტუმროები საქართველოში საკმაოდ წარმატებულია. ამ შემთხვევაში ფაჩულიას ბიზნესგეგმა გაცილებით უფრო გამართული და წარმატებული აღმოჩნდა.
“სასტუმროები რესტორნის ბიზნესის გამოცდილების შემდეგ იყო. მან თვალები ამიხილა, და დავიწყე უფრო მეტად ფიქრი“.
ცნობისთვის, ზაზა ფაჩულიას NBA-ში ნათამაშები აქვს 1000-ზე მეტი თამაში, მოგებული აქვს არაერთხელ NBA-ს ლიგა.
“თუ ვინმე შეხვედრია მას თამაშის მიღმა, აუცილებლად იფიქრებდა, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ადამიანი, მოედნის გარეთ. ის ოჯახის კაცია, და ინვესტორია კომპანიებში, რომელიც ადამიანებს ეხმარება“, – ასე ახასიათებს Forbes-ი ზაზა ფაჩულიას.
ამერიკული გამოცემის მიხედვით, მომავალში ფაჩულია აპირებს ბიზნეს-პორტფელის განვითარებას, ოჯახთან დროის გატარებას და Warriors-თან ერთად მუშაობას.
დატოვე კომენტარი