ყაზახური ფინტექ-კომპანია Kaspi.kz-ის მფლობელები აქციების პირველადი განთავსებით (IPO) 9 მილიონ აქციას გაყიდიან.
კომპანიის მიერ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების კომისიაში შეტანილი განაცხადის თანახმად, ამჟამინდელი ფასებით, აქციების ღირებულება, რომლებიც Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე გაიყიდება, 873 მილიონი აშშ დოლარი იქნება.
აქციების გამყიდველ მეწილეებს შორის არიან მთავარი აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ლომთაძე, ვიაჩესლავ კიმი და Asia Equity Partners Ltd.-ი.
ცნობისთვის, კომპანიის აქციები უკვე განთავსებულია ლონდონისა და ყაზახეთის საფონდო ბირჟებზე. ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთი აქციის ღირებულება ამჟამად 97 ამერიკულ დოლარს შეადგენს. IPO-ს შემდეგ მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 18 მილიარდ ამერიკულ დოლარამდე იქნება.
Kaspi.kz-ის თანახმად, 2023 წლის 9 თვეში მისი შემოსავალი 2.83 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო მოგება – 1.27 მლრდ აშშ დოლარი იყო.
კომპანიის წამყვანი აქციონერების განაწილება ასეთია: მიხეილ ლომთაძე – 24.55%, ვიაჩესლავ კიმი – 23.55%, Baring Bostok Funds-ი – 28.8%. ლონდონის საფონდო ბირჟაზე საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 13.9 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მიხეილ ლომთაძის ქონებას Forbes-ი 4.5 მლრდ აშშ დოლარად აფასებს.
Kaspi.kz-ი ცენტრალური აზიის ერთ-ერთ საუკეთესო ფინტექ-კომპანიად მიიჩნევა და აერთიანებს როგორც საბანკო სერვისებს, ასევე P2P-გადარიცხვებს, ონლაინმაღაზიასა და მიტანის სერვისს. მის Super App-ს თვეში საშუალოდ 13.5 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს.
ცნობისთვის, აქციების პირველადი განთავსება (ინგლისურად Initial Public Offering) არის კომპანიის მიერ აქციების პირველი საჯაროდ გაყიდვა. კომპანია აქციებს კაპიტალის გაზრდის მიზნით ყიდის. კაპიტალის ზრდა კი კომპანიის საქმიანობის გაფართოებას უწყობს ხელს. IPO-ს შემდეგ კომპანიას საჯარო კომპანიად მოიხსენიებენ.
კერძოდან საჯარო კომპანიად გარდაქმნის პროცესი უმნიშვნელოვანესი ეტაპია კომპანიის განვითარებასა და პირვანდელი ინვესტორების (რომლებსაც წილი IPO-მდე ჰქონდათ) აქტივების ზრდაში. აქციები საფონდო ბირჟაზე იყიდება და თუ IPO წარმატებით განხორციელდა, კომპანიის კაპიტალი მნიშვნელოვნად იზრდება და კომპანიას საბაზრო ფასი ედება, რასაც საბაზრო კაპიტალიზაციას უწოდებენ.