კანადურმა კომპანია Candelaria-მ საქართველოში, ბოლნისის რაიონში ოქროს მოპოვების ლიცენზიის მქონე კომპანიის, სს “ჯორჯიან კოპერ ენდ გოლდის” მშობელ კომპანიაში, GMC Investment limited-ში 50%-იანი წილი შეიძინა. წილის ნასყიდობის ხელშეკრულება “ჯორჯიან კოპერ ენდ გოლდის” ყოფილ მფლობელთან, Empire Metals-თან გაფორმდა და ის 4.1 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
განცხადების თანახმად, “ჯორჯიან კოპერ ენდ გოლდი” მოპოვების ლიცენზიას ფლობს ბოლნისის რაიონის იმ ტერიტორიაზე, სადაც ოქროს და სპილენძის მოპოვების სამუშაოები ჯერჯერობით აქტიურ ფაზაში არ მიმდინარეობს. ამასთანავე, განცხადებიდან ირკვევა, რომ “ჯორჯიან კოპერ ენდ გოლდის” სალიცენზიო არეში შედის დამბლუდის მონაკვეთიც, სადაც ოქროს და სპილენძის მნიშვნელოვანი მარაგები არის მიკვლეული.
“GMC Investment limited-ი ფლობს 50%-იან წილს კომპანია “ჯორჯიან კოპერ ენდ გოლდში”, კერძო კომპანიაში, რომელიც თავისმხრივ ფლობს ფერადი ლითონების მოპოვების 30-წლიან საკონცესიო უფლებას. სალიცენზიო ტერიტორია მდებარეობს ბოლნისის რაიონის იმ მონაკვეთში, რომელშიც აქტიური მოპოვებითი სამუშაოები არ განხორციელებულა. საკონცესიო უფლების არეალი 860 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს, სადაც ოქროს, სპილენძისა და სხვა პოლიმეტალების მოპოვების პროექტების განვითარების კარგი შესაძლებლობები არსებობს. მათ შორისაა, ქვემო ბოლნისის მოპოვების PEA ფაზა, რომელიც მადნეულის ოქროს საბადოდან 7 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს,”- ნათქვამია კომპანია Candelaria-ს განცხადებაში.
ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, სააქციო საზოგადოება “ჯორჯიან კოპერ ენდ გოლდი” 2015 წლის 18 სექტემბერს დარეგისტრირდა. კომპანიის გენერალური დირექტორი 2016 წლის 18 ნოემბრამდე პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, კახაბერ კუჭავა იყო.
ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, სს “ჯორჯიან კოპერ ენდ გოლდის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრია კახაბერ მჭედლიშვილი, რომელიც ამავდროულად, RMG ჯგუფის კორპორაციული დირექტორია.
დატოვე კომენტარი