Legatum Institute-ის კეთილდღეობის ინდექსში საქართველო მსოფლიოს 149 ქვეყანას შორის 84-ე ადგილს იკავებს. გასულ წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია რეიტინგში არ შეცვლილა.
რეიტინგის მაჩვენებლები მსოფლიოს სხვადასხვა კვლევით ორგანიზაციებზე დაყრდნობით ჯამდება. მათ შორის: Gallup-ის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, Freedom House-ისა და Fragile States Index-ის.
რეიტინგში საქართველოს საუკეთესო შედეგები განათლებისა და სახელმწიფო მმართველობის კომპონენტში აქვს, ყველაზე ცუდი კი სოციალური კაპიტალის.
საქართველოს შედეგები სხვადასხვა კომპონენტებში შემდეგია:
ეკონომიკის ხარისხი – 95-ე. კრიტერიუმით იზომება ქვეყნის ეკონომიკის ღიაობა, მაკროეკონომიკური ინდიკატორები, ასევე ფინანსური სექტორის ეფექტურობა.
ბიზნესკლიმატი – 70-ე. კრიტერიუმით იზომება ქვეყნის ბიზნეს გარემო, ინფრასტრუქტურა, ბარიერები ინოვაციების კუთხით და სამუშაო ძალის შესაძლებლობები. გასულ წელთან შედარებით, საქართველო აღნიშნულ რეიტინგში 4 პოზიციით ჩამოქვეითდა.
სახელმწიფო მართვა – 52-ე. კრიტერიუმით იზომება ეფექტური მმართველობა, დემოკრატია და კანონის უზენაესობა. გასულ წელთან შედარებით, აღნიშნულ კრიტერიუმში საქართველომ პოზიცია 2 საფეხურით გაიუმჯობესა.
განათლება – 58-ე. კრიტერიუმით იზომება განათლების ხარისხი და ადამიანური კაპიტალი და განთლებაზე ხელმისაწვდომობა.
ჯანდაცვა – 90-ე. კრიტერიუმით იზომება ქვეყნის მოსახლეობის მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა და პრევენციული ზრუნვა. გასულ წელს ჯანდაცვის კომპონენტში საქართველო მსოფლიოში 96-ე ადგილზე იყო.
უსაფრთხოება – 71-ე. კრიტერიუმით იზომება ქვეყნის ეროვნული და მოსახლეობის პიროვნული თავისუფლება. ბოლო ერთ წელში საქართველოს პოზიცია აღნიშნულ კრიტერიუმში 7 ადგილით გაუმჯობესდა.
პირადი თავისუფლება – 87-ე. კრიტერიუმით იზომება სოციალური ტოლერანტობა და იურიდიული უფლებების დაცვა.
სოციალური კაპიტალი – 140-ე. კრიტერიუმი მოიცავს სამოქალაქო აქტივობას სხვადასხვა ქვეყნაში.
ბუნებრივი გარემო – 124-ე. კრიტერიუმი მოიცავს გარემოს დაცვისა და საფრთხეების პრევენციის ღონისძიებებს.
საქართველო რეიტინგში ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს. შედარებისთვის – თურქეთი მსოფლიოში 88-ე ადგილზეა, სომხეთი 96-ზე, რუსეთი 101-ზე, ხოლო აზერბაიჯანი კი 106-ზე.
კეთილდღეობის ინდექსით, მსოფლიოში პირველ პოზიციებს იკავებენ ნორვეგია, ახალი ზელანდია, ფინეთი, შვეიცარია და შვედეთი. ათეულში შედიან ნიდერლანდების სამეფო, დანია, კანადა ავსტრალია და გაერთიანებული სამეფო
დატოვე კომენტარი