პირველმა დიდმა კლიენტმა თავბრუ შეიძლება დაგახვიოს. ეს კარგად უწყიან ტაისონ ტუსანმა და ტიმ ქომბსმა – ნიუ-იორკში მოქმედი და ეკოლოგიური მისწრაფებებით გამორჩეული ქსოვილის მწარმოებელი Return Textiles-ის თანადამფუძნებლებმა. ბუნების მოყვარული ყოფილი თანაკლასელები ექვსი წელი მუშაობდნენ ბიონიკური ძაფის შექმნაზე, რომელიც გაცილებით უფრო მტკიცეა, ვიდრე ტილო. ამ მასალის მისაღებად ჩვეულებრივი ცარიელი ბოთლის გადამუშავებული პლასტმასა პოლიესტერის ბოჭკოზე ეხვევა და ბამბის ფენით მჭიდროდ იფარება. „იგი 30%-ით უფრო მყარია, ვიდრე ტილო და 30%-ით უფრო სწრაფადაც შრება”, – აცხადებს კომპანია Timberland, რომელმაც გაზაფხულზე ბიონიკური ფეხსაცმლის, ქურთუკებისა და კედების 80 ხაზის გამოშვება დაიწყო.
„გვსურდა, ისეთი ბრენდი შეგვექმნა, რომ ყველას Gore-Tex-ის ( წყალგაუმტარი „მსუნთქავი” მასალა) მსგავსი მაღალი ხარისხის ასოციაცია გასჩენოდა. დაწნეხილი ნარჩენებისგან ძაფის შექმნა კარგი სატყუარაა. თუ შესაბამისად წარმოვაჩენთ, სავსებით შესაძლებელია მთელი ახალი მიმართულება წარმოიშვას”, – ამბობს 34 წლის ქომბსი.
თქმა იოლია, გაკეთებაა რთული. ოთხი წლის წინ ტუსანისა და ქომბსის წარმოების გაყიდვები ნულზე იყო და როცა Nike-ის „შვილობილი”, მაღალხარისხიანი ფეხსაცმლის მწარმოებელი Cole Haan-ის შეკვეთა მიიღეს 3 ათას ბიონიკურ ძაფზე (თითო იარდი – 12 დოლარად) ხელჩანთების ახალი ხაზისათვის, პარტნიორები სიხარულით ხტოდნენ. „კლიენტის გამოჩენამ ძალიან აგვაღელვა”, – იხსენებს ქომბსი.
თუმცა Cole Haan-თან შეთანხმება არ ითვალისწინებდა პირობას, როგორ უნდა წარმოჩენილიყო ბიონიკური ძაფის ფაქტორი. შედეგად, სარეკლამო კამპანიაში, რომელშიც Cole Haan-ის სარეკლამო სახე, ცნობილი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა იყო ჩართული, საერთოდ არ იყო ნახსენები ბიონიკური ძაფი ან თუნდაც ის, რომ ჩანთა დამზადდა ახალი, ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან. ჩანთაზე მიბმულ მრავალგვერდიან ეტიკეტზე მხოლოდ გაკვრით იყო ნახსენები ბიონიკური ძაფი. და როცა ჩანთები რამდენიმე თვეში დახლებიდან გაქრა, ტუსანმა და ქომბსმა მხოლოდ მაშინ გააცნობიერეს, რომ ხელიდან გაუშვეს მომხმარებელში აჟიოტაჟის შექმნის შანსი (Cole Haan-ის შესყიდვების დეპარტამენტში მომხდარი ცვლილებების გამო ჩანთების ამ ხაზის წარმოება შეწყდა).
2009 წელი პარტნიორებმა გამოგონების დაპატენტების შემდეგ ბიონიკური ძაფის ისტორიის შეთხზვასა და მისი წარმოების პროცესის სრულყოფაში გალიეს. იმავე წელს რეპერმა ფარელ უილიამსმა „ექვსციფრიანი” სოლიდური ინვესტიცია განახორციელა კომპანიაში და აქციების 30% დაისაკუთრა. თანხა საკმარისი იყო გრაფიკოს-დიზაინერების დასაქირავებლად და ბიონიკური წარმოების ამსახველი ფერადი დიაგრამებით სავსე ახალი გლამურული სარეკლამო ბროშურისა და ვებ-გვერდის შესაქმნელად.
შემდეგი გეგმა გავლენიანი მომხმარებლების მოძიება იყო, რომლებიც სიამოვნებით გააპიარებდნენ ბიონიკურ ბრენდს. Timberland, რომელიც დღენიადაგ გამძლეობისა და ეკოლოგიურობის შესახებ ქადაგებს მშვენიერი არჩევანი ჩანდა. კომპანიის აწყობის შემდეგ, რამაც თითქმის მთელი წელი წაიღო, ტუსანმა და ქომბსმა მათ მიერ შექმნილი მოწინავე მასალის დასამუშავებლად დიზაინერულ ჯგუფს მიაგნეს. შეკვეთამაც არ დააყოვნა – Timberland-მა ოთხი სხვადასხვა სისქისა და ორმოცი ფერის ნიმუშები დაუკვეთა.
„ჩვენი ფაბრიკისთვის ეს საშინელება იყო”,- იხსენებს ქომბსი, რომელმაც შეკვეთისათვის საჭირო ნედლეულის შესაძენად 200-ათასიანი სესხი „გამოსძალა” ეკოლოგიური ტექნოლოგიების უცნობ ინვესტორს. სარეკლამო კამპანიის ფარგლებში Timberland დათანხმდა ბიონიკური მასალის შესახებ წარწერის ჩანთების წინა ეტიკეტზე გაკეთებას და ძაფის წარმოების შესახებ სარეკლამო რგოლის მაღაზიებში ჩვენების დაფინანსებას.
2010 წელს Return Textiles-ის გაყიდვების მოცულობამ 1,3 მილიონი დოლარი შეადგინა, წარმოებამ კი 1,7 მილიონი პლასტმასის ბოთლი გადაამუშავა. ტუსანი და ქომბსი იმედოვნებენ, რომ 2011 წლის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავალი გასამმაგდება Timberland-ის, სპორტული ტანსაცმლის შედარებით მცირე იტალიელი მწარმოებლის – Moncler-ისა და ცნობილი ლონდონური TopShop-ის დაკვეთების შედეგად. „ბიზნესში ისეთი პარტნიორია საჭირო, რომელიც მზადაა თქვენი ისტორია მომხმარებელს გასაგებ ენაზე მოუყვეს”,- ამბობს ტუსანი.
დატოვე კომენტარი