უცხოურ გამოცემებზე დაყრდნობით, კატარის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯასიმ ბინჰამად თანიმ „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეძენისთვის გაკეთებული განაცხადი უკან წაიღო. გლეიზერების ოჯახს, რომელიც „პრემიერ ლიგის“ კლუბის გაყიდვას ყველაზე ძვირად გეგმავს, შეიხ ჯასიმმა $6 მილიარდი მიმდინარე წლის დასაწყისში შესთავაზა.
კატარის წარმომადგენლების აზრით, ამერიკელების მიერ მოთხოვნილი $7 მილიარდი საკმაოდ გადაჭარბებულია კლუბისთვის, რომელიც ღია ბაზარზე, საჯაროდ, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე, $3.3 მილიარდადაა შეფასებული. მიუხედავად ამისა, The Guardian-ისა და Sky News-ის ცნობით შანსი კვლავ არსებობს, რომ ჯასიმმა, „პრემიერ-ლიგის“ კლუბს შეთავაზება, თუმცა ახლა უკვე შედარებით დაბალ ფასად, კვლავ გაუკეთოს.
„მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ ბრძოლაში კატარის გამოთიშვა კი გაერთიანებული სამეფოს უმდიდრეს ადამიანს, ჯიმ რეტკლიფს ახალ შანსებს უჩენს. გამოცემები ვარაუდობენ, რომ ამჟამად არსებული ერთადერთი ცნობილი პერსპექტიული მყიდველი, საწყის ეტაპზე, შესაძლოა კლუბის მხოლოდ 25%-ის შესყიდვას შეეცადოს. Reuters-ის ცნობით, Ineos-ს თავმჯდომარე მზადაა, მეოთხედი წილისთვის $1.5 მილიარდზე მეტი გადაიხადოს.
რეტკლიფის შეთავაზება „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაახლოებით $6 მილიარდად აფასებს, რაც შეესაბამება Forbes-ის მონაცემებსაც, რომლის მიხედვითაც, „პრემიერ ლიგის“ საკულტო კლუბი მეორე ყველაზე ღირებული საფეხბურთო კლუბია და რეიტინგში მხოლოდ ესპანეთის „მადრიდის რეალს“ ($6.07 მილიარდი) ჩამორჩება.
რაც შეეხება რეტკლიფს, ამერიკული Forbes-ის შეფასებით, მისი ქონება $18.7 მილიარდს უტოლდება, რაც ბრიტანელს მსოფლიოს 87-ე უმდიდრეს ადამიანად აქცევს. გლეიზერების ოჯახი კი, რომელიც NFL-ის კლუბ Tampa Bay Buccaneer-საც ფლობს, ამერიკის რიგით 63-ე უმდიდრესი ოჯახია და ამჟამად, $4.7 მილიარდის ქონებას ფლობს.