კანიეს მეორედ მოსვლა

კანიეს მეორედ მოსვლა

გაუქმებული ტურნედან, ჰოსპიტალიზაციიდან და $53 მილიონიანი დავალიანებიდან სამი წლის შემდეგ, ჰიპ-ჰოპის სუპერ-ვარსკვლავმა ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰიტი შემოგვთავაზა… და ამას არავითარი კავშირი არ აქვს მუსიკასთან. მისი მილიარდ-დოლარიანი YEEZY SNEAKER-ის იმპერია ამ თაობის საუკეთესო ფსონია AIR JORDAN-ის დასამარცხებლად. კონტროლ-ფრიკობა ხანდახან კარგ ნაყოფს იმკის…

კანიე ვესტის მოსვლა ვერასდროს დაგრჩებათ შეუმჩნეველი.

მისი გლუვი შავი Lamborghini SUV ლოს ანჯელესის გარეუბანში მდებარე სახლისკენ, ჭიშკრებიან კერძო გზაზე ისე მიგრიალებს, გეგონება მიწისძვრა იყოსო, ხოლო როცა მანქანიდან გადმოდის, თეთრ პერანგსა და მუქ სპორტულ შარვალში გამოწყობილი, მისი ობსესიურობა უმალვე იწყებს თავის გამოვლენას.  

პირველ რიგში, სახლი ავიღოთ. მდიდრული ლანდშაფტის მქონე ექსტერიერი სახლისა, რომელსაც კიმ კარდაშიან ვესტთან და ოთხ შვილთან (ნორთი, სეინტი, ჩიკაგო და ფსალმი) იყოფს, დრამატულ კონტრასტს ქმნის ინტერიერის მოურთავ ალებასტრის კედლებთან. თითქმის ყველა ზედაპირი თეთრის მონასტრულ ელფერს წარმოადგენს. იატაკები საგანგებო ბელგიური თაბაშირისგან არის დამზადებული; თუ ეს ფაქიზი მასალა გაიფხაჭნა, მხოლოდ ევროპიდან სახელდახელოდ ჩამოფრენილი გუნდი შეძლებს მის შეკეთებას. “სახლი მთლიანად მისი ხელწერაა,” მეუბნება მოგვიანებით კარდაშიან ვესტი. “არასდროს მინახავს, ადამიანი ამხელა ყურადღებას უთმობდეს დეტალებს”.  

ფოიეში რომ შევდივარ, მეგარდერობე მთხოვს, ჩემს ნაცრისფერ-შავ Air  Jordan-ებზე პატარა ნაჭრის ბახილები ამოვიცვა. ჩემგან მარცხნივ, ვესტის ბიბლიოთეკაა, რომლის თაროებიც ისეთი წიგნებითაა გადავსებული, როგორიც გახლავთ “ალექსანდრ მაქქუინი: ველური სილამაზე” და “ტაკაში მურაკამი: ექსცენტრიკულთა წარმომავლობა.” ცდილობს, პოზიცია შეუცვალოს რამდენიმე ისეთ წიგნს, რომლებიც არცთუ კრიალა მდგომარეობაშია. ჩემ წინ სავარძელზე მოკალათებული, თავის ინტერვიუერს დაკვირვებით ათვალიერებს. “მახსოვს, პირველი ფეხსაცმელი, რომლის სკეჩიც გავაკეთე, ის Jordan-ი იყო, თქვენ რომ ახლა გაცვიათ,” ამბობს 42 წლის ვესტი. “ღმერთი მართლაც ალაგებს ხოლმე რაღაცებს.”        

ვესტი თავისმა პერფექციონიზმმა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მუსიკოსად აქცია. “ადგა და სულ სხვა დონეზე განახორციელა საქმე,” ამბობს DJ  Khaled-ი, რომელსაც ვესტთან ერთად სტუდიაში უმუშავია და რომელიც, ვესტის არ იყოს, წლევანდელი ყველაზე მაღალანაზღაურებადი შოუბიზნესმენების რეიტინგის, პოპულარულთა 100-ეულის, წევრია. როგორც 1900-იანებში მაიქლ ჯორდანის შემთხვევაში, ვესტის სიმდიდრის გასაღებიც სპორტულ ფეხსაცმელში უნდა ვეძიოთ. მისი ფეხსაცმლის ხაზი, Yeezy, რომელიც Nike-თან ერთად 2009-ში ჩაუშვა, 2013-ში კი Adidas-თან დაიწყო თანამშრომლობა, სწორებას Jordan-ის 34 წლის იმპერიაზე აკეთებს – როგორც კულტურული გავლენის, ისე კომერციული ნაყოფიერების თვალსაზრისით. Jordan-ის ხაზის წლიური გაყიდვები დაახლოებით $3 მილიარდს შეადგენს; ვესტის ახალბედა ამბიციური პროექტი, პროგნოზების თანახმად, $1.5 მილიარდს აარტყამს 2019-ში და კიდევ გაიზრდება. 

როგორც იატაკის, ბახილებისა და წიგნების პოზიციათა შემთხვევაში, ვესტი სპორტული ფეხსაცმლის დეტალებსაც მსგავსადვე უკირკიტებს. მისი კერპი სტივ ჯობსია და უპირატესობას ანიჭებს შეზღუდული რაოდნების, ფრთხილად შერჩეულ პროდუქტქებს ფერთა უსასრულოდ ფართო ასორტიმენტით. ვესტის სამყაროს iPod-ს სუპერ-პოპულარული სქელძირიანი Yeezy  Boost  350 წარმოადგენს, რომელიც Yeezy-ს გაყიდვების სერიოზულ ულუფაზეა პასუხისმგებელი. “ჩემი არსით, პროდუქტის ტიპი ვარ,” ამბობს ვესტი. “ისეთი პროდუქტების გაკეთებას ვცდილობ, რომელიც ხალხს უამრავ სიხარულს განაცდევინებს და ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება. პრობლემის გადაჭრის სწორედ ასეთი გზა მომწონს მე”. 

ვესტის ობსესიურობა დაუშრეტელია. როცა Forbes-მა ის პოტენციური გარეკანისთვის გადაიღო, დაიჯინა, შავი კაპიუშონიანი მაისური უნდა მეცვასო. მომდევნო დღეს რომ დაჟინებით ვთხოვეთ, დაბრუნებულიყო და კვლავ გვეცადა გადაღება, ვესტმა პატივი დაგვდო – იგივე კაპიუშონიანი მაისურით გამოცხადდა. ცნობილია, რომ ალბომებში ცვლილებები მათი გამოსვლის შემდეგაც შეაქვს. და როცა ჩათვალა, რომ სათანადოდ ვერ ვიაზრებდი მის ბიზნესზე მოქმედ რელიგიურ გავლენებს (ის საკუთარ თავს Yeezus-ს უწოდებს და მუშაობს ალბომზე, რომელსაც, ამ ეტაპზე, Yandhi ჰქვია), შაბათ საღამოს, სრულიად დაუგეგმავად, ჩემს რედაქტორს დაურეკა, რომ ამ საკითხზე კიდევ გამოეხატა თავისი დამოკიდებულება. 

ასეა თუ ისე, ეს ყველაფერი მუშაობს. ძირითადად ფეხსაცმლის დამსახურებით, Forbes-ი მის გადასახადებამდელ შემოსავალს, ბოლო 12 თვეში, $150 მილიონად აფასებს, თუმცა, მისი გუნდის მტკიცებით, მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია – ნაწილობრივ, Yeezy-ს გამო. ნებისმიერ შემთხვევაში, მას უდავოდ კარიერის საუკეთესო ეტაპი უდგას, ყოველ შემთხვევაში, იმდენად კარგი, რომ ჩვენს პოპულარულთა 100-ეულში მე-3 ადგილი დაიკავოს. 

სამი წლის წინ, ვესტი აცხადებდა, რომ $53 მილიონის ვალი ჰქონდა, ცოტა ხნის შემდეგ კი სარფიანი ტურნეს ბოლო ნაწილი ჩაშალა და სადღაც ერთი კვირა ლოს ანჯელესის საავადმყოფოში დაჰყო ძილის დეპრივაციისა და დროებითი ფსიქოზის სიმპტომებით. ვითარების ხელსაყრელ ცვლილებას ვესტი რელიგიური რწმენით ხსნის (“ქრისტეს მსახურებით, რადიკალური მორჩილებით”)… და, შიგადაშიგ, ბიპოლარული დეპრესიით. რაც გინდათ, დაუძახეთ, – შემოქმედებითი, ქაოსური, – მაგრამ ნუ დაუძახებთ გიჟს. ზოგი ანტრეპრენიორის მსგავსად, რომელთაც ყურადღების დეფიციტის ჰიპერაქტიური აშლილობისა და ასპერგერის ნიშნები აქვთ, ვესტიც თავის დიაგნოზს არა დაბრკოლებად, არამედ “სუპერძალად” ხედავს, რომელიც მის წარმოსახვის უნარს კარს უხსნის.   

“გიჟი” ის სიტყვაა, რომელსაც მომავალში ასე ხელაღებით აღარ გამოიყენებენ,” ამბობს ვესტი. “უნდა გავიგოთ, რომ ეს, რეალურად, მდგომარეობაა, რომლითაც ადამიანები ცხოვრობენ, იბადებიან, რომელიც ემართებათ და რომელიც მიდი-მოდის. და უამრავი ადამიანი არსებობს, რომელთაც გიჟებს უძახდნენ და, ბოლოს, ამ გარეკანზე აღმოჩნდნენ”.

ვესტის აკვიატება დიზაინით სათავეს ისეთივე ღრმა წარსულიდან იღებს, როგორსაც მისი გატაცება მუსიკით. ატლანტაში დაბადებულსა და ჩიკაგოში გაზრდილს, საშუალო კლასებში ხშირად პრობლემები სწორედ იმის გამო ექმნებოდა, რომ გაკვეთილზე სპორტული ფეხსაცმლის სკეჩებს ხატავდა. როცა დედამისმა, კოლეჯის პროფესორმა, შვილი იაპონური კიბერ-პანკ ფილმის, “აკირას” სანახავად წაიყვანა, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ფილმის ფორმებმა და ფერთა პალიტრამ – იმდენად, რომ შთაგონების წყაროდაც იქცა; ახსოვს ისიც, როგორ დაყავდა მამას, პოლიტიკური ორგანიზაცია Black Panther-ის ყოფილ წევრს, ავტო-შოუებზე, სადაც Lamborghini Countach-ი გაიცნო და შეიყვარა. “ყველაფერში, რასაც ვაკეთებ, Lamborghini ურევია ამა თუ იმ დოზით,” ამბობს ვესტი. “Yeezy ფეხსაცმლის Lamborghini-ა”.

დეტალების სიყვარული ვესტს მუსიკალურ კარიერაშიც გამოადგა, რომელიც მაშინ დაიწყო, როცა კოლეჯი მიატოვა და Jay-Z-ის Roc-A-Fella Records-ის პროდიუსერად შეუდგა მუშაობას. სწორედ ის იდგა Jay-Z-ის 2001 წლის გავლენიანი ალბომის, The Blueprint-ის უკან. როცა ორ-ნახევარი წლის შემდეგ სოლო-არტისტად დაიწყო მოღვაწეობა, ერთგვარი შერეული ჟანრი შექმნა: მის ძველ ნამუშევრებზე მარვინ გეისა და Daft Punk-ის სემპლები იყო მოყრილი; მან Coldplay-სთან ერთად გააკეთა ჩანაწერები და U2-სთან ერთად წავიდა ტურნეში. აგრესიულ მატერიალიზმთან კონტრასტში, რომელიც იმ დროის რეპერებს შორის იყო გავრცელებული, ვესტი ერთგვარ მოწყვლად პროტაგონისტად წარმოჩნდა, თავისი სამი ალბომით, რომელიც უმაღლესი განათლების თემებს აერთიანებდა. ნარკო-ვაჭრობისა და ქუჩური გარჩევების ზღაპრებს ჩაენაცვლა რეფლექსიები სტომატოლოგიურ ოპერაციებზე, რასობრივ უსამართლობასა და Gap-ში მუშაობაზე, რაც თავდაჯარებული, ქედმაღლობასთან მომიჯნავე გონებამახვილობით იყო გაჯერებული.  

დიდებამ საშუალება მისცა, თავის პირველ სიყვარულს, სპორტულ ფეხსაცმელს მიბრუნებოდა. 2007-ში, იაპონური ტანსაცმლის კომპანია A Bathing Ape-ისთვის ფეხსაცმელი შექმნა, დათუნიის ლოგოთი სრულქმნილი, რომელიც მის ზოგიერთ ძველ გარეკანსაც ამშვენებდა (თუ ამ ფეხსაცმელს დღეს იპოვით, რამდენიმე ასეულ დოლარსაც ჩაიჯიბებთ). ეს იყო დასაწყისი, რა დროსაც მან მოდის ინდუსტრიიდან ისეთი მეგობრები შეიძინა, როგორიც ჰედი სლიმანია, რომელსაც Dior Homme-ისა და Yves Saint Laurent-ის შემოქმედებით დირექტორად აქვს ნამუშევარი. “ფეხსაცმლის სახით რაღაც ძალიან მძლავრს შექმნი,” ახსოვს, როგორ ეუბნებოდა მას სლიმანი. ასეთმა შეგულიანებამ ვესტი თავდაჯერებით აღჭურვა და როცა ამ ამბიდან მალევე Nike-ის აღმასრულებელ დირექტორთან, მარკ პარკერთან ერთად ერთ თვითმფრინავში აღმოჩნდა, არ მორიდებია ბლოკნოტის ამოღება. “როცა დაინახა ჩემი სკეჩები, თქვა, ეს ტიპი საინეტერესოა, მოდი, მასთან ერთად ფეხსაცმელს გავეკეთებო,” იხსენებს ვესტი. 

ჰოდა, Yeezy-ც დაიბადა (რაც “Kanyeezy”-ს შემოკლებას წარმოადგენს, მეტსახელისა, რომელიც Jay-Z-მ ვესტს 2003 წლის სიმღერის შესავალში შეარქვა). ვესტის თქმით, პარკერმა ის Air  Jordan-ის დიზაინერ ტინკერ ჰეტფილდთან ერთად ერთ ოთახში მოათავსა, ხოლო 2008-ის შუა პერიოდში, ვესტი სცენაზე უკვე საკუთარი Air Yeezy-ების პროტოტიპით იდგა, ოფიციალურად კი ეს ფეხსაცმელი 2009-ში ჩაეშვა. ჰიპ-ჰოპსა და ფეხსაცმელს შორის კავშირი ლამის იმხელაა, რამხელაც ეს ჟანრი, დაწყებული Run-D.M.C.-ის Adidas-ებით 1980-იანების შუა პერიოდში, დამთავრებული Jay-Z-ისა და 50 Cent-ის Reebok-ებით ორი ათწლეულის შემდეგ. ვესტი პირველი იყო, ვინც ეს Nike-ით გააკეთა, თანაც, NBA-ს სუპერ-ვარასკვლავის დონეზე.  

საინვესტიციო ბანკ Cowen-ის ანალიტიკოსის, ჯონ კერნანის თქმით, “რასაც ის ფეხსაცმლის სამყაროში აკეთებს, ჭეშმარიტად სცდება ყველაფერს.”    

ზუსტად იმ დროს, როცა ვესტის ბიზნეს-ინტერესები იცვლებოდა, თავად მასშიც დაიწყო ცვლილებები. 2007-ში, არასწორად ჩატარებული კოსმეტიკური პროცედურის გამო, დედამისი გარდაიცვალა; შემდეგ წელს, ის საცოლეს, ალექსის ფაიფერს დასცილდა; ალბომ 808s and Heartbreak-ში რეპი მძლავრად ავტო-მელოდიზირებული სიმღერით ჩაანაცვლა.           

შემდეგ უცნაური რაღაც მოხდა. როცა 2009 წელს, MTV  VMA-ს ცერემონიაზე, ტეილორ სვიფტი ქალის საუკეთესო ვიდეოსთვის მიღებული ჯილდოს საპასუხოდ სამადლობელ სიტყვას ამბობდა, ვესტი სცენაზე ახტა, სვიფტს სიტყვა შეაწყვეტინა და დაიჟინა, ეს ჯილდო Beyoncé-ს უნდა აეღოო. ამ ეპიზოდმა იმდენად ინტენსიური უკურეაქცია გამოიწვია, რომ ვესტმა გააუქმა Lady Gaga-სთან ერთად დაგეგმილი ტურნე, იტალიაში გადავიდა და Fendi-ში დაიწყო სტაჟიორად მუშაობა. ევროპიდან დაბრუნებულმა, ღვთის უწინდელი ქება-დიდება საკუთარ სიწმინდეზე ხაზგასმით ჩაანაცვლა, განსაკუთრებით, 2013-ის ალბომ Yeezus-ში, სადაც მტკიცედ განაცხადა: “მე ვარ ღმერთი”. 

ვესტმა 2016 წელი Tweet-ების ნიაღვარით დაიწყო, რომლებშიც ამტკიცებდა, რომ $53 მილიონის ვალში იყო გადავრდნილი, მერე კი მარკ ცუკერბერგს $1 მილიარდი თხოვა თავისი შემოქმედებითი იდეების დასაფინანსებლად. ამას მისი ყველაზე ამბიციური ტურნე მოჰყვა, სადაც დამსწრეთაგან თორმეტი ფუტით მაღლა, პლატფორმაზე შემდგარი, გრძელი სიტყვით გამოდიოდა, ეს პლატფორმა კი ისე გამოიყურებოდა, გეგონება, “მესამე ხარისხის ახლო კონტაქტებიდან” ყოფილიყო აღებულიო. ტურნეს მსვლელობასთან ერთად, ვესტის ტირადები სულ უფრო უჩვეულო ხდებოდა. ერთ-ერთ გამოსვლაში, მაგალითად, მიანიშნა, Jay-Z, შესაძლოა, ცდილობდეს, ვინმეს ჩემი თავი მოაკლევინოსო. წელიწადი, ტურნეს გაუქმების შემდეგ, მისი ჰოსპიტალიზაციით დასრულდა. და სად გამოჩნდა მერე პირველად? პილიგრიმად Trump Tower-ში, სადაც არჩეულ პრეზიდენტთან ერთად პოზირებდა (და რითაც თავისი ძირეული აუდიტორიის დიდი ნაწილი გაანაწყენა). 

ასე იყო თუ ისე, მისი კარიერა გროტესკულობისადმი იმუნური გამოდგა. საკუთარი ინტენსიურობისთვის მას სარფიანი არხი აქვს ნაპოვნი, მით უფრო, როცა საქმე სპორტულ ფეხსაცმელზე მიდგება. Nike-ში გაყიდვები იფურჩქნებოდა, განსაკუთრებით Air Yeezy II-ის გამოშვების შემდეგ 2012-ში, მაგრამ ვესტმა იგრძნო, რომ კომპანია მას იმ რიგითი პოპულარული სახესავით ეპყრობოდა, მაინცდამაინც რომ არ აინტერესებთ საქმის არსი. “ეს პირველი ფეხსაცმელი იყო ისეთივე ხარისხის გავლენით, რაც Air  Jordan-ს ჰქონდა, და მე მეტის გაკეთება მსურდა,” ამბობს ვესტი. “ამ პერიოდში კი Nike-ი უარს ამბობდა პოპულარული ხალხისთვის მათი ფეხსაცმლიდან საავტორო ჰონორარის გადახდაზე” (Nike-მა უარი თქვა ამ სტატიისთვის კომენტარზე; ორი სხვა წყარო, რომელიც ხელშეკრულებას იცნობს, ასევე ამბობს, რომ ვესტს კომპანია საავტორო ჰონორარს არ უხდიდა).  

მაგრამ ვესტს მუდამ დაჟინებული ჰქონდა, თავად ყოფილიყო თავისი ბრენდის მფლობელი. ასე რომ, როცა Adidas-ის აღმასრულებლებმა შეიტყვეს მისი უკმაყოფილების შესახებ, ის გერმანიაში მიიპატიჟეს. სქუტერ ბრაუნის დახმარებით, რომელსაც იმავე პერიოდში ვესტის თანამენეჯერად დაეწყო მუშაობა, მათ უპრეცედენტო გარიგება დადეს: როგორც ამ გარიგებაში ჩახედული წყაროები გვეუბნებიან, საბითუმო გაყიდვებზე საავტორო ჰონორარი 15% იქნებოდა, რასაც მარკეტინგული ჰონორარიც დაემატებოდა. შედარებისთვის, გავრცელებული ცნობებით, მაიქლ ჯორდანი სადღაც 5%-მდე საავტორო წილს იღებს, თუმცა თავისი ბრენდის მფლობელი არ გახლავთ.     

2015-ში ვესტის “Yeezy Season”-ის დებიუტი შედგა – მისი ტანსაცმლის და ფეხსაცმლის პირველი ჩვენება. მომდევო წელს, თავისივე ახალი ალბომის ბერკეტად გამოყენებით, მან Madison Square Garden-ში როგორც სპორტული ფეხსაცმლის, ისე სიმღერის საპრეზენტაციო წვეულება მოაწყო, თანაც – ანშლანგით. მისი ყველაზე დიდი ჰიტი 350-ია. თავისი დიზაინერული ალღოსა და Adidas-ის Boost-ტექნოლოგიის (რომელსაც პრეტენზია აქვს, მორბენლებს ეფექტიანად დაუბრუნოს დახარჯული ენერგია) გაწყვილებით, ვესტმა სპორტული ფეხსაცმელი მაღალ მოდად გარდაქმნა, ხოლოდ დაბალყელიანი სპორტული ფეხსაცმელი კვლავ მოდურ მოვლენად აქცია. 350-ის აგრესიულმა გარეგნობამ (ისეა წინ გადახრილი, გეგონება ნებისმიერი მეტოქისთვის წინააღმდეგობის გასაწევად არის მზადო) უეცრად უამრავი ადამიანის ყურადღება მიიზიდა, რომლებიც მოწადინებულნი იყვნენ, სარბენ ფეხსაცმელში $200 გადაეხადათ. Adidas-ს Yeezy-ს რიცხვები არასდროს გამოუქვეყნებია, მაგრამ 2016-ში, ვესტს, ნებით თუ უნებურად, წამოცდა, რომ 40,000 (!) წყვილი რამდენიმე წუთში იყიდებოდა.  

აქ მის ცოლსაც (ვესტი და კარდაშიანი 2014 წელს ფლორენციაში დაქორწინდნენ) არ უნდა დავუკრაგოთ ღვაწლი, რომელმაც ვესტს თავისი ოჯახის სოციალური მედიის ასობით მილიონი მიმდევრისკენ (ისინი რეგულარულად ატარებენ Yeezy-ს ფეხსაცმელსა და ტანსაცმელს) გაუხსნა კარი. 

ეს პარტნიორობა ორმხირივია: კარდაშიანი ყველაფერზე ეკითხება ქმარს აზრს, დაწყებული მობილური თამაშით, Kim  Kardashian: Hollywood-ით, დამთავრებული მისი ბოლოდროინდელი ე.წ. ფორმის მიმცემი საცვლების ხაზით. როცა ცოლმა ქმარს ამ ხაზის მოდელები აჩვენა, ვესტი არ მოხიბლულა, დაჯდა და ახალი ლოგოს შექმნას შეუდგა, მერე კი პირადად შეუცვალა დიზაინი მთელ შეფუთვას. ნებისმერ შემთხვევაში, ვესტის რჩევა მხოლოდ შემოქმედებითი ნაწილით როდი შემოიფარგლება. “მასწავლა, რომ, როგორც პიროვნება, არასდროს არ უნდა წავიდე კომპრომისზე და მფლობელობაზე რეალურად განვაცხადო პრეტენზია,” ამბობს კარდაშიან ვესტი, რომელიც ჩვენს პოპულარულთა 100-ეულში 26-ე ადგილს იკავებს. “აქამდე საპირისპიროდ ვიქცეოდი. ჩემს სახელს ნებისმიერი რამისთვის ვისროდი.”  

რთული გრაფიკების გათვალისწინებით, კარდაშიან ვესტი და ვესტი ხშირად უზიარებენ ერთმანეთს იდეებს ღამით, რასაც ვესტი “რეალური კრიმინალური ისტორიების ძილისპირულს” უწოდებს; ამ “შეხვედრებზე” კარდაშიან ვესტი პოლიციურ დრამას უყურებს, ვესტი კი მას თავის მოდელებს აჩვენებს. 

ვესტის თქმით, “ღვთის წყალობით, დალოცვილი ვარ, რომ მარკ ცუკერბერგისთვის Tweet-ების წერიდან” და მისთვის ფულის თხოვნიდან, დღეს იქ არის, სადაც არის. დღეს უკვე საკუთარ თავზე ცოტა გაცინებაც შეუძლია. “ხალხი საგონებელში იყო, რატომ წერდი მარკ ცუკერგებერგს Tweet-ებსო, მე კი ვპასუხობდი, ხმები მომივიდა, რომ უცხოპლანეტელებს ეძებდა-მეთქი”. 

რაც შეეხებათ უცხოპლანეტელებს. თუ მართლა გაინტერესებთ, როგორ მუშაობს ვესტის შემოქმედებითი პროცესი, მაშინ “ვარსკვლავური ომების” პლანეტა ტატუინზე დაგჭირდებათ გამგზავრება. ლუკ სკაივოკერის ბავშვობის სახლით შთაგონებული, ვესტი გუნდთან ერთად წინასწარ დამზადებული ქარხნული შენობების დიზაინზე მუშაობს, რომელთაც ტატუინისავით კუშტი ესთეტიკა აქვთ, მიზანი კი მათი დაბალ-შემოსავლიან საცოხვრებელ ერთეულებად ქცევაა. შუაღამეს რომ გადასცდება, ვესტი თავის Lamborghini-ში მსვამს და დაუგეგმავ ვიზიტზე მივყავარ. საოცრად სწრაფად მიმავალ მანქანას ბახი აზანზარებს. სადღაც 15 წუთში, ტყეში მდებარე ბუნგალოსთან მივდივართ.  

ბუნგალოში ოთხ-კაციანი გუნდი ჯერ კიდევ ენერგიულად მუშაობს Apple-ის ლეპტოპებთან. მომდევნო დილას სან ფრანცისკოში პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრა უნდა ჰქონდეთ. მათ გარშემო კედლები ჩანაწერებითა და სკეჩებით არის დაფარული. ვესტი დაქირავებულებს ზურგიდან უყურებს და მითითებს იძლევა, რომ აქ ფონტი შეცვალონ, იქ სურათი გაამკვეთრონ უფრო და ა.შ. 

“ხალხს უბიძგებს, საუკეთესოდ აკეთონ საქმე და მეტიც, მათ კომფორტის ზონიდან გასვლისკენ უბიძგებს, რაც მართლა ეხმარება ადამიანებს ზრდაში,” ამბობს კარდაშიან ვესტი და ვესტის ურთიერთობას იხმობს Louis Vuitton-ის დიზაინერსა და ლეიბლ Off-White-ის დამფუძნებელ ვირჯილ აბლოსთან. 

სადღაც ნახევარი საათის შემდეგ, ვესტი კმაყოფილი ჩანს პრეზენტაციის მდგომარეობით და უკანა კარისკენ მიმითეთებს. ცივ, უვარსკვლავო ღამეში გავდივართ. მივყვები ტალახიან გზაზე, უფრო ღრმად ტყეში. რამდენიმე წუთის შემდეგ, ღია სივრცეში ჩერდება და უსიტყვოდ ზემოთ იყურება. იქვე, რაღაც უშველებლისა და შორეულის ბუნდოვანი მნიშვნელოვნებით მოსილი, სამი ნაგებობა დგას, რომლებიც ხის კოსმოსური ხომალდების ჩონჩხებს ჩამოგვანან. ესენი მისი კონცეფციის ფიზიკური პროტოტიებია, ყოველი მათგანი წაგრძალებული და ათობით ფუტის სიმაღლის. ვესტს თითოეულში შევყავარ.   

მეუბნება, რომ მათი გამოყენება საცხოვრებელ სირცეებად არის შესაძლებელი უსახლკაროებისთვის, სავარაუდოდ, მიწაში ჩაფლული სახით, შუქი რომ ზემოდან დაეცეს. რამდენიმე წუთი ხმის ამოუღებლად ვდგავართ და ამ კონსტრუქციებს შევქცერით, მერე კი მის Lamborghini-ში ვსხდებით, რომელიც სიბნელეს შერევია და ძლივსღა ჩანს, და ღამის გზაზე მივექანებით. 

იმ კომპანიის კვალობაზე, რომელიც Lamborghini-თ შთაგონებულ სპორტულ ფეხსაცმელს ამზადებს, Yeezy-ს სათავო ოფისი თვალშისაცემად არაფრითაა გამორჩეული. ეს ლურჯ-ნაცრისფერი აგურებიანი შენობა კალაბასასის მთავარი გზის გადაღმა მდებარეობს. შორს არაა იმ ადგილიდან, სადაც თავის ბოლოდროინდელ “კვირის მსახურებებს” მასპინძლობს – შეკრებებს, სადაც პოპულარული სიმღერები ქრისტიანულ თემებზეა მორგებული სახარების ქოროებისა და სახელგანთქმული სტუმრების მიერ, დაწყებული კეტი პერით, დეივ ჩაპელით დამთავრებული.  

როცა სან ფრანცისკოდან დაბრუნებულ ვესტს შევხვდი, მას ინვესტორებთან შეხვედრა არც კი უხსენებია… უკვე რაღაც სხვაზე იყო მისი გონება ფიქსირებული. მისი ოფისის უკან, ავტოსადგომის ტერიტორიაზე, ვესტის Adidas-ში გამოვლენილი შემოქმედებითი აქტივობის ჯამს ვხედავ, თანაც, კონცენტრირებული წრეების სახით დალაგებულს: შუადღის მწველი მზის ქვეშ მოთავსებულ ფეხსაცმლის პროროტიპთა საგანძურს შორისაა 350-ის ვარიანტები, ერთგვარ ცისარტყელას რომ ქმნიან თავისი წითელი ფორთოხლისა თუ ნაღების ფერებით; მათ გვერდით კი რამდენიმე ჯერ არ-გამოშვებული მარგალიტია, მაგალითად, თითქმის სამკუთხა კალათბურთის ფეხსაცმელი (რომელსაც, როგორც ვესტი ლამის სიამაყით აღნიშნავს, ჯერაც უნდა მისცეს ნებართვა NBA-მ… ამით თითქოს იმ ხანას ეხმიანება, როცა სეხნია ფეხსაცმლის ტარების გამო, ლიგამ მაიქლ ჯორდანი დააჯარიმა, რადგან ეს ფეხსაცმელი უნიფორმის წესებს არღვევდა).    

ვესტი 1050 Vortex Boot-ს იღებს, რომლის დებიუტი, პროტოტიპის ფორმატში, 2016 წელს, Madison Square Garden-ში შედგა. “ეს ხაზი ამ წუთას დავინახე,” ამბობს და ლანჩაზე მიკრულ ლურჯ სკოჩს მაჩვენებს. “ეს ფეხსაცმლის ნაწილად უნდა ვაქციო. შიგნით ლურჯი იქნება. დანარჩენი თავისით გამოჩნდება”. 

ავსტოსადგომის ტერიტორიაზე, ერთი შეხედვით, სადღაც 1,000 წყვილი ალაგია, მაგრამ როცა ვესტს ზუსტი რაოდენობის შესახებ ვეკითხები, შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს იმ აზრმაც კი გაანაწყენა, მისი ქმნილებების ციფრებზე დაყვანა რომ სცადა ვინმემ. “სიყვარულს ვერ დაითვლი,” განმარტავს ის. “სიურპრიზად ბებიისგან ნამცხვარს თუ მიიღებ და არ იცოდი, რომ ის ქალაქში იყო, ხომ არ დაუწყებ ცომის ან, კონკრეტულად, ბეზეს შესახებ კითხვების დასმას?”  

ბებია? 

“ესენი დაუთვლელი სიხარულის მოსატანად იქმნება,” განაგრძნობს ის. “ამდენად, მთხოვო, რომ ეს ყველაფერი როგორღაც რიცხვებში გადავთარგმნო, იგივეა, რაც ბებიას ნამცხვრის ზუსტი რეცეპტი ჰკითხო.” 

ვესტის მტკიცებით, ის “რიცხვების ტიპი” არ არის. მაგრამ გადაღუნვის ისეთ წერტილს მიაღწია, რომ ვინმემ Yeezy-ს ორბიტაზე ეს საქმე უნდა იკისროს. მისმა ბრენდმა მიმდევრები შეზღუდული ოდენობით გამოშვებული ფეხსაცმლითა და სიურპრიზებით შეიძინია – პრინციპში, ისევე, როგორც Air Jordan-მა. ეს უკანასკნელი, NPD-ის სავაჭრო ანალიტიკოსის მეტ პაუელის თანახმად, ბოლო წლებში, ცოტათი კარგავს თავის ექსკლუზიურობას იმის ფონზე, რომ Nike-მა თავისი საკულტო ქვებრენდით ბიზნესის სხვა სფეროებში შემცირებულ მოცულობათა შევსება დაიწყო. “პოპულარული ხალხის პროდუქტებს კი ასე კარგად სიმწირე ყიდის,” ამბობს პაუელი. “ამდენად, თუ ძალიან ფართოდ ხელმისაწვდომს გახდიან, ვფიქრობ, ეს ბიზნესმოდელს გააფუჭებს.”. 

როგორც ჩანს, Adidas-ი ამას აცნობიერებს. “ჩვენ განვაგრძობთ მოცულობათა ძალიან დისციპლინირებულ განკარგვას ისე, რომ 2019-ში Yeezy-ს გაყიდვებმა Adidas-ის ნავარაუდევი ჯამური გაყიდვების ზრდის მნიშვნელოვანი არ წილი არ შეადგინოს,” ამბობს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი კასპერ რორსტედი. “იმიტომ კი არა, რომ ბრენდის ტემპერატურა ეცემა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ დისციპლინური მიდგომა გვაქვს მოცულობებისა და პროდუქტთა ცხოვრების ციკლების მართვის მიმართ”. 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას არ სურს, გაყიდვებზე პრესტიჟის ხარჯზე ინადიროს, და, ნაცვლად ამისა, განაგრძობს ცხელ-ცხელი მითქმა-მოთქმის ატეხვას ახალ-ახალი სიურპრიზებით. სიბნელეში მბრჭყვინავი 350 v2-ები, მაისში რომ გამოვიდა, უმალვე ერთიანად გაიყიდა, არადა, ზოგ ქვეყანაში, დილის 6 საათი იდგა მათი გამოსვლის მომენტში. ივნისში, მოსკოვში, მომხმარებლები კვარტლებზე გადაჭიმულ რიგში ჩადგნენ, რათა იმ “ამრეკლავი” სპორტული ფეხსაცმლის ვერსია ჩაეგდოთ ხელში, რომლის დებიუტი აშშ-ში უკვე შემდგარიყო. დამუშავების პროცესში კიდევ უფრო არატრადიციული კონცეფციებია, მაგალითად, წყალმცენარისაგან დამზადებული ფეხსაცმელი, რომელიც ნაგავსაყრელზე სრულ ბიოდეგრადაციას განიცდის დროთა განმავლობაში… ან კი მყისვე, თუ მას კონკრეტული ტიპის ბაქტერიას შეაშხურებთ.  

და რაც ალბათ ყველაზე შთამბეჭდავია, Yeezy-ს 100%-ს კვლავაც ვესტი ფლობს. ამიტომაცაა, რომ მისი ქონება არაერთხელ ყოფილა ას-მილიონიან რადიუსში, თანაც, გაცილებით ადრეულ ასაკში, ვიდრე ჯორდანისა. Yeezy-ს წარმატების გათვალისწინებით, ვესტი, რაღაც მომენტში, NBA-ს ლეგენდას შეურთდება (ცოლის და კაილი ჯენერსა და მენტორ Jay-Z-სთან ერთად) და მილიარდერის სტატუსს მოიპოვებს, მიუხედავად იმისა, რომ ყოვლად არათავმდაბალი ვესტის მტკიცებით, ის უკვე იქაა. და ბევრად წინ. “ჩვენ წინ გვაქვს მთელი იმ სილამაზის ხილვის ბედნიერება, რაც ამ პარტნიორობით იქნება გამოხატული,” ამბობს ვესტი. “ჯერ სინათლის მხოლოდ მცირედი კაშკაში თუ შევიგრძენით“. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *