კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია 1998 წელს კავკასიის ბიზნესის სკოლის დაფუძნებით იწყება. თითქმის 23 წლის შემდეგ უნივერსიტეტის 10 სკოლა და 50-მდე საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა ათასობით სტუდენტსა და კურსდამთავრებულს აერთიანებს.
დღეს უნივერსიტეტის სტრატეგიულ გეგმაში ცენტრალური ადგილი უჭირავს დაწესებულების ინტერნაციონალიზაციას, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის შემდგომი განვითარების, რეგიონული მასშტაბურობის შეძენისა და შემოსავლების დივერსიფიკაციის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკაზე, მიზნებსა და სტრატეგიულ გეგმაზე Forbes Georgia კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორს, ირენა მელუას ესაუბრა.
ირენა, ინტერნაციონალიზაცია კავკასიის უნივერსიტეტის სამი სტრატეგიული მიმართულებიდან ერთ-ერთია. როგორ ხედავს CU ამ მიმართულების განვითარებას?
ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიულ მიზნად იდენტიფიცირება კავკასიის უნივერსიტეტის ისტორიის ლოგიკური გაგრძელებაა. უნივერსიტეტის ისტორია 1998 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დახმარებითა და ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (ატლანტა, აშშ) თანამშრომლობით იწყება. ვთვლით, რომ ეს იყო დასავლური ბიზნესგანათლების, სასწავლო პროცესისადმი მიდგომებისა და სტანდარტების საქართველოში დამკვიდრებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
კავკასიის ბიზნესის სკოლის ბაზაზე 2004 წელს შეიქმნა კავკასიის უნივერსიტეტი, რომელიც დღეს ათეულობით მიმართულებას აერთიანებს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე. ამ წლების განმავლობაში ინტერნაციონალიზაციის არაერთი კომპონენტი აქტიურად იყო წარმოდგენილი საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, თუმცა ჩვენი ახალი სტრატეგიული განვითარების გეგმა გვთავაზობს ინსტიტუციურ და სისტემურ ხედვას ამ მიმართულებით. დღეს უნივერსიტეტის მკაფიო მიზანია სწავლა, სწავლება და კვლევა კიდევ უფრო დაუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს და კავკასიის უნივერსიტეტი ასოცირდებოდეს ხარისხიანი და საერთაშორისო დონის განათლების მიღების შესაძლებლობასთან განათლების მაძიებლისთვის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
ამ მიზნის მისაღწევად უნივერსიტეტმა რამდენიმე მიმართულებით უნდა იმუშაოს მომდევნო წლებში: საერთაშორისო აკრედიტაციები; დუალური პროგრამები; ერთობლივი კვლევითი პროექტები; სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა და ა.შ.
ინტერნაციონალიზაცია საკმაოდ ფართო სფეროა, ამიტომაც მისი კომპონენტები სჯობს ცალ-ცალკე განვიხილოთ. დავიწყოთ გაცვლითი პროგრამებით. როგორია უნივერსიტეტის ხედვა ამ ნაწილში?
სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობა ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. კავკასიის უნივერსიტეტში წლიდან წლამდე იზრდება პარტნიორების რაოდენობა – ბოლო მონაცემებით, უნივერსიტეტი 54 ქვეყნის 166 უმაღლეს სასწავლებელთან თანამშრომლობს.
გარდა ორმხრივი შეთანხმებებისა, ჩართულები ვართ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებში. Erasmus+ ეროვნული ოფისის სტატისტიკის თანახმად, ჩვენი უნივერსიტეტი საქართველოში კერძო უმაღლეს სასწავლებლებს შორის პირველ ადგილს იკავებს მობილობის საგრანტო კონკურსებში მოზიდული პროექტების რაოდენობის მიხედვით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საერთო რეიტინგში მესამე ადგილზე ვართ. ვფიქრობთ, კერძო უნივერსიტეტისთვის ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა. Erasmus+ მობილობის ექვსი კონკურსის შედეგად ჩვენ ვითანამშრომლეთ 55 ევროპულ უნივერსიტეტთან – ვსაუბრობთ დაახლოებით 128 დაფინანსებულ პროექტზე. ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში კი სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, მობილობა განახორციელონ 99 პარტნიორ უნივერსიტეტში მსოფლიო მასშტაბით.
საგულისხმოა, რომ ჩვენ მიმღები უნივერსიტეტიც ვართ – უკვე წლებია, Erasmus+-ის პროექტებით ვმასპინძლობთ სტუდენტებს ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში კი სტუდენტებს ვიღებთ ამერიკიდან და აზიის ქვეყნებიდან. გარდა აღნიშნულისა, პარტნიორებს ვთავაზობთ მათ საჭიროებებზე მორგებულ მოკლევადიან პროგრამებსაც. მაგალითად, მომავალ წელს ვმასპინძლობთ სტუდენტთა ჯგუფს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან. ისინი ჩვენს სტუდენტებსა და პროფესორებთან ერთად ტურიზმის მიმართულებით გამოყენებით კვლევებზე იმუშავებენ. პროექტში ასევე ჩართულია საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია და დაფინანსებულია USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში. მომავალ წელს ასევე ველოდებით ბაკალავრების ჯგუფს გრენობლის მენეჯმენტის სკოლიდან და მაგისტრებს ჩარლსტონის კოლეჯიდან, აშშ.
საერთაშორისო პარტნიორების რაოდენობის ზრდა სხვა მიმართულებებით თანამშრომლობის საშუალებასაც იძლევა. უკვე დიდი ხანია, ორმაგი ხარისხის დუალურ პროგრამებს ახორციელებთ პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად. როგორ შეაფასებდით ამ გამოცდილებას და გეგმავთ თუ არა ამ მიმართულების გაფართოებას?
ჩვენ უკვე ჩვიდმეტი წელია, რაც გრენობლის მენეჯმენტის სკოლასთან პარტნიორობით ვახორციელებთ ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამას. თავად ვარ ამ პროგრამის კურსდამთავრებული და ვთვლი, რომ ძალიან კარგი შესაძლებლობაა როგორც სწავლების ხარისხის, ისე იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოში გვაქვს. ბევრ ჩვენგანს სხვადასხვა მიზეზით ეზღუდება განათლების მიღების მიზნით საზღვარგარეთ გამგზავრების შესაძლებლობა – იქნება ეს კარიერა, ოჯახის მობილობის პრობლემა თუ სხვა, მათ შორის, ფინანსური ბარიერები. შესაბამისად, ეს არის უნიკალური შეთავაზება როგორც ადგილობრივი, ისე რეგიონის სტუდენტებისთვის. ამასთან, კავკასიის უნივერსიტეტი გრენობლის Off-Site კამპუსია და ეს პროგრამა ერთადერთია საქართველოდან, რომელიც Financial Times-ის Executive MBA პროგრამების რეიტინგში მოხვდა.
თუმცა, ეს არ არის ამ ტიპის ერთადერთი თანამშრომლობა ჩვენი უნივერსიტეტისთვის. აქტიურად ვმუშაობთ ერთობლივი ორმაგი ხარისხის პროგრამებზე სხვადასხვა უნივერსიტეტებთან: გერმანულ TH Wildau-სთან, რომელიც მოწინავეა ტექნოლოგიების დარგში და გამოყენებითი მეცნიერების უდიდესი უნივერსიტეტია ბრანდენბურგის ფედერალურ მიწაზე, შევიმუშავეთ ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა, რომელსაც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს ვთავაზობთ.
2022 წლიდან ნიუ-ჯერსის სითი უნივერსიტეტთან (აშშ) ერთად გამოვაცხადებთ მიღებას კიბერუსაფრთხოების ორმაგი ხარისხის პროგრამაზე, ასევე ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამას რენის ბიზნესის სკოლასთან (საფრანგეთი) და ტურიზმისა და მასპინძლობის ერთობლივ პროგრამას ფერლი-დიკინსონის უნივერსიტეტთან (აშშ). აღნიშნული საბაკალავრო პროგრამების უპირატესობაა ორმაგი დიპლომი და პროგრამის ხანგრძლივობა, რომელიც სამ აკადემიურ წელს შეადგენს – ეს თავისთავად მნიშვნელოვანი სიახლეა საქართველოს განათლების ბაზარზე.
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით ვთანამშრომლობთ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტსა და ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტის როზენის კოლეჯთან და ვმუშაობთ სამაგისტრო პროგრამაზე ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით. ასევე გვაქვს შეთანხმება და ვმუშაობთ რამდენიმე ახალ ორმაგი ხარისხის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად. ამ პროგრამებს სამიზნე აუდიტორიას უახლოეს პერიოდში შევთავაზებთ.
ამ ტიპის თანამშრომლობის ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელი და მრავალფეროვანია, თუმცა მინდა, კიდევ ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროგრამის შესახებ გავუზიარო ინფორმაცია თქვენს მკითხველს. KEDGE-ის ბიზნესის სკოლა ბორდოს კამპუსით ერთ-ერთ საუკეთესო პროგრამას გვთავაზობს მეღვინეობის მიმართულებით. მათთან ჩვენი სტრატეგიული შეთანხმება ქართულ-ფრანგული ღვინის სკოლის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. გვსურს, ქართული ღვინის კულტურა დავუკავშიროთ საფრანგეთს და ორი ქვეყნის უნიკალური გამოცდილების გაზიარებით განვავითაროთ და ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტებს შევთავაზოთ ღვინის მიმართულებით სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამები.
რომ შევაჯამო, ვცდილობთ, ჩვენ მიერ შეთავაზებული ორმაგი ხარისხის პროგრამები მოიცავდეს როგორც ევროპული, ისე ამერიკული განათლების მიღების შესაძლებლობას, აგრეთვე, ახალი საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას და ქართული ბაზრისთვის საინტერესო მიმართულებების ათვისებას.
მიმდინარე წელს კავკასიის უნივერსიტეტმა რამდენიმე ახალი ინგლისურენოვანი პროგრამა შეიმუშავა, არის თუ არა ეს საერთაშორისო სტუდენტებზე ფოკუსირების დასაწყისი და რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გეგმავთ? ასევე, როგორია პროგნოზი – რა მოცულობით ელით შემოსავლების გაზრდას საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის შემდეგ?
დიახ, ბოლო პერიოდში ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენი სასწავლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, მათ შორის, სწორად აღნიშნეთ, ათამდე ახალი ინგლისურენოვანი პროგრამა შევიმუშავეთ, რომლებსაც უკვე მიენიჭა აკრედიტაცია. მანამდე მსურველებს ვთავაზობდით მედიცინის პროგრამას, აგრეთვე მენეჯმენტისა და ეკონომიკის სადოქტორო პროგრამებს ინგლისურ ენაზე. თუმცა აუცილებელია, ითქვას, რომ ამით არ სრულდება ეს პროცესი – ვმუშაობთ ახალ მიმართულებებზეც, რომელთა შესახებაც ინფორმაცია მას შემდეგ იქნება საჯარო, როდესაც კონკრეტული შედეგები გვექნება.
ინგლისურენოვანი პროგრამების შემუშავებაზე ფოკუსირება განპირობებულია უნივერსიტეტის სტრატეგიული მიზნით, საერთაშორისო სტანდარტებისა და აღიარების მქონე, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო პროგრამები შევთავაზოთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარს.
მასშტაბური სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებამდე ჩავატარეთ საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი კვლევები, რამაც შესაძლებელი გახადა იმ ქვეყნების იდენტიფიცირება, რომლებიც 5-7 წლის განმავლობაში ჩვენი სამიზნე ბაზრები იქნება. ასევე დეტალურად შევისწავლეთ ამ ბაზრების მოთხოვნები.
გარდა უნივერსიტეტის სტრატეგიული მიზნების განხორციელებისა, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო შემოსავლების დივერსიფიკაციის საჭიროება, ამის ერთ-ერთი გზა კი სწორედ საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვაა. გაზრდილი შემოსავლები ერთმნიშვნელოვნად აუმჯობესებს უნივერსიტეტის პოტენციალს და შესაძლებელს ხდის ისეთი მასშტაბური ინვესტიციების განხორციელებას, როგორიც კავკასიის უნივერსიტეტის 1,500 სტუდენტზე გათვლილი ბათუმის კამპუსია, საერთო საცხოვრებლით და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, CU ჰოსპიტალი, მედიცინის პროგრამისთვის სტუდენტებისათვის, ღვინის სკოლა და ა.შ. შესაბამისად, გავიმეორებ, რომ არა ამ ტიპის შემოსავლები, ამ პროექტებში ინვესტირება შეუძლებელი იქნებოდა.
რაც შეეხება პროგნოზებს და გეგმებს, ამ ეტაპზე ვმუშაობთ მინიმუმ 10 პროცენტით უცხოელი სტუდენტების რაოდენობის გაზრდაზე უნივერსიტეტში.
კვლევითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის საკითხსაც რომ შევეხოთ. რა გამოწვევებია ამ მიმართულებით და როგორია თქვენი სამომავლო ხედვა?
აუცილებლად უნდა ითქვას, რომ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ეფექტიანობა უმაღლესი სასწავლებლების და ზოგადად ქვეყნის ერთ-ერთ მთავარი გამოწვევაა, მით უფრო კვლევის ინტერნაციონალიზაცია.
კავკასიის უნივერსიტეტს ძალიან კარგად ესმის, რომ სწავლა-სწავლება და კვლევა არის უნივერსიტეტის საქმიანობის ამოსავალი, სწორედ ამიტომ, სამ ძირითად სტრატეგიულ ამოცანას შორის ინტერნაციონალიზაციასთან ერთად ვხვდებით კვლევის ინტენსიფიკაციასაც. უნივერსიტეტი მაქსიმალურად ცდილობს, გაზარდოს თანამშრომლობა ამ მიმართულებით საერთაშორისო უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებთან. ამ პროცესში წახალისებულია მკვლევართა მობილობა, უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება კვლევითი პროექტები. ასევე წახალისებულია ერთობლივი კვლევითი პროექტების დაგეგმვა პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. ამ პროცესის გამარტივებისა და ეფექტიანად წარმართვისთვის ძალიან მალე ამუშავდება Erasmus+-ის პროექტით დაფინანსებული ორენოვანი მეცნიერების მენეჯმენტის პორტალი, რაც,ხელს შეუწყობს საერთაშორისო კვლევითი ჯგუფების ფორმირებასა და ახალი პროექტების ინიცირებას.
ირენა, საერთაშორისო ასოციაციებით, აკრედიტაციით და რანჟირების სისტემებით რომ დავასრულოთ ინტერვიუ. რა სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმას გეგმავთ ამ მიმართულებით?
გავიმეორებ: ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიულ მიზნად იდენტიფიცირების ფუნდამენტი და ამოსავალი არის საერთაშორისო აღიარება – საერთაშორისო აკრედიტაციების მიღებით, ასოციაციებში გაწევრიანებით და მათ შორის, რანჟირების სისტემებში პოზიციების გაუმჯობესებით.
CU ათეულობით საერთაშორისო ასოციაციისა და ორგანიზაციის წევრია. კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია, უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი გახლდათ, ამჯერად კი მმართველი საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებს ამავე ასოციაციაში – ამ გზით უნივერსიტეტმა ძალიან ბევრი საერთაშორისო პარტნიორი შეიძინა და ჩვენი ცნობადობაც უმჯობესდება უმაღლესი განათლების გლობალურ სივრცეში.
განათლების მაძიებლებში ცნობადობის გასაზრდელად და ნდობის მოსაპოვებლად კი მნიშვნელოვანი ფაქტორი საერთაშორისო აკრედიტაციების მოპოვება და რანჟირების სისტემებში გაუმჯობესებული პოზიციებია. უკვე აღვნიშნეთ, რომ ჩვენი MBA პროგრამა ერთადერთია რეგიონიდან FT-ის რანჟირების სისტემაში. გვსურს, რომ ამ მიმართულებით უფრო მეტად ვიყოთ წარმოჩენილები და სხვა რანჟირების სისტემებშიც მოვხვდეთ.
რაც შეეხება საერთაშორისო აკრედიტაციებს, ამ მიმართულებითაც ინტენსიურად ვმუშაობთ. საერთაშორისო აკრედიტაციების პროცესში ჩაბმა ერთგვარ გარანტიას აძლევს ინსტიტუციას, საგანმანათლებლო პროცესების საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვდენილი იყოს და მსოფლიო აღიარება მოიპოვოს. მეტიც, უნივერსიტეტში შექმნილია საერთაშორისო აკრედიტაციების სამსახური, რომელიც ამ კონკრეტული ამოცანის შესრულებაზე აქტიურად მუშაობს. გასულ წელს კავკასიის ბიზნესის სკოლამ AACSB-ის აკრედიტაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი წარმატებით გაიარა, შესაბამისად, CSB პირველი ბიზნესის სკოლა იქნება საქართველოში, რომელიც ამ საერთაშორისო აღიარებას მოიპოვებს. 2020 წელსვე მივიღეთ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის TEDQUAL სერტიფიკატი ტურიზმის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამისთვის. იდენტიფიცირებული გვაქვს ასევე სხვა კონკრეტული პროგრამები და ვამუშავებთ სააკრედიტაციო განაცხადებს.
საერთო ჯამში, ჩვენი ხედვა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ყოვლისმომცველი და გრძელვადიანია. რამდენიმე წლის შემდეგაც კი, თუკი ჩავწერთ იდენტურ ინტერვიუს, გამიჭირდება ინტერნაციონალიზაციის პროცესის და მასთან დაკავშირებული სტრატეგიული მიზნების დასრულებაზე ვისაუბრო, ვინაიდან ეს საკმაოდ გრძელვადიანი, შრომატევადი და მუდმივი პროცესია, რომელსაც, ვფიქრობ, კავკასიის უნივერსიტეტის გუნდი წარმატებით უმკლავდება.
დატოვე კომენტარი