ზამთრის ბოლოს, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გათბობის საწვავზე მოთხოვნის შემცირების შედეგად, კატარმა, Bloomberg-ის მონაცემებით, აშშ-ს გადაასწრო და თხევადი ბუნებრივი აირის წამყვანი ექსპორტიორის წოდება დაიბრუნა. აპრილში კატარიდან საწვავის ექსპორტმა 7.5 მილიონი მეტრული ტონა შეადგინა.
ზამთრის თვეებში დაბალმა ტემპერატურამ და ევროპის სურვილმა, შეემცირებინა რუსულ გაზზე დამოკიდებულება, ბუნებრივ აირზე მოთხოვნილებისა და საწვავზე ფასების ზრდა გამოიწვია. ზამთრის დასრულების შემდგომ, აშშ-ის საექსპორტო ტერმინალების ნაწილმა რბილი მოთხოვნისა და დაბალი ფასების პერიოდი ტექნიკური მომსახურების გასატარებლად გამოიყენა, რამაც ამერიკის შეერთებული შტატების წარმოება შეამცირა. აღსანიშნავია, რომ ფიქლის გაზის რევოლუციამ, თხევად გაზად გარდაქმნის ობიექტებში მილიარდობით დოლარის ინვესტიციებთან ერთად, ათწლეულზე ნაკლებ პერიოდში, ამერიკის შეერთებული შტატები LNG-ის წმინდა იმპორტიორიდან, ტოპ-ექსპორტიორად აქცია.
სამომავლოდ, სავარაუდოდ, ამერიკის შეერთებული შტატები და კატარი LNG-ის გლობალურ ბაზარზე მთავარი კონკურენტები გახდებიან. კონკურენციას, წლის ბოლოს ლუიზიანაში Calcasieu Pass-ის საექსპორტო ტერმინალის მშენებლობაც გაამძაფრებს, რის შედეგადაც, აშშ თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების მაქსიმალურ მოცულობას, დღიურად 393 მილიონ კუბურ მეტრს მიაღწევს.
რაც შეეხება კატარს, სახელმწიფო, 2020 წლების ბოლოსთვის, უზარმაზარი საექსპორტო ტერმინალის პროექტის განხორციელებისთვის ემზადება, რამაც შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთის ქვეყანა საწვავის მთავარ მიმწოდებლად აქციოს.
დატოვე კომენტარი