შესავლის ნაცვლად… ანუ 9 წლის წინ…
ეს ამბავი თითქოს გუშინ მოხდა… 9 წელი ისტორიული მოცემულობისთვის დიდი დრო არ არის და გახმაურებული ისტორიებიც ყველას კარგად გვახსოვს, განსაკუთრებით იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ამ ისტორიებს აქტიურად ვაშუქებდით…
ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციაში მოსვლის შესახებ განცხადება პირველად 2011 წლის 5 ოქტომბერს გააკეთა. ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ მმართველი პარტიის მხრიდან დაუყოვნებლივ დაიწყო. 11 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილს მოულოდნელად მოქალაქეობა შეუწყდა.
თემის ირგვლივ ატეხილი ხმაურის შემდეგ, პარლამენტმა ცვლილებები მიიღო. მმართველი პარტია არც კი მალავდა, რომ ცვლილებები ივანიშვილს მოარგო.
ბრძოლის იარაღად საკანონმდებლო ცვლილებების ციკლიც იქცა. 28 ოქტომბერს “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონსა” და საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შევიდა, რომელიც სპეციალურად “ქართუ ბანკისთვის“ მიიღეს და მხოლოდ მასზე გავრცელდა.
მიუხედავად “ქართუს“ პროტესტისა, გამოძიება ამ საკითხით მხოლოდ არჩევნების შემდეგ დაინტერესდა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ “ბანკი ქართუს“ გაკოტრების სქემა გაშიფრა.
2012 წლის აპრილში კანონი ისევ შეიცვალა და პირვანდელი სახე დაიბრუნა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ცვლილებების შედეგად, ბანკმა 14 მილიონ დოლარზე მეტი იზარალა.
გამოძიების მიხედვით, დანაშაულებრივი სქემა “ბანკი ქართუს” გაკოტრებისკენ იყო მიმართული. სქემაში კი შეთანხმებულად, ორგანიზებულად მოქმედებდნენ ბიზნესმენები და ყოფილი ხელისუფლების სხვადასხვა რგოლი – კერძოდ, საქართველოს პარლამენტი, იუსტიციის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები, მათში შემავალი სტრუქტურებითა და ქვედანაყოფებით.
სქემაში ჩართული ადამიანების ნაწილმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და დანაშაულებრივი სქემის შესახებ ჩვენება მისცა. 2013 წლის 21 დეკემბერს კი კომერციულმა ბანკებმა “ქართუ ბანკს“ ერთწლიანი დაგვიანებით მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა მხოლოდ არჩევნების შემდეგ, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით აღუდგა.
კანონი, რომელიც ერთი ადამიანისთვის და ერთი კომპანიისთვის მიიღეს, დიდხანს დარჩა „ქართული ოცნების’ მხრიდან პოლიტიკური ოპონენტებისთვის წამოსაძახებელ თემად.
“ქართუს” წინააღმდეგ აგორებული კამპანია კი შეფასდა როგორც ბიზნესზე ზეწოლა და პროკურატურაში მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა…
ეს ისე, შესავლის ნაცვლად…
მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა და “ქართული ოცნების“ არც მომხრეებს და არც ოპონენტებს დავიწყებიათ ის მთავარი ლოზუნგი, რითაც 2012 წელს ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლება მოვიდა – თავისუფალი ბიზნესგარემო და ბიზნესი სახელისუფლებო ზეწოლის გარეშე.
ამიტომ, კერძო საკუთრებაში ნებისმიერი ფორმით ჩარევის დროს, ცხადია ხელისუფლებას იმას წამოაძახებენ, რასაც თავად აძახებდნენ სხვებს…
ერთ-ერთი ასეთი წამოსაძახებელი ამბავი კი ბოლო დროს ყველაზე სკანდალური და გახმაურებული კანონპროექტი გახლდათ, რომელიც “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებდა.
ჯერ “ქართული ოცნების“ რიგებში მყოფი და შემდეგ ოპოზიციაში გადასული ყოფილი პარლამენტარი, ლევან კობერიძე ამბობს, რომ პარლამენტი ნოტარიუსად იქცა…
ლევან კობერიძე: “აიპრესთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ამ კანონის მისაღებად უპრეცედენტო მობილიზაცია გამოცხადდა პარლამენტში და საკანონმდებლო ორგანომ დაუშვა ყველა გამონაკლისი, რისი დაშვებაც შეიძლებოდა.
“სხდომებზე ვიხილავდით კანონპროექტს, რომელიც დარიგებულიც კი არ იყო და ცვლილებების ზეპირად მოსმენა გვიწევდა დეპუტებს. ეს იყო არა საპარლამენტო განხილვა, არამედ პარლამენტის როგორც ინსტიტუციის შაპიტოს ცირკად გადაქცევა. დარწმუნებული ვარ, უმრავლესობის იმ წევრებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ კანონს, არც კი იციან რას დაუჭირეს მხარი. სამწუხაროა, რომ სააკშვილის რეჟიმის დროინდელი “ნოტარიუსი” პარლამენტის მუშაობა ოცნებამ მისი მმართველობის ბოლო წლებში სრულად გადმოაკოპირა“.
კანონპროექტი, რომელსაც სახელად ერქვა მთავრობის და სინამდვილეში იყო კომუნიკაცების კომისიის… ანუ როგორ მოატყუეს ოპერატორები…
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (“კომისია“) 2019 წლის 17 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება (N გ-19-18/605), რომლითაც კავკასუს ონლაინი ცნო სამართალდამრღვევად. კომისიამ სამართალდარღვევად მიიჩნია უცხოურ საწარმო “ნელგადო ლიმითედში“ ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ კუთვნილი 49% წილის გასხვისება კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე. გადაწყვეტილებით კომისიამ “კავკასუს ონლაინი“ წერილობით გააფრთხილა და დაავალდებულა ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ წილის გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა (“ნასყიდობის შებრუნება“).
“კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირექტორი, რევაზ კობალაძე “აიპრესთან“ საუბრისას აცხადებს, რომ იმის შესრულება, რასაც მათგან ითხოვდნენ შეუძლებელი იყო.
რევაზ კოპალაძე: “კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებელი კომპანიები (ION და Nelgado) დღემდე არ შეცვლილა, შეიცვალა ერთ-ერთი კომპანიის ბოლო ბენეფიციარი, ფიზიკური პირი, ინვესტიცია განხორციელდა უმსხვილესი საერთაშორისო კორპორაცია NEQSOL Holding-ის მიერ, რომლის ბოლო ბენეფიციარს წარმოადგენს აზერბაიჯანელი ბიზნესმენი ნასიბ ჰასანოვი. წილის მფლობელი კომპანიები დაფუძნებულები არიან სხვა ქვეყნის იურისდიქციაში, ამიტომ „კავკასუს ონლაინის“ ხელმძღვანელობას უბრალოდ არ აქვს ინფორმაცია სხვა ქვეყანაში წილების გასხვისების შესახებ. შესაბამისად, „კავკასუს ონლაინი“ ვერ შეძლებდა მარეგულირებელი კომისიისთვის შეტყობინებას.
2019 წლის 5 აგვისტოს, როცა მარეგულირებელმა კომისიამ ოფიციალურად მოგვთხოვა გაგვეახლებინა ინფორმაცია აქციონერების შესახებ, იმავე თვეს მივაწოდეთ კომისიას ინფორმაცია, რის საფუძველზეც მარეგულირებელმა დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ჩვენი სანქცირების შესახებ.“
მას შემდეგ, რაც კომპანია სამჯერ დააჯარიმეს, ბოლო ეტაპად რჩებოდა ლიცენზიის გაუქმება, რაც ბაზრისთვის იქნებოდა სრული კატასტროფა… მიუხედავად იმისა, რომ პარალელურ რეჟიმში სასამართლო დავები მიმდინარეობდა, კომუნიკაციების კომისია არ დაელოდა მათ გადაწყვეტილებას და მოიფიქრეს სპეციალური საკანონმდებლო ცვლილებით მოეგვარებინათ ეს საკითხი.
ამის შემდეგ: სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მფლობელმა ავტორიზებულმა პირებმა, რომელთა ინტერესებზეც პირდაპირ ახდენდა გავლენას აღნიშნული კანონპროექტი, საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ მხოლოდ 2020 წლის 1 ივლისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან ონლაინ შეხვედრიდან შეიტყვეს. შეხვედრისას, კომისიის წევრმა, ვახტანგ აბაშიძემ მათ უთხრა, რომ მთავრობის და არა კომისიის ინიციატივით მომზადებულია კანონპროექტი, რომელიც ეხება კრიტიკული ინფრასტრუქტურის საკითხს და ითვალისწინებს კომისიისთვის უფლებამოსილების მინიჭებას განსაზღვრულ შემთხვევებში დანიშნოს ავტორიზებული პირისთვის სპეციალური მმართველი, ასევე, განახორციელოს აუქციონის წესით ავტორიზებული პირის წილის გასხვისება.
წერილში, რომლითაც ავტორიზებულმა პირებმა მთავრობს მიმართეს, ვკითხულობთ:
მიუხედავად შეხვედრისას დასმული კითხვებისა და მოთხოვნისა, კომისიას ჩვენთვის გაეზიარებინა კანონპროექტი და მასთან დაკავშირებული სამუშაო მასალები, კომისიისგან მივიღეთ უარი იმ მოტივით, რომ ვინაიდან კომისია თავად არ იყო საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორი, არ ფლობდა კანონპროექტის საბოლოო რედაქციას და არც რაიმე სხვა დამატებით ინფორმაციას მასთან დაკავშირებით. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრისას კომისიისგან მივიღეთ საჯარო დაპირება, რომ დაინტერესებულ მხარეებს მოგვეცემოდა შესაძლებლობა გავცნობოდით კანონპროექტს, ინტენსიურ რეჟიმში წარიმართებოდა განხილვები და მოსამზადებელი სამუშაოები.
სინამდვილეში კი მოხდა რა? 2020 წლის 6 ივლისს, შეხვედრიდან ზუსტად მე-6 დღეს, საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე კანონპროექტი საჯაროდ გამოქვეყნდა. გამოქვეყნებამდე კი, არცერთ ავტორიზებულ პირს არ მისცემია შესაძლებლობა გაცნობოდა კანონპროქტის სამუშაო ვერსიას, საკუთარი მოსაზრებები გაეზიარებინა კანონპროექტის ინიციატორისთვის და მის შემუშავებაში ჩართული უწყებებისათვის.
უფრო მეტიც, პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში, მოსმენაზე კანონპროექტი წარადგინა არა მთავრობამ, არამედ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა.
მთავრობისა და პრემიერ გახარიას მისამართით მიწერილ წერილში, რომელსაც ხელს 8 უმსხვილესი ოპერატორი აწერს, ვკითხულობთ:
განსაკუთრებით ყურადსაღები და სამწუხაროა ეს გარემოება, როდესაც:
(ა) საჯაროდ გამოქვეყნებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის ავტორად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად მითითებულია კომისია;
(ბ) ჩვენთვის მხოლოდ 6 ივლისს გახდა ცნობილი, რომ კომისიას არათუ არ მიუწვდებოდა ხელი კანონპროექტზე, არამედ თავად იყო საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი;
(გ) სწორედ კომისიამ წარადგინა 2020 წლის 25 ივნისს მთავრობის სხდომაზე კანონპროქტი და ასევე, კომისიის თავმჯდომარე და წევრი წარადგენენ კანონპროექტს პარლამენტის საკომიტეტო სხდომებზე;
(დ) 2020 წლის 25 ივნისს სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ “მოწონებულ იქნა კანონპროექტები“ და მთავრობამ ამავე სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტში წარდგინების შესახებ, რაც ადასტურებს იმას, რომ კანონპროექტის საბოლოო რედაქცია ჯერ-კიდევ 2020 წლის 25 ივნისს იყო კომისიისთვის ხელმისაწვდომი;
(ე) საქართველოს მთავრობამ კომისიის დასაბუთებული მოთხოვნით (კომისიის წერილი გ-20-03/2048, 24/06/2020) და წარდგინებით მიიღო განკარგულება (N 1102, 1/07/2020) კანონპროექტებთან დაკავშირებით რეგულირების ზეგავლენის შეფასების ჩატარების და კანონპროექტების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე გამოქვეყნების ვალდებულებებისგან გათავისუფლების შესახებ, მაშინ როდესაც შეხვედრისას კომისიამ ავტორიზებულ პირებს გაგვიჩინა მოლოდინი, რომ ასეთი დოკუმენტის მიღების/გაცნობის შესაძლებლობა გვექნებოდა კანონპროექტის სამუშაო განხილვებისას.
ფაქტია, ოპერატორები მოატყუეს. ამ ფაქტს საიას თავმჯდომარე, სულხან სალაძე ასეთ შეფასებას აძლევს: ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება, მაშინ როცა არ იყო შეფასების დოკუმენტი მომზადებული, არ იყო სწორი ნაბიჯი. ვამბობდით მაშინაც და ვამბობთ ახლაც. ეს კანონპროექტი არ ირიცხებოდა საქართველოს მთავრობის მიერ დასაინიცირებელ კანონპროექტების ჩამონათვალში, რომელიც საგაზაფხულო სესიაზე უნდა გასულიყო. რატომ გაჩნდა ასე სწრაფად და რა მიზეზებით, ამაზე არგუმენტირებული პასუხი სამწუხაროდ ვერ მოვისმინეთ…
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელი მამუკა ანდღულაძე აცხადებს, რომ პროცესი თავიდანვე არ იყო გამჭვირვალე:
“თავად პროცესი არ იყო გამჭვირვალე თავიდან, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ დაინტერესებული მხარეები ჩართული არ იყვნენ, პირველ რიგში ისინი, ვისაც ეს ეხებოდა. ოპერატორებმა არ იცოდნენ მთავრობას რა კანონპროექტი შეჰქონდა. მერე გაირკვა, რომ მთავრობის სახელით კი შემოვიდა, მაგრამ რეალურად მომხსენებელი კომუნიკაციების კომისია იყო. საჯარო დისკუსიაში კომისია ღიად ნაკლებად საუბრობს, რომ ეს “კავკასუს ონლაინის“ გამო გააკეთეს, თუმცა, აღნიშნული პროცესი “კავკასუს ონლაინთან“ დაკავშირებით, რამდენიმე თვით ადრე იყო დაწყებული.
ეს სერიოზული საკითხი იყო, ამიტომ, პირველ რიგში, სახელმწიფო ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, მათ შორის კომუნიკაციების კომისია და ეკონომიკის სამინისტრო. თუკი, კანონმდებლობის ანალიზს აკეთებ და ფიქრობ, რომ ეს პრობლემატური საკითხია, რატომ არ ხვდება არც წლიურ ანგარიშში და არც საზოგადოებას ესაუბრები ამ პრობლემის შესახებ?!
საკითხი ნამდვილად სერიოზული გახლავთ, რადგან კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის კონტროლის საკმაოდ სახიფათო მექანიზმს შეიცავს, რაც გულისხმობს კომპანიაში დროებითი, სპეციალური მმართველის შეყვანას
უპრეცედენტო საპარლამენტო მობილიზაცია და კომიტეტის სხდომები ღამის 02:00 საათამდე
ტერმინი “გაცხოველებული მუშაობა“ ალბათ, ყველაზე მეტად, სწორედ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს შეესაბამება. მართალია დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია ხვდებოდა, რასთანაც ჰქონდა საქმე და ცოტა არ იყოს, ნერვიულობდა, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, კომიტეტის სხდომები ღამის 2 საათამდე გაეგრძელებინა და ის შედეგი დაედო, რასაც მისგან ითხოვდნენ…
ლევან კობერიძე: ეს იყო არა მხოლოდ გამონაკლისი შემთხვევა, არამედ ოცნების მმართველობის მთელს 8 წლიან პერიოდში, პარლამენტში არ ახსენდებათ მსგავსი პრეცენდეტი – როდესაც სხდომები დღე და ღამე იყო გადაბმული რამდენიმე დღის განმავლობაში. გამიხარდებოდა ეს რომ ყოფილიყო მთელი მეცხრე მოწვევის პარლამენტის ჩვეული სამუშაო რიტმი 🙂 ფაქტია ეს იყო პარტიული დავალება და პარლამენტს და კომიტეტს პირდაპირ დაევალა ამ კანონპროექტის აუცილებლად არათუ დაჩქარებულად, არამედ ფაქტობრივად, ბიზნეს სექტორთან, ექსპერტებთან და დეპუტატებთან განხილვის გარეშეც კი…“
დარგობრივი კომიტეტის ის რამდენიმე დღე, მედიის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა, რადგან, კომიტეტის სხდომაზე ისეთმა ბიზნესმენებმაც კი გამოხატეს პროტესტი, რომელთა მხრიდან ამას, მათი ცხოვრების სტილიდან და ხელისუფლებასთან ურთიერთობიდან გამომდინარე, არავინ ელოდა…
მათ შორის გახლდათ გია ჯოხთაბერიძე, კომპანია “მაგთიკომის” მფლობელი პარლამენტის დარეგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურს დაუპირისპირდა.
“ჩემს განცხადებას არავითარ პარტიული მიკერძოებასთან არა აქვს საქმე. პარტიულად დამოუკიდებელი ვარ, არცერთ პარტიაში არ ვყოფილვარ და არ ვიქნები მომავალშიც. ჩემი კრიტიკა არის მხოლოდ და მხოლოდ ამ კანონის, მარეგულირებელი კომისიისა და მათი წევრების მიმართ.
ორმა უდიდესმა ტრასნატლანტიკურმა კომპანიამ მიატოვა საქართველო და წავიდა საქართველოდან, აი, როგორც იქცევით, ამის შედეგად მივიღეთ ეს. რატომ მივიღეთ ეს იცით? აღარ უნდა ხალხს ინვესტირების გაკეთება, ორი უდიდესი კომპანია, ერთი, რომელიც შეიწირა სილქნეტმა, კიდევ კარგი, ჯგუფი აღმოჩნდა ქართული, მეორე კომპანიას, ბილაინს უნდა აქედან გასვლა, იმიტომ, რომ თქვენი მუშაობის შედეგად აღარ უნდა აქ ყოფნა, ვერ ყიდის, მყიდველი ვერ იპოვა”, – განაცხადა ჯოხთაბერიძემ.
მან პირდაპირ უთხრა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს, რომ კანონს იღებდნენ კონკრეტულად “კავკასუს ონლაინისთვის“.
გია ჯოხთაბერიძე: 1 წელი და 4 თვეა “კავკასუს ონლაინში” წილები შეიცვალა, კომპანია განაგრძობს ჩვეულებრივ ფუნქციონირებას და დაიმატა კიდევ საქართველოში აბონენტები, კორონავიურსსაც გაუძლო და არაფერი არ მომხდარა დამანგრეველი საქართველოსათვის. არის თუ არა კავკაზუს ონლაინი კრიტიკული ინფრაქსტრუქტურა? რამდენი დამოუკიდებელი კაბელი შემოდის საქართველოში და საერთოდ, ეს კრიტიკული ინფრასტრუქტურა ეხება თუ არა “კავკაზუს ონლაინს“ ?!
კახა ბექაურს დაუპირისპირდა კიდევ ერთი ბიზნესმენი, რომელსაც საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვს ხელისუფლებასთან. ირაკლი რუხაძემ კანონპროექტს სრული კრეტინიზმი, სისულელე და სიგიჟე უწოდა.
ირაკლი რუხაძე: რაც მეტს გვიყვებით, მით უფრო მეტი კითხვა გვიჩნდება. მე ვარ „მაგთის“ მოწილე, მე და გიას(ჯოხთაბერიძეს) ურთიერთობა გვაქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ. ძალიან დიდი ხელშეკრულება გვაქვს, რაც არეგულირებს ჩვენს ურთიერთობას, იმას, თუ როგორ ვარ მე მინორიტარი და ის მაჟორიტარი ფლობელი “მაგთიკომში“ საქართველოში. აი გიამ დაარღვია კანონი, ზიანი მიაყენა საქართველოს საზოგადოებივ უსაფრთხოებას. არ ვიცი ეს რას ნიშნავს, მაგრამ შენ ჩათვალე, რომ მიაყენა. გიამ გაყიდა ეს წილი და ვერ ვარევერსებთ. ახლა რას აკეთებთ? გიას 54%-იან წილს ყიდით საქართველოში? მე არ გაგაჩერებთ არასდროს, ყველგან გიჩივლებთ.
მე მაქვს მასთან ხელშეკრულება ამერიკაში და ამ წილში სხვა ვინმეს ვერ შემომიყვანთ? ამერიკულ ხელშეკრულებას დამიდებს ვინმე? ეს არის სიგიჟე, სისულელე, კრეტინიზმი!
კომუნიკაციების კომიიის თავმჯდომარე, კახი ბექაური ამტკიცებდა, რომ ეს ყველაფერი ქვეყნის საკეთილდღეოდ და უსაფრთხოებისთვის კეთდებოდა:
კახი ბექაური: კანონპროექტი თავიდანვე ემსახურებოდა, რომ კომუნიკაციების კომისიას მთავრობასთან ერთად ელექტრონულ კომუნიკაციებში შემოეტანა ცვლილებები, რომელიც გულისხმობდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის მქონე კომპანიებისთვის, მათ მიერ კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფოსთვის დამატებით ეფექტიანი მექანიზმების შექმნას. როდესაც კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე გვაქვს საუბარი, ამ დროს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა შემოდის, მარტო კერძო ბიზნესი არ არის. ვიცით, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურა დიდ გავლენას ახდენს თვითონ ბაზარზე, მაგრამ ამავდროულად ძალიან კრიტიკულია ეს მომხმარელისთვის. მომხმარებლის ინტერესებია დასაცავი, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მქონე კომპანიებმა, მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორებმა საკუთარ ძალაუფლება ბოროტად არ გამოიყენონ.
კომიტეტის თავმჯდომარის საბედისწერო წამოცდენა….ანუ კანონი ერთი კომპანიისთვის
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის მტკიცება იმაზე, რომ მათი მთავარი საზრუნავი მომხმარებლის ინტერესის დაცვა იყო, სულ “წყალში ჩაყარა“ დარგობრივი ეკონიმიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ, თავის გამოსვლაში მან პირდაპირ თქვა, რომ ეს კანონი კონკრეტულად ერთი კომპანიისთვის, “კავკასუს ონლაინისთვის“ მიიღეს.
2020 წლის 17 ივლისს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, არსებული საკანონმდებლო ჩარჩო არ აღმოჩნდა საკმარისი კომპანიის ქმედებების აღსაკვეთად, ამიტომაც შევიდა კანონში ცვლილებები.
„მთავარი პრობლემა იყო ის, რომ არსებობდა კომპანია, რომელმაც ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების გარეშე განახორციელა ქმედება და არსებული კანონით გათვალისწინებული ზომები არ აღმოჩნდა საკმარისი ამ ქმედების აღკვეთისთვის. არსებობდა უფრო მკაცრი ზომა, რომელსაც ჰქვია ლიცენზიის შეჩერება, მაგრამ მას მოჰყვება ცუდი შედეგები მოსახლეობისთვის. ამიტომ მარეგულირებელმა გადაწყვიტა შემოეტანა შედარებით რბილი ზომა, რომ ეს პრობლემა მოეგვარებინა”, – განაცხადა რომან კაკულიამ.
2020 წლის 17 ივლისსვე, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონი (“კანონი“). პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონი მაცნეში იმავე დღეს გამოქვეყნდა და დღეს უკვე კანონი მოქმედია.
ამავე კომიტეტის წევრი, ლევან კობერიძე აცხადებს, რომ ეს “წამოცდენა“ ქვეყანას საერთაშორისო არბიტრაჟზე ძვირი დაუჯდება
ლევან კობერიძე: ვფიქრობ მისი ეს განცხადება არის უკიდურესად დამაზიანებელი ისეთი ქვეყნის ეკონომიკისათვის, რონლისთვისაც საკუთრების უფლების ხელყოფის მცდელობა, კონკურენციის შეზღუდვა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისგან გადახვევა არის დამღუპველი და შეიძლება შეუქცევადი ხასიათი იქონიოს. არ გამოვრიცხავ მისი ეს გამონათქვამი გახდეს სერიოზული არგუმენტი საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში ქვეყნის (საქართველოს) წინააღმდეგ
ერთი კომპანიისთვის მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები რომ ანტიკონსტიტუციურია, ამაზე საკმაოდ ვრცელ ანალიზს აკეთებს კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი.
ლევან ალაფიშვილი: “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონი მიღებული არის 2005 წელს და 2020 წლის 1 ივლისამდე კომუნიკაციების კომისიის მხრივ არასდროს დასმულა ოპერატორთა მიმართ სანქციების არაეფექტურობისა და აღსრულების უკიდურესად მძიმე ჩარევის, სპეციალური მმართველის დანიშვნის საჭიროების საკითხი.
შემაშფოთებელია, რომ მთავრობა და კომუნიკაციების კომისია კანონპროექტის განმარტებით ბარათში არ მალავენ და ღიად უთითებენ, რომ ეს ცვლილებები საჭიროა ერთი კონკრეტული ოპერატორი კომპანიის მიმართ ღონისძიებების გასატარებლად. პრაქტიკაში არის შემთხვევები, როცა კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება დაკავშირებულია ადრესატის უშუალო ქმედებასთან და მხოლოდ მას შეუძლია მისი აღსრულება და აღსრულების ყველა სხვა საშუალება არაეფექტურია“.
ექსპერტის განცხადებით, ამით სერიოზული ზიანი მიადგა ქვეყანას.
ლევან ალაფიშვილი: „კანონპროექტით გათვალისწინებულია დროებითი მმართველის დანიშვნის პირობა: თუკი მანამდე კომისიას ოპერატორის მიმართ გამოყენებული აქვს სანქციები, ჯარიმის ჩათვლით. კანონპროექტი არ ითვალისწინებს შემთხვევას, როცა მანამდე გამოყენებული სანქციები ოპერატორს გასაჩივრებული აქვს სასამართლოში. ანუ გამოდის რომ კომისიას შეუძლია არ დაელოდოს გამოყენებულ სანქციებზე სასამართლო დავის დასრულებას და დანიშნოს დროებითი მმართველი, რომელიც აღასრულებს კომისიის იმ გადაწყვეტილებას რომელზეც ოპერატორი სასამართლოში დავობს, რომლის კანონიერება ჯერ დადასტურებული არ არის. გამოდის, რომ სასამართლო განხილვების დასრულებისთვის კომისიის სადავო გადაწყვეტილება უკვე აღსრულებული იქნება ისე როგორც კომისიის სურვილი იყო. ამდენად, დავის სასამართლო განხილვა აზრს კარგავს. ეს კი ნიშნავს კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს და დაცვის უფლების უგულებელყოფას.
კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, მთავრობისა და პარლამენტის ერთობლივი ძალისხმევით სერიოზული ზიანი მიადგა არა მხოლოდ ერთ ოპერატორს, არამედ ქვეყანას“.
რატომ არის კანონი ანტიკონსტიტუციური? – “კავკასუს ონლაინის“ პასუხები
“კავკასუს ონლაინი“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანაზე აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს. ამის შესახებ კომპანიამ თავისი მოსაზრება უკვე დააფიქსირა და საზოგადოებას გააცნო თავისი ხედვა, თუ რატომ არის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები ანტიკონსტიტუციური და საინვესტიციო გარემოსთვის დამაზიანებელი.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, კანონი ავტორიზებული პირის მიერ მხოლოდ წინასწარი შეტყობინების ფორმალური ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ითვალისწინებს სპეციალური მმართველის დანიშვნის შესაძლებლობას. მაშინ როდესაც კონცენტრაციის მარეგულირებელი ნორმების, მათ შორის, შეტყობინების გაგზავნის, მთავარი მიზანია, რომ კომისიამ (შეტყობინების საფუძველზე) ჩაატაროს სათანადო კვლევა და შეაფასოს ესა თუ ის ტრანზაქცია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე გავლენას ხომ არ ახდენს. ბაზრის კვლევის ჩატარების გარეშე მხოლოდ ფორმალური შეუტყობინებლობის გამო თუ კომისია სპეციალურ მმართველს დანიშნავს ეს კანონის მიზნებთან შესაბამისი არ იქნება.
“როგორც იცით, სწორედ ამ კვლევის ჩატარებას ითხოვს კავკასუს ონლაინი 2019 წლის 17 ოქტომბრიდან დღემდე, კომისია კი უარს ამბობს მასზე დაკისრებული ფუნქციები კანონის საფუძველზე და შესაბამისად შესრულოს. კომპანიის აქციონერები დარწმუნებულები არიან რომ კომისიის მიერ კვლევის ჩატარების შემთხვევაში ნათელი გახდება, რომ განხორციელებული ტრანზაქცია არ ახდენს რაიმე უარყოფით გავლენას სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე: ახალ ბენეფიციარ მესაკუთრეს არ აქვს სხვა რაიმე აქტივი საქართველოში, არ არის აფილირებული სხვა სატელეკომუნიკაციო მომსახურების გამწევ ოპერატორებთან საქართველოში, აქვს კომპანიის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარების გრძელვადიანი და კონკრეტული გეგმა, რომელიც ვფიქრობ, მხოლოდ პოზიტიურად აისახება როგორც სატელეკომუნიკაციო ბაზრის, ისე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.
გარდა ამისა, კანონი ერთპიროვნულ და განუსაზღვრელ უფლებამოსილებებს ანიჭებს კომისიას, რომ ჩაერიოს ავტორიზებული პირის ბიზნეს საქმიანობაში და შეუზღუდოს სამეწარმეო თავისუფლება; სპეციალური მმართველის დანიშვნის შემდეგ ავტორიზებული პირი ნებისმიერი ქმედების განსახორციელებლად სპეციალური მმართველის ან/და კომისიის თანხმობას საჭიროებას, მიუხედავად იმისა ექცევა თუ არა ასეთი ქმედება აღსასრულებელი გადაწყვეტილების (რომლის შესასრულებლადაც დაინიშნა სპეციალური მმართველი) ფარგლებში.
“კავკასუს ონლაინს” მიაჩნია, რომ თუ კომისია კომპანიის მიმართ გამოიყენებს კანონით განსაზღვრულ ახალ ზომას, დანიშნავს სპეციალურ მმართველს კომპანიაში იმ გადაწყვეტილების აღსასრულებლად რომელიც არ არის დამოკიდებული კომპანიის ნებასა და ქმედებაზე, კომისია უხეშად ჩაერევა კომპანიის საქმიანობაში, შეუზღუდავს თავისუფალი მეწარმეობისა და საკუთრების უფლებას. ამიტომ კომპანია აპირებს მიმართოს ყველა შესაძლო ზომას, უფლების დაცვის საშუალებას, რომ აირიდოს თავიდან ის შეუქცევადი ზიანი, რაც კომპანიას შეიძლება მიადგეს კომისიის გადაწყვეტილებებით.
კომპანია ასევე აპირებს მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და სარჩელის შეტანის გზით სადავო გახადოს კანონის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციასთან…
როგორც ჩანს დავა ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოში, შემდეგ კი საერთაშორისო არბიტრაჟში გადაინაცვლებს…
კომუნიკაციების კომისიის პასუხები კითხვებზე – არასოდეს გვითქვამს, რომ მთავარი საფრთხე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ აქციების შეძენაა
მიუხედავად იმისა, რომ არაერთგზის გაჟღერდა იმის შესახებ, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურის ტრანზაქცია უცხოელ ინვესტორზე ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი იყო, კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, რომ ეს არაფერ შუაშია…
გთავაზობთ კითხვებზე პასუხებს, რომელზეც კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, კახი ბექაური გვპასუხობს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გააფრთხილა შპს “კავკასუს ონლაინი“ იმის გამო, რომ მან დროულად არ მიმართა კომისიას, რათა წინასწარ მიეღო ბენეფიციარი მესაკუთრის – ხვიჩა მაქაცარიას მიერ საკუთარი წილის მესამე მხარისათვის – კომპანია “ვეკო ინვესთმენთი“– თვის (რომლის ბენეფიციარიც არის აზერბაიჯანის მოქალაქე – ნასიბ ჰასანოვი) გასხვისებასთან დაკავშირებით, და მოსთხოვა კომპანიას გარიგების გაუქმება და კომპანიის ბენეფიციარი მესაკუთრის შეცვლამდე არსებული იურიდიული მდგომარეობის აღდგენა. კომუნიკაციების კომისიას ჰქონია თუ არა აქამდე მსგავსი შემთხვევა, როდესაც წილის გასხვისებასთან დაკავშირებით, როდესაც არ აცნობა ბენეფიციარმა კომპანია დაეყენებინალიცენზიის გაუქმების საშიშროების წინაშე?
კახი ბექაური: კომუნიკაციების კომისიის პრაქტიკაში აქამდეც ყოფილა შემთხვევები, როდესაც წილის გასხვისების ან აქციონერების სტრუქტურის ცვლილების შესახებ ავტორიზებულმა პირმა არ მოახდინა კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულება და არ აცნობა კომისიას წინასწარ ამის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, კომისიისთვის კანონით მინიჭებული უფლებაა მოსთხოვოს ავტორიზებულ პირს ტრანზაქციის შეტრიალება და პირველადი მდგომარეობის აღდგენა. მხოლოდ ამის შემდგომ ხდება შესაძლებელი ბაზრის კვლევა და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შემოწმება. ისეთ პრეცენდენტს, როდესაც ავტორიზებული პირი უარს აცხადებდა კომისიის გადაწყვეტილების შესრულებაზე და არ უზრუნველყოფდა პირველადი მდგომარეობის აღდგენას, ადგილი არ ჰქონია
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აზრით, აზერბაიჯანის მოქალაქის – ნასიბ ჰასანოვის მიერ „კავკასუს ონლაინის“ 49% წილის შეძენა, კომისიისგან წინასწარი ნებართვის გარეშე, წარმოადგენს: “არსებით საფრთხეს საქართველოში ინტერნეტ მომსახურების საბოლოო მომხმარებლის ინტერესებისათვის, სატარიფო პოლიტიკაში შესაძლებელი ცვლილების შეტანის თვალსაზრისით, და ასევე საქართველოს რეგიონალური კონკურენციის განვითარებისათვის, რომელიც ითვალისწინებს ქვეყანაში რეგიონალური ტექნოლოგიური ცენტრის შექმნას, იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიის უფლებამოსილი აქციონერების შეცვლას შესაძლოა მოყვეს ტელეკომუნიკაციების ბაზარზე მომსახურების მიწოდების სტრატეგიის არსებითი ცვლილება, რამაც თავის მხრივ შესაძლოა განაპირობოს შეუქცევადი შედეგები საქართველოს ტელეკომუნიკაციის სფეროს განვითარებაში“.
დაახლოებით ერთი წელია, უკვე რაც “კავკასუს ონლაინი“ ფუნქციონირებს ამ მოცემულობით. კომუნიკაციების კომისიამ ჩაატარა თუ არა ბაზრის კვლევა და დადგინდათუ არა რაიმე სახის საფრთხე ახალი ბენეფიციარის პირობებში?
კახი ბექაური: კომუნიკაციების კომისია “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად უფლებამოსილია ბაზრის კვლევა ჩაატაროს ავტორიზებული პირების წილების გასხვისებამდე, ხოლო უკვე კანონდარღვევით წილების გასხვისების შემდეგ კვლევის ჩატარებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. შესაბამისად,კომუნიკაციების კომისია კანონის გვერდით ავლით წილების გასხვისების შემდეგ ბაზრის კვლევის ჩატარების პრეცედენტს ვერ დაუშვებს და არათანაბარ პირობებში ბაზრის სხვა მოთამაშეებს ვერ ჩააყენებს.
მთავარი მიზეზი, რის გამოც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ადგილობრივი კონკურენციისათვის “რეალურ საფრთხედ“ მიიჩნია ნასიბ ჰასანოვის მიერ აქციების შეძენა, მდგომარეობს იმაში, რომ აქციების ახალი მფლობელი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე. თუმცა, ამავდროულად, 2019 წლის ნოემბერში (გაუქმებასთან დაკავშირებულიგადაწყვეტილების მიღების შემდგომ) კომუნიკაციების ეროვნული კომისია არ შეწინააღმდეგებია საქართველოს ერთ–ერთი უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო ოპერატორის – “სილქნეტის“ აქციების გადაცემას უცხო ქვეყნის (კერძოდ ყაზახეთის) მოქალაქისათვის. იგივე მოხდა როდესაც საქართველოს ერთ–ერთი უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო ოპერატორის, VEON Gეორგია–ს ბენეფიციარული მფლობელობა შეიცვალა კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან წინასწარი ნებართვის გარეშე, კომისიამ უბრალოდ მოითხოვა განცხადების პოსტ–ფაქტუმ შეტანა, და არ დაუყენებია შემდგარი გარიგების კანონიერების საკითხი. კითხვა მდგომარეობს შემდეგში: რით განსხვავდება “კავკასუს ონლაინის“ საქმე წინა ორისგან?
კახი ბექაური: კომუნიკაციების კომისიას “კავკასუს ონლაინის“ წილის კანონდარღვევით გასხვისების შესახებ, არასოდეს უთქვამს, რომ მთავარი საფრთხე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ აქციების შეძენაა. კომისიას არც ერთ განცხადებაში არ დაუფიქსირებია მსგავსი პოზიცია, ვინაიდან კანონმდებლობის შესაბამისად კომისია იკვლევს ტრანზაქციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობას და არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნის მოქალაქე არის ტრანზაქციის განხორციელების მსურველი. კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში სახეზე იქნებოდა კანონდარღვევა იმ შემთხვევაში, თუ წილები კომუნიკაციების კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გასხვისდებოდა. რაც შეეხება ზემოთ მოყვანილ მაგალითს სს „სილქნეტის“ შემთხვევაში აღნიშნული ტრანზაქციის განხორცილების განზრახვის შესახებ წინასწარ ეცნობა კომისიას და სს „სილქნეტმა“ ითხოვა ტრანზაქციაზე წინასწარი თანხმობა. შესაბამისად, კომისიას ჰქონდა ამ ტრანზაქციის წინასწარი შეფასების საშუალება. კომისიის ამოცანაა ტრანზაქციის
კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესწავლა (როგორც ადგილობრივი, ასე საერთაშორისო მასშტაბით), შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქის სურვილი, წილის
შეძენის თაობაზე, სს „სილქნეტის“ შემთხვევაში შეფასდა როგორც არსებულ კონკურენტულ გარემოსთან თავსებადი ტრანზაქცია, ამასთან საუბარი იყო წილის 27.55% ის შეძენაზე. რაც შეეხება შპს „ვიონი საქართველო“ ს წილის 20% მფლობელი ბენეფიციარების სტრუქტურაში ცვლილებას – აღნიშნული ტრანზაქცია ასევე შეფასებული იქნა კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად, რადგან აღნიშნული კომპანიის წილის 20% მფლობელთა სტრუქტურაში მოხდა ცვლილება და ტრანზაქციის მასშტაბი ჩაითვალა თავსებადად კონკურენტულ გარემოსთან. შესაბამისად, შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის 49% და (51% წილის ოფციონის) გასხვისების მოცემულობა ვერ იქნება ზემოთ მოყვანილი შემთხვევების ანალოგიურ გარემოებად განხილული. აქ ასევე მნიშვნელოვანია ის წინაპირობა, რომ 2016 წლის 06 ოქტომბრის 677/11 გადაწყვეტილებით, რომელიც შეეხებოდა „შპს “კავკასუს ონლაინის“ წილის 44%-ის „ნელგადო ლიმითედის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხს, შპს „კავკასუს ონლაინს“ განესაზღვრა შემდეგი ვალდებულება: შპს „კავკასუს ონლაინის“ ბოლო ბენეფიციარ მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის ან აქციების შეძენის განზრახვის შემთხვევაში, თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი, შპს „კავკასუს ონლაინმა“ წინასწარი თანხმობის მოპოვების მიზნით უნდა აცნობოს კომისიას მოსალოდნელი ტრანზაქციის თაობაზე;
დასასრულის ნაცვლად:
ბიძინა ივანიშვილი (2013 წლის 12 თებერვალი) : “იმისთვის, რომ ბიზნესი აღარ შევიწროვდეს ამის გარანტორი ვიქნები მე და ამის გარანტორი უნდა იყოს კანონმდებლობა და სულ მალე ყველა ამ შედეგს იგრძნობთ. ჩვენ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით საწინააღმდეგო იდეოლოგია გვაქვს და ამიტომ მათთან თანაცხოვრება რთულია, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს თანაცხოვრება, სიტყვა კოჰაბიტაცია, რომელიც ცოტა ხნის წინ ვისწავლეთ აუცილებლად უნდა შედგეს”.
დატოვე კომენტარი