კეთილდღეობა საფრთხეშია

კეთილდღეობა საფრთხეშია

სტატია თავდაპირველად ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა 2023 წლის 3 ოქტომბერს.

საგარეო ვაჭრობას ამ დღეებში ცუდი რეპუტაცია აქვს აქაც და საზღვარგარეთაც. GOP-ის საპრეზიდენტო კანდიდატები მკაცრად საუბრობენ ამ თემაზე, ხოლო დემოკრატები მიჰყვებიან პროფკავშირების პროტექციონისტულ მიდგომებს. ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, შემოგვთავაზა 10%-იანი ტარიფის დაწესება ყველაფერზე, რაც აშშ-ს შემოაქვს და კიდევ უფრო მაღალი ტარიფების დაწესება იმ ქვეყნებში წარმოებულ საქონელზე, რომლებიც ეწევიან სავარაუდო სავალუტო მანიპულაციებს ან უსამართლო სავაჭრო პრაქტიკას.

ძალიან მარტივად, ტარიფი გაყიდვების გადასახადია. როდესაც აშშ აწესებს ტარიფს იმპორტზე, ის აწესებს გაყიდვების გადასახადს. იმპორტის 10%-იანი გადასახადი ამერიკელებს $300 მილიარდზე მეტი დაუჯდებათ. რა ამბავია! პოლიტიკოსები ამას არასდროს გეტყვიან, მაგრამ საგარეო ვაჭრობა კი არ გვასუსტებს, არამედ გვაძლიერებს. სამწუხაროდ, ჩინეთის მზარდი აგრესია აძლიერებს პროტექციონისტთა შიშს, რის გამოც აშშ-ის კანონმდებლები და პოლიტიკოსები ერიდებიან გარიგებებს, რომლებიც შეამცირებს ბარიერებს სხვა ქვეყნებთან და რეგიონებთან.

შეერთებული შტატებიცა და ბრიტანეთიც დიდ სარგებელს მიიღებენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით, თუმცა წამახალისებელი ხმაურის შემდეგ, პრეზიდენტი ბაიდენი უკან იხევს. აშშ არ თანხმდება არც აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნებთან შეთანხმებას, რაც შეამცირებდა ჩინეთის მზარდ ეკონომიკურ ძალას რეგიონში.

თავისუფალ ვაჭრობას ამ დღეებში ნაკლები დამცველი ჰყავს, ვიდრე სიტყვის თავისუფლებას. და აი, რამ უნდა გამოგვაფხიზლოს და შეგვაშფოთოს: მზარდმა პროტექციონიზმმა შეიძლება გამოიწვიოს გაუთვალისწინებელი ტრაგედია, ისევე როგორც ეს მეორე მსოფლიო ომამდე მოხდა.

დიდი დეპრესიის გამომწვევი მიზეზი იყო აშშ-ის მიერ Smoot-Hawley-ის ტარიფის აქტის მიღება, რომელმაც გაზარდა გადასახადები პროდუქტების წარმოუდგენელ რაოდენობაზე და წამოიწყო გლობალური სავაჭრო ომი, რამაც ვაჭრობა მოშალა. ამას მოჰყვა სხვა ეკონომიკური იდიოტობები, როგორიცაა, მაგალითად, გადასახადების მკვეთრი მატება.

დეპრესიამ შექმნა პირობები გერმანიაში ნაცისტური აღმავლობისთვის, რამაც, თავის მხრივ, მეორე მსოფლიო ომი გამოიწვია. ამ საშინელებათა გათვალისწინებით, მოკავშირეთა პოლიტიკური კურსის შემქმნელებმა ომის შემდგომი თავისუფალი სამყარო ტარიფების შემცირების გზაზე დააყენეს.

მოდი, გავიგოთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საერთაშორისო ვაჭრობის უზარმაზარი ზრდა გადამწყვეტი იყო კატასტროფის შემდეგ ცხოვრების დონის უზარმაზარი ზრდისთვის. მის გარეშე ყველანი საგრძნობლად ღარიბები ვიქნებოდით. მაგალითად, ის, რაც საშუალებას აძლევდა თავდაპირველ მობილურ ტელეფონს, გამხდარიყო ხელის სუპერკომპიუტერი, რომელსაც დღეს ჩვეულებრივ ამბად აღვიქვამთ, იყო რთული საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვები, რომლებიც სავაჭრო ბარიერების შემცირებით გაიზარდა. ჩივილები ვაჭრობასთან დაკავშირებით არ სრულდება. სავაჭრო დეფიციტი არაა კომპანიის წაგებული ფულის ტოლფასი. ესაა ქვეყნის ეკონომიკური სიჯანსაღის უაზრო საზომი და ჩვენს შემთხვევაში უგულებელყოფს საინვესტიციო ფულის შემოდინებას აშშ-ში. ამერიკა მუდმივად განიცდიდა სავაჭრო დეფიციტს, რადგან ჩვენ გავხდით ისტორიაში უძლიერესი ქვეყანა.

რაც შეეხება წარმოებას, ეს სექტორი ძირითადად არასაჭირო სამთავრობო რეგულაციების ნაკადმა დააზარალა. პრეზიდენტ ტრამპის დროს ამ ძალადობის შემსუბუქებამ ხელი შეუწყო ეკონომიკის ამ ნაწილის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას.

ჩინეთს უკავია ჩვენი საერთაშორისო ვაჭრობის 11%. რა თქმა უნდა, ჩვენს პოლიტიკოსებს შეუძლიათ განასხვაონ სავაჭრო პოლიტიკა პეკინთან დანარჩენი მსოფლიოს უმეტესი ნაწილისგან. სხვათა შორის, აზიის ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა სამხრეთი კორეა, იმპორტზე ტარიფების დაწესება მათ ჩინეთზე მეტად დამოკიდებულს გახდის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *