გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კანადამ საკუთარი მოძველებული საბრძოლო თვითმფრინავების საჰაერო ფლოტის გასაახლებლად, ამერიკულ სამხედრო კონტრაქტორთან, Lockheed Martin Copr-თან 88 ერთეული სტელს ტიპის გამანადგურებლის, F-35-ის შესასყიდად $14.2-მილიარდიანი შეთანხმება გააფორმა.
კანადის თავდაცვის მინისტრის, ანიტა ანანდის მიერ პრესკონფერენციაზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანა F-35-ების პირველ პარტიას 2026 წლისთვის მიიღებს. საჰაერო ფლოტი კი სრულად საოპერაციო მზაობაში 2032-2034 წლებისთვის იქნება.
ქვეყნის თავდაცვის მინისტრის განმარტებით, საფრენი აპარატების შესყიდვა და მათი რეგულარული სერვისი ქვეყნის ეკონომიკას ყოველწლიურად დაახლოებით 300 მილიონ აშშ დოლარამდე მოუტანს. გარდა ამისა, ყოველწლიურად 3,300-მდე ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდება. ანიტა ანანდის განცხადებით, ეს კანადის საჰაერო-სამხედრო ძალებისათვის ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მსხვილი ინვესტიცია გახლავთ.
ცნობისთვის, კანადა უკვე თითქმის ათი წელია საკუთარი მოძველებული საბრძოლო თვითმფრინავების ფლოტის, CF-18 Hornet-ების ჩანაცვლებას ცდილობს. თუმცა, ქვეყნის მთავრობას F-35-ების შეძენა ამ დრომდე ძვირ ალტერნატივად მიაჩნდა. ამიტომ ისინი, Lockheed Martin-ის საფრენ აპარატებთან ერთად, Boeing-ისა და შვედური SAAB-ის ვერსიებსაც განიხილავდნენ. თუმცა, საბოლოოდ არჩევანი მაინც ყველაზე თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურ, მეხუთე თაობის სტელს გამანადგურებელზე, F-35-ზე შეჩერდა.
შეგახსენებთ, რომ კანადა სწორედ იმ კონსორციუმის წევრია, რომელმაც F-35-ების პროგრამის შექმნასა და განვითარებაში მიიღო მონაწილეობა. შესაბამისად, ქვეყანა საფრენ აპარატებს იმავე ფასად მიიღებს, რამდენსაც პირობითად ამერიკის შეერთებული შტატები იხდის.
დატოვე კომენტარი