“ყოველთა საუნჯეთა წილ მოიგე გონიერება”.
თითქმის დღე არ გავა, რომ რომელიმე ცნობილმა სახემ ბიზნესიდან ან ფინანსებიდან შეჭმუხნილი წარბებითა და მოჩვენებითი მწუხარებით არ განაცხადოს, რომ კაპიტალიზმი კრიზისშია და მას სახე უნდა შევუცვალოთ, თუ გვსურს, რომ გადავარჩინოთ და არ ჩავანაცვლოთ ის რაიმე სოციალისტური ვერსიით. არათანასწორობა, კლიმატის ცვლილება, კორპორაციული მოგებების აღმაშფოთებელი დონე, სტაგნაციაში მყოფი გასამრჯელოები, ჯანდაცვის საშინლად მზარდი ხარჯები, სტუდენტური სესხების იმედგამაცრუებელი დონე, Wall Street-ის მოუთოკავი სიხარბე, მაღალტექნოლოგიური მონსტრები და სხვა მრავალი უგულობითა და ურეაქციობით ცნობილი კაპიტალისტური სისტემის პასუხისმგებლობად მიიჩნევა.
ეს ასე არ არის. მთელი ამ ინტელექტუალური გულში მჯიღის ცემის წინააღმდეგ, პრობლემა ცუდ სამთავრობო პოლიტიკაშია და, მთლად უარესი, თავისუფალი ბაზრების ფუნდამენტურად მცდარ გაგებაში. დროა, რეალობას გავუსწოროთ თვალი ამ ჭარბად ნალანძღ სისტემასთან დაკავშირებით.
კაპიტალიზმი, თავისუფალი ბიზნესი, თავისუფალი ბაზრები – რა სახელიც არ უნდა დაარქვათ ჩვენს სისტემას – ზნეობრივია, იმიტომ რომ ადამიანი სხვა ადამიანების საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით აღწევს წარმატებას. ანტრეპრენიორი იმ საჭიროებათა იდენტიფიცირებას ცდილობს, ჯერ რომ თავად ხალხმა არ იცის, რომ აქვს, სანამ ახალი პროდუქტი ან სერვისი არ გამოვა ბაზარზე. გაიხსენეთ სტივ ჯობსი და iPhone-ი და iPad-ი. ბიზნესის ხალხი ცდილობს დაგარწმუნონ, მათი შემოთავაზებული რაღაცები იყიდოთ. მთავრობა თუ არ ჩაერევა, არავითარ ძალმომრეობას არა აქვს ადგილი. უამრავი ადამიანი ცდილობს, ისეთი რამეები მოიგონოს, ყველა ჩვენგანის ცხოვრება უკეთესი რომ გახდეს. თუ წარმატებას მიაღწევენ, შესაძლოა (ღრმად ჩავისუნთქოთ!), გამდიდრდნენ კიდეც, მაგრამ, საბოლოოდ, ეს ყველა ჩვენგანისთვის უკეთესია.
ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ჩახლართული მომარაგების ჯაჭვების მოწმენი ვხდებით, რომლებიც საოცარი სიზუსტით მუშაობენ სწორედ იმიტომ, რომ არავითარი ცარი თუ ცენტრალური დამგეგმავი საქმეს არ თაოსნობს.
თანამედროვე ეპოქაში, ყოველი ეკონომიკური კრიზისის საფუძველს მთავრობის შეცდომები წარმოადგენს და არა თავისუფალი ბაზრის თანდაყოლილი ნაკლოვანებები. დიდი დეპრესიის მაპროვოცირებელი მიზეზი ტარიფთან დაკავშირებული სმუტ-ჰოულის დრაკონული კანონი იყო, რომელიც ათასობით იმპორტზე გაზრდილ გადასახადს აწესებდა, რამაც, თავის მხრივ, ეკონომიკათა გამანადგურებელ გლობალურ სავაჭრო ომს მისცა დასაბამი. ეს ბოროტმოქმედება კიდევ უფრო დამძიმდა, როცა ქვეყნებმა (გერმანია, ბრიტანეთი და აშშ ყველაზე მძიმე დამნაშავეები იყვნენ), მკვეთრი ეკონომიკური ვარდნის მიუხედავად, საგრძნობლად გაზარდეს გადასახადები.
1970-იანების საზიზღარი ინფლაცია ფედერალური რეზერვისა და სხვა ცენტრალური ბანკების მიერ ზედმეტად ბევრი ფულის გამალებული ბეჭდვის შედეგი გახლდათ. 2008-09 წლების კრიზისზე პასუხისმგებელი ამერიკული სახელმწიფოა, რომელმაც დოლარის განზრახ შესუსტებას მიჰყო ხელი, რამაც უკვე ისეთ მყარ აქტივებს დაარტყა, როგორიც სახლებია.
მაღალი გადასახადები ზრდას კლავს. გადასახადები ტვირთია. ქვეყნებს, რომლებიც ამ ტვირთს ამსუბუქებენ, უკეთ მისდით საქმე. მეორე მსოფლიო ომიდან ფეხზე წამოდგომის შემდეგ ევროპის ზრდის მაჩვენებლები აშშ-ისას შეედრებოდა ან, სულაც, უკეთესი იყო. მაგრამ 1970-იანებში საგადასახადო ტვირთი, დამატებული ღირებულების გადასახადის (VAT) შემოღებასა და მოქმედი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გაზრდასთან ერთად, სულ უფრო დამძიმდა. ამან კი შედეგად ზრდა-განვითარების მიკროსკოპული ტემპი გამოიღო.
ყოველ ჯერზე, როცა აშშ გადასახადებს მნიშვნელოვნად ამცირებს, მისი ეკონომიკა იფურჩქნება. ობამას შემდგომი ეკონომიკური გაჯანსაღება 2017-ის საგადასახადო შემცირებისა და დერეგულაციის დამსახურებაა.
ჭარბი რეგულაციები გვაზიანებს. რეგულაციების ექსპერტს, ფილიპ ჰოვარდს ტიპური მაგალითი მოჰყავს: აპსტეიტ ნიუ-იორკის ვაშლის ხეების ბაღი 5,000 წესს არის დაქვემდებარებული 17 სხვადასხვა პროგრამიდან. რეგულაციები აშშ-ს დაახლოებით $2 ტრილიონი უჯდება წელიწადში. საშუალოდ, წლიური გადასახადის სახით, თითო თანამშრომლისთვის მწარმოებელი $2,000-დან $4,000-მდე იხდის. და გიკვირთ, რატომ ჰქონდა ბოლო პერიოდამდე წარმოების სფეროს პრობლემები?
სტუდენტური სესხები თავისუფალი ბიზნესის ბრალი არაა. დამნაშავე აქ მთავრობაა. ვაშინგტონმა, საუკეთესო განზრახვით, შექმნა პროგრამები, ახალგაზრდებს კოლეჯში სწავლის საფასურის გადახდაში რომ დაეხმაროს, პირველ რიგში, Pell Grants-ი და სტუდენტური სესხები იგულისხმება. მაგრამ ნიუ-იორკის ფედერალური რეზერვის და სხვა კვლევები ცხადყოფს, რომ რაც უფრო მეტი ფულის შეგროვება ხდებოდა ამ სქემების მეშვეობით, მით უფრო მეტის გადახდა უწევდათ სტუდენტებს.
ძვირად ღირებული ჯანდაცვა არ არის კაპიტალიზმის კრახი. გამოსავალი აქ თავისუფალ ბაზრებში უნდა ვეძიოთ, მეტ სახელმწიფო კონტროლში კი არა. ჩვენ ე.წ. მესამე მხარის ჯანდაცვის სისტემა გვაქვს: მთავარ როლში აქ სახელმწიფო (ძირითადად, Medicare-ი და Medicaid-ი), სადაზღვევო კომპანიები და მსხვილი დამსაქმებლები არიან და არა მომხმარებლები. საავადმყოფოების შემოსავლები იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად გამართავენ მოლაპარაკებას მესამე მხარესთან და არა იმაზე, რამდენად დააკმაყოფილებენ საკუთარ პაციენტებს. ის თანხა, რა თანხასაც წამლის კომპანია ითხოვს მედიკამენტისთვის, მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება თანხას, რომელიც საავადმყოფოს ქვითარზეა ასახული. მოთხოვნილი საფასურის სერიოზული ნაწილი ე.წ. ფარმაცევტული ბენეფიტების მენეჯერების ანაზღაურებაზე მიდის. ჰერკულესის ძალ-ღონეც არ ეყოფა იმის წინასწარ განსაზღვრას, თუ რა შეიძლება, პროცედურა დაჯდეს.
ნორმალურ ბაზრებში, თუ პროდუქტიულობის მხრივ თადარიგს დაიჭერ, მეტოქეები, როგორც წესი, მალევე მოგბაძავენ. მაგრამ ჯანდაცვასა თუ უმაღლეს განათლებაში ასე არ ხდება.
ოკლაჰომის ქირურგიული ცენტრი თავისი ფასების შესახებ ინფორმაციას ონლაინ ათავსებს. იქ წამყვანი ქირურგები მუშაობენ; ინდუსტრიის სტანდარტებით, დაბალი ოპერაციული ხარჯები აქვთ; ხოლო ქირურგიული ოპერაციის საფასური ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რასაც ტრადიციულ საავადმყოფოებსა და კლინიკებში იღებენ, რადგან პაციენტები ნაღდ ფულს წინასწარ იხდიან (ფასები უფრო მაღალია, თუ პაციენტს უნდა, რომ ცენტრმა მისი სადაზღვევო კომპენსაციის განაცხადი განიხილოს). მიუხედავად ამისა, მას მცირეოდენი მიმბაძველი ჰყავს. რატომ? იმიტომ რომ არ არსებობს სამომხმარებლო ბაზარი. რამდენადაც გადასახადის ძირითად ულუფას მესამე მხარე იჯიბებს, პაციენტთა უმეტესობას არა აქვს არავითარი სტიმული, ფასები და ხარისხი შეადაროს და რომც უნდოდეს, პრაქტიკულად, ვერ შეძლებდა.
აიღეთ ელექტრონული ისტორიები. მათ უკვე 20 წელია, იყენებს ყოველი ქიმწმენდა და ბენზინგასამართი სადგური. მაგრამ არა ჯანდაცვის პროვაიდერები: არ არსებობდა არავითარი კონკურენტული უპირატესობა. შემდეგ ვაშინგტონმა გასცა ამგვარი ისტორიების გამოყენების განკარგულება, მაგრამ ეს ისე დესტრუქციულად გააკეთა, ყოფილ საბჭოთა კავშირსაც კი შეშურდებოდა.
Purdue University-ს პრეზიდენტს, მიტჩ დენიელს, 2013 წელს თანამდებობის დაკავების შემდეგ, სწავლის საფასურები გაყინული აქვს. მან რიგი ეფექტიანი ზომები მიიღო ისე, რომ ამ პრესტიჟულ ინსტიტუციაში სწავლისთვის სტუდენტს დღეს ნაკლების გადახდა უწევს, ვიდრე ექვსი წლის წინ. სხვათა შორის, დენიელსმა Purdue-ს შტატიანი პროფესორების რიცხვიც გაზარდა.
მაგრამ როგორც ოკლაჰომის ქირურგიული ცენტრისა და სხვა საავადმყოფოების შემთხვევაში, Purdue-ს მაგალითის ენთუზიაზმით გამზიარებელ ურიცხვ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებს ვერ ნახავთ.
თავისუფალი ბაზრები სიღარიბეს ამცირებს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რეალური შემოსავლები ერთ სულ მოსახლეზე, სულ მცირე, 50-ჯერ გაიზარდა. ინდუსტრიულ რევოლუციამდე, რომელიც კაპიტალიზმმა გახადა შესაძლებელი, ინდივიდუალური შემოსავლები მთელ მსოფლიოში უმნიშვნელოდ იზრდებოდა. დღეს, ეკონომიკური პოლიტიკის მთელი რიგი შეცდომების მიუხედავად, სიღარიბე საგრძნობლად იკლებს. ბოლო 20 წელიწადში 1 მილიარდმა ადამიანმა დააღწია თავი უკიდურეს სიღარიბეს.
თავისუფალი ბაზრები სიმწირეს მუდამ სიუხვედ აქცევს, დღევანდელ ფუფუნებებს – ხვალინდელ რიგით პროდუქტებად. მობილური ტელეფონი ერთ-ერთია ამის უამრავი მაგალითიდან. ადრეული 1980-იანების პირველი ასეთი ტელეფონი (რომელსაც მხოლოდ ზარების განხორციელება შეეძლო) ფეხსაცმლის ყუთის ზომის იყო, აგურის წონა ჰქონდა, ბატარეა ერთს საათს თუ უძლებდა და $3,995 ღირდა. დღეს მილიარდობით მობილური ტელეფონი არსებობს და უმეტესობის სიმძლავრე ისეთია, ერთი-ორი ათწლეულის წინანდელ სუპერკომპიუტერებს რომ ჰქონდათ.
ნაკლების სანაცვლოდ მეტის მიღების ეს მშვენიერი ფენომენი ჯანდაცვაშიც იჩენდა თავს, თავისუფალი ბაზრის გარკვეული რეფორმები რომ გატარებულიყო, მაგალითად, სამედიცინო დაზღვევის ძიების უფლება მთელი ქვეყნის მასშტაბით რომ ყოფილიყო შესაძლებელი და სამედიცინო დანაზოგების ანგარიშებზე შეზღუდვები მოხსნილიყო.
უთანასწორობა? გასამრჯელოები, ბოლო დრომდე, 2008-ის ფინანსური კრიზისიდან მოყოლებული ერთ ადგილას იდგა, და არც ამის წინა ათწლეულში იყო მაინცდამაინც გაუმჯობესების მოწმე. კიდევ ერთხელ – პრობლემა მთავრობის არასწორი ნაბიჯებიდან მოდიოდა.
ინვესტიცია პროგრესის sine qua non არის, ხოლო მეტი ინვესტიცია მაშინ ხორციელდება, როცა ფული სტაბილურ ღირებულებას წარმოადგენს. 1970-იანებამდე დოლარი ოქროზე იყო მიბმული, აშშ-ის ეკონომიკა კი ისე იზრდებოდა, როგორც არც ერთი სხვა ერისა აქამდე. მაგრამ შემდეგ ჩვენი საშუალო ზრდა 25%-ით, მეტით თუ არა, შემცირდა. და რთული მისახვედრი არაა – არც შემოსავლის ზრდა იყო ძლიერი, როგორიც მაშინ, ოქროს სტანდარტზე რომ ვიყავით.
კიდევ ერთი ფაქტორი – სამედიცინო ხარჯების განუხრელი ზრდაა. დამქირავებლის მიერ უზრუნველყოფილი დაზღვევა დაქირავებულის კომპენსაციის ნაწილად ითვლება. მართალია, კომპენსაცია გაზრდილია, მაგრამ ნაღდი ფულის მხრივ ვერაა კარგად საქმე. ვითარებას არც ფედერალური სახელფასო გადასახადების ზრდა ეხმარება, რომელსაც „FICA” ჰქვია თქვენს სახელფასო ცნობაზე. დაბალი გადასახადების, საიმედო დოლარისა და პაციენტზე ორიენტირებული სისტემის პირობებში, ნაღდი ფულის გასამრჯელო მშვენივრად გაიზრდებოდა.
მოგებები არსებითია. და ისინი სიკეთეს წარმოადგენს. მათ გარეშე ეკონომიკა სტაგნაციასა და რეგრესს განიცდის. ეკონომისტმა ჯოზეფ შუმპიტერმა ცნობილი ტერმინი, „შემოქმედებითი დესტრუქცია“ დაამკვიდრა. ცოცხალ ეკონომიკებს უამრავი ახალი კაპიტალი სჭირდებათ წინსვლისთვის. ცვლილებები მუდმივად ანადგურებს ახალ კაპიტალს… შეხედეთ, რა უქნა ინტერნეტმა ტრადიციული გაზეთებისა და ჟურნალების ღირებულებას, რომელიც უნდა ჩანაცვლდეს. კაპიტალი საჭიროა, რომ დაფინანსდეს სტარტაპები (რაც, მეტწილად, წარუმატებლობით სრულდება) და ზრდა-განვითარება ისევე, როგორც არსებული ბიზნესების პროდუქტიულობის გაუმჯობესებები. კაპიტალი მოგებებიდან და დანაზოგებიდან მოდის. ამ თვალსაზრისით, მოგება ბიზნესის კეთების საფასურია.
სულ უფრო და უფრო მეტ ახალგაზრდას იმგვარი პლატფორმებისთვის უნდა მუშაობა, რომლებიც „მხოლოდ“ ბიზნესს არ წარმოადგენენ. ეს კაპიტალიზმის ერთ-ერთი უმთავრესი სიკეთეა: სისტემა უხარვეზოდ ერგება ადამიანების საჭიროებებსა და მოლოდინებს. ჭკვიანი კომპანიები სწრაფად უწყობენ ამ ცვლილებებს ფეხს და რეაგირებენ მათზე. Forbes-ი ხშირად წერს ამ კომპანიებზე და ინდივიდებზე, რომლებიც მსგავს მცდელობებში პიონერები არიან.
ზოგი ადამიანი ბიზნესში ცუდ, ამორალურ და არაეთიკურ რამეს აკეთებს. კი, ასეა, მაგრამ ეს კაპიტალიზმის უნიკალური მახასიათებელი ნამდვილად არ არის. ხალხი ცუდ საქციელს სულ ჩადიოდა და დიდი ხნით ადრე, სანამ ადამ სმიტი თავის კაპიტალისტურ კლასიკას – „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ დაწერდა 1776 წელს. მეტიც, ღია, თავისუფალ ბაზარსა და დემოკრატიულ სისტემაში, ცუდები, როგორც წესი, გამომჟღავნდებიან, განსხვავებით ავტორიტარული ან სოციალისტური რეჟიმებისაგან.
სოციალიზმი არასდროს მუშაობს. მას ყოველთვის სისხლამდე, ტირანიამდე და ცრემლებამდე მივყავართ, როგორც ეს დღეს ვენესუელის, კუბისა და ჩრდილო კორეის მაგალითზე შეგვიძლია, ვნახოთ ან, ახლო წარსულში – საბჭოთა კავშირის, მაოისტური ჩინეთისა და კომუნისტური კამბოჯის (სადაც ოთხ წელიწადზე ნაკლებ დროში რეჟიმმა მოსახლეობის მეოთხედზე მეტი ამოხოცა) მაგალითზე.
სკანდინავიისა და ევროპის „სოციალიზმზე“ რას იტყვით? ისინი არ არიან სოციალისტურები მთავრობის მიერ ეკონომიკის მისაკუთრებისა და მართვის თვალსაზრისით. ბევრ ამ ქვეყანას სოციალური უზრუნველყოფის კომპლექსური პროგრამები, შემზღუდავი შრომითი კანონები და ჭარბგადასახადიანობა აქვს. მაგრამ ნელ-ნელა ეს ყველაფერი შეცვლას იწყებს.
რასაც თვითსტილიზებული ამერიკელი სოციალისტები უგულებელყოფენ, ისაა, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიც შვედეთია, მთავრობის როლს ამცირებენ. შვედეთი გადასახადებს ამცირებს. მას არა აქვს მემკვიდრეობის გადასახადი და სკოლის არჩევის საშუალებას იძლევა, რაც ბერნი სანდერსისა და მისთანებისთვის ანათემის ტოლფასია. რაც შეეხება ევროკავშირის დანარჩენ ქვეყნებს, 2008 წლის კრიზისის შემდეგ ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი მინიატურულია – აშშ-ის მაჩვენებლის ნახევარიც კი არა.
და რაც უფრო მნიშვნელოვანია, კაპიტალიზმი ქმნის სისტემას, რომელიც ე.წ. საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოთა არსებობას ხდის შესაძლებელს. ამიტომაა, რომ, თავიანთი ეკონომიკების სტიმულირების მიზნით, სულ უფრო და უფრო მეტი ევროპელი მიისწრაფვის ისეთი პროკაპიტალისტური რეფორმებისკენ, როგორიც დაბალი გადასახადებია.
დატოვე კომენტარი