გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) საქართველოს ენერგეტიკული რეფორმების განხორციელებისთვის რვა მილიონ ოთხას ორმოცი ათასი ევროს ოდენობის გრანტით დაეხმარება.
ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმის (NIP) ფარგლებში გრანტის გამოყოფის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “ენერგეტიკულ გაერთიანებაში” გაწევრიანების შედეგად აღებული ვალდებულებების შესრულებისა და ენერგეტიკის სექტორში ენერგოეფექტურობის საკანონმდებლო ბაზის (ევროკავშირის ენერგოეფექტურობის ძირითადი დირექტივების, ენერგოეფექტურობის დირექტივის 2012/27/EU და შენობების ენერგეტიკული მახასიათებლების დირექტივის 2010/31/EU დებულებების იმპლემენტაცია), განახლებადი ენერგიების საკანონმდებლო ბაზის დანერგვასა და ბაზრის რეფორმის განხორციელებაში.
KfW-სთან ხელმოწერილი ტექნიკური დახმარების პროექტი წარმოადგენს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მხრადაჭერით მიმდინარე “საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის – (GESR)” ოთხწლიანი პროგრამის დამატებით ინსტრუმენტს.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ტექნიკური დახმარების პროექტი უზრუნველყოფს საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ჩარჩოს ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებაში ხელშეწყობას, ენერგოეფექტურობის სტანდარტების განსაზღვრას, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების სისტემის ჩამოყალიბებას, შესაძლებლობათა გაძლიერებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების დანერგვის პარალელურად.
ტექნიკური დახმარების პროექტის განხორციელებაში ეკონომიკის სამინისტროს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) დაეხმარება.
დატოვე კომენტარი