$150-ის ღირებულების მანქანის იატაკის ხალიჩების დროშაში გახვევით, WeatherTech-ის დევიდ მაკნილი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მოულოდნელ ლუქსის კლასის ბრენდს ქმნის.
სუპერთასის მეორე თხუთმეტი წუთის დაწყებიდან სამ წუთში, მალევე მას შემდეგ, რაც ამერიკის ბანკის (Bank of America) რეკლამა გავიდა U2-ს ახალი სიმღერითა და ტიმ ტიბოუს მონაწილეობით, რომელიც T-Mobile-მა მოისყიდა, საინტერესო 30-წამიანმა რგოლმა კორპორაციული რეკლამის შემქმნელების უხარვეზო მუშაობა დაარღვია. ის გამოიყურებოდა, როგორც ადგილობრივი საკაბელოს რეკლამა: ბანკირი, იურისტი და კაცი ჩაფხუტით პირდაპირ კამერაში იყურებიან და მეწარმეს, რომელიც ცდილობს საქონლის წარმოებას, მუშაკების დაქირავებას და ობიექტების აშენებას აშშ-ში, ეუბნებიან: „შენ არ შეგიძლია ამის გაკეთება“. ეს მეტისმეტად ძვირია. მეტისმეტად სარისკოა. ის მათ ყურადღებას არ აქცევს და იმარჯვებს.
რა თქმა უნდა, უცნაური არაფერი არ არის იმაში, რომ, საქონლის გაყიდვის მიზნით, დროშაში გაეხვიო. სექსის შემდეგ, ეს რეკლამაში ყველაზე აშკარა თემაა, მაგრამ ამ შემთხვევაში ისე მოხდა, რომ ეს რეკლამა ასახავდა მსოფლიოს ერთ-ერთი თავისებური, ლუქსის კლასის საქონლის მწარმოებელი კომპანიის რეალურ ისტორიას: ეს არის WeatherTech-ი, ჩიკაგოს რაიონში განლაგებული, მანქანის იატაკის ხალიჩების მწარმოებელი. ოღონდ ძვირად ღირებული მანქანების იატაკის ხალიჩების მწარმოებელი, რომელთაგან ყველა აშშ-შია დამზადებული.
„ეს იყო ევოლუციური ნაბიჯი, ინვესტიცია ჩვენს მომავალში, WeatherTech-ის სახელის ბრენდირებისა და მისი მთელ ამერიკაში გავრცელების დარგში“, – ამბობს WeatherTech-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი და დამაარსებელი, 55 წლის დევიდ მაკნილი, როდესაც მას ეკითხებიან, თუ რატომ გადაიხადა $4 მილიონი ტელევიზიაში რეკლამის განთავსებისთვის, რომელიც მის საკუთარ გამოცდილებას ემყარებოდა. „და ეს დაგვეხმარა მესიჯის გავრცელებაში, რომელიც ძალიან ახლოა ჩემთვის: აშშ-ის წარმოების მნიშვნელობა, ჩვენი სამრეწველო ინფრასტრუქტურა, ამერიკული ნედლეულის გამოყენება და ამერიკელი მუშაკების დაქირავება“.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაკნილი ჯინგოისტი სუპერპატრიოტია. იმის მიუხედავად, რომ არსებობს გამართლებული საექსპლუატაციო მიზეზები იმისთვის, რათა მისი წარმოება ადგილობრივად დარჩეს, მისთვის მანქანის იატაკის $150-იანი (საშუალოდ) ხალიჩების ამერიკაში წარმოების დიდი სტიმული ის არის, რომ აუტსორსინგის (გარე რესურსების მოზიდვის) ეპოქაში, „დამზადებულია აშშ-ში“ კარგად იყიდება. მაკნილი ამ მიდგომაზე დიდ იმედებს ამყარებს. მას დასაქმებული ჰყავს 1000 მუშაკი ექვს ქარხანაში და დაკავებული აქვს 400 000 კვადრატული ფუტი საქარხნო ფართი ჩიკაგოს გარეუბანში. ის შტამპავს მთელ თავის აღჭურვილობას 18 000 სხვადასხვა ნაწილისთვის, პიკაპის ძარის პლატფორმის ხალიჩების, სატალახეებისა და სხვა ავტოაქსესუარების ჩათვლით. WeatherTech-ი ქმნის თავის შეფუთვას და ბეჭდავს ყველა თავის მასალას საკუთარი ძალებით, ჯიბის რუკის ზომის პროდუქციის პატარა კატალოგის ჩათვლითაც კი, სადაც გარე ყდის შიდა მხარეზე მოყვანილია მაკნილის ერთ-ერთი მოსაწყენი სიტყვა ამერიკული წარმოების შესახებ. ისინი ახორციელებენ ექსპორტს 21 უცხო ქვეყანაში მთელ მსოფლიოში. ეს კომპანია არის ფურცლოვანი პლასტმასის ყველაზე მსხვილი მომხმარებელი ამერიკაში. ათი წლის განმავლობაში ორციფრიანი წლიური ზრდის შემდეგ, გასულ წელს, გაყიდვები დაახლოებით $400 მილიონს შეადგენდა, $100 მილიონზე მეტს საანგარიშო საბალანსო შემოსავლით (წმინდა შემოსავლით გადასახადების გადახდამდე).
„მას ღრმად აქვს გამჯდარი თავისი პროდუქციის რწმენა და ის მასში ბევრ ფულს დებს“, – ამბობს კრის კერსტინგი, Special Equipment Market Association-ის (სპეციალური დანადგარების მწარმოებლების ასოციაციის), ავტოკომპონენტების $31-მილიარდიანი ინდუსტრიის დარგობრივი ჯგუფის პრეზიდენტი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი. „WeatherTech-ის სტილი ძალიან აგრესიული იყო და მათ მიაღწიეს, „დამზადებულია ამერიკაში“ ტრენდის მოწინავე ხაზს ჩვენს ბიზნესში“.
1988 წელს მაკნილი იყო საავტომობილო, მაღალი ხარისხის მახასიათებლებიანი საწარმოს AMG-ის, ამჟამად Daimler AG-ის განყოფილების აშშ-ის გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტი, როდესაც მან შეამჩნია მანქანის იატაკის ხალიჩების დაბალი ხარისხი, ლუქსის კლასის ავტომობილებშიც კი. ამიტომ 30 წლის ასაკში მაკნილმა გამოიტანა $50 000 სესხი მეორადი იპოთეკით და დაიწყო ძვირად ღირებული ხალიჩების იმპორტირება დიდი ბრიტანეთიდან. მალე მან შეამცირა მომარაგების ხაზები, ამერიკული საკონტრაქტო მწარმოებლის პოვნის გზით. შემდეგ მაკნილს იდეა მოუვიდა, თითოეული ავტომობილი ციფრულად გაეზომა ზუსტად მოსარგები ხალიჩის შესაქმნელად, რომელიც იატაკზე ცუდად მორგებულ სტანდარტულ ხალიჩებს შეცვლიდა. მის პროდუქციას ახასიათებს ღრმა არხები, რომლებიც იჭერს წყალს, გზის მარილს, ტალახს, ქვიშას და აქვს ნაპირები, რომლებიც მიუყვება ფეხებისთვის განკუთვნილი თითოეული ჩაღრმავების ზედა ნაწილს – აუცილებელი პირობა მანქანების პრეტენზიული მფლობელებისთვის, რომლებიც თავიანთი ინვესტიციების დაცვას ცდილობენ. მისი თერმოპლასტიკური ელასტომერები შუა დასავლურ ნულს ქვემოთ ტემპერატურაზე არ იმტვრევა და ზაფხულის სიცხეში არ ფუჭდება. შემდეგ მაკნილმა გადაწყვიტა – ბანკირებისა და იურისტების რჩევის საწინააღმდეგოდ, როგორც ეს რეკლამაშია ნაჩვენები – საკუთარი რესურსებით დაეწყო წარმოება 2007 წელს. ისეთ ეროვნულ გამოცემებში, როგორიცაა New York Times-ი, ახალი, „დამზადებულია ამერიკაში“ მარკეტინგული კამპანიის მხარდაჭერით, გაყიდვები, დიდი რეცესიის მიუხედავად, გაიზარდა.
ხალიჩების გამოშვება ჩინეთში მნიშვნელოვნად უფრო ნაკლები დაჯდებოდა (მათ რეალურად არასოდეს არ შეუსწავლიათ ეს შესაძლებლობა), მაგრამ მაკნილს კონკურენტულ უპირატესობად მიაჩნია ქარხნის ქონა ოფისთან ახლოს და არა ნახევარი მსოფლიოს დაშორებით. მაგალითად, ის მოითხოვს საკუთარი ციფრულ-ლაზერული აზომვების ჩატარებას თითოეული სერიული ავტომობილისთვის, სპეციფიკაციების ავტომობილის მწარმოებლისგან აღების მაგივრად. „ასეთნაირად მე დარწმუნებული ვიქნები, რომ ჩემი მონაცემები ზუსტია“, – განმარტავს მაკნილი. „ჩვენ ასევე გვაქვს დუბლირებული (სარეზერვო) [საწარმოო] აღჭურვილობა იმისთვის, რომ თუ, ვთქვათ, ხუთ კლიენტს ერთად უნდა მეტი ხალიჩა ერთ კვირაში, ჩვენ შეგვიძლია მივაწოდოთ ისინი ხუთივეს დაუყოვნებლივ. ეს დაახლოებით იმავეს ნიშნავს, რასაც დამატებითი ძრავები თვითმფრინავში“.
ასეთი მკაცრი კონტროლის წარმოება სასარგებლოა, რადგან გაუმჯობესებული (არაორიგინალი) ავტონაწილების მოყვარულთა დიდი ნაწილი, მანქანების ყიდვიდან პირველივე თვეების განმავლობაში აქსესუარებს უკვეთს, ამიტომ საცალო მოვაჭრეები მოითხოვენ მიმწოდებლებს, რომლებსაც შეუძლიათ, მოვლენებს წინ გაუსწრონ. „ჩვენ ვინახავთ $170 მილიონის მარაგს, 300 000 საკატალოგო ნომრით 800 ხაზზე“, – ამბობს ედ ორზეტი, Keystone Automotive Operations-ის აღმასრულებელი დირექტორი. „და როდესაც საქმე ეხება იმის უზრუნველყოფას, რომ საჭირო ნაწილი გამოჩნდეს საჭირო დროს, WeatherTech-ი ამას ყოველთვის სწორად აკეთებს. ისინი სხვა დონის ლიგაში არიან“.
WeatherTech-ი წარმატებით ახორციელებს თავის მოღვაწეობას მაღალგადასახადებიან ილინოისში, იმის მიუხედავად, რომ მაკნილი იგნორირებას უკეთებს ადგილობრივი გადასახადების შემცირებებისა და სხვა წამახალისებელი ღონისძიებების შეთავაზებებს, რადგან, როგორც ის ამბობს, მათ მეტისმეტად ბევრი სხვადასხვა პირობა ახლავს. ხოლო საათში $20 ხელფასით ნახევრად კვალიფიცირებული თანამდებობებისთვის, WeatherTech-ი გულუხვობას იჩენს რაიონში, სადაც პლასტიკური პროფილების წარმოების სფეროს სამსახურებში საშუალო ხელფასი $16-ს შეადგენს; კადრების ბრუნვა (გადინება) თითქმის არ არსებობს. „დირექტორთა საბჭოსთვის ანგარიშის ჩაბარება რომ დამჭირდეს, არსებობს ზოგიერთი გადაწყვეტილებები, რომელთა გამართლებასაც ვერ შევძლებდი“, – ამბობს მაკნილი.
WeatherTech-ი გაფართოვდა გერმანულ და კორეულ ავტომწარმოებლებთან კერძო სავაჭრო მარკის ბიზნესის გაზრდის გზით, რაც ამჟამად კომპანიის საერთო გაყიდვების დაახლოებით 30%-ს შეადგენს და იმედოვნებს საბოლოო ჯამში გარიგებების დადებას აგრეთვე დეტროიტთანაც. იმის მიუხედავად, რომ ის ნაკლებად რენტაბელურია, ვიდრე WeatherTech-ის ბრენდული გაყიდვები, კერძო სავაჭრო მარკის ბიზნესი მასშტაბებზე დიდი ეკონომიის გაკეთების საშუალებას იძლევა. ამის გარდა, მაკნილი კვლავ ცდილობს ახალი ბაზრების პოვნას ფორმირებული პლასტმასის პროდუქციისთვის. გასულ წელს, WeatherTech-მა წარმოადგინა TechFloor-ის ფილები გარაჟისთვის და სავაჭრო საგამოფენო დარბაზების იატაკებისთვის. მაკნილის კიდევ ერთი გამოგონება: WeatherTech-ის პლასტმასისგან დამზადებული მამაკაცის ქამარი, რომელიც ავიახაზების მგზავრებს შეუძლიათ არ მოიხსნან სატრანსპორტო უსაფრთხოების სამმართველოს საკონტროლო-გამშვები პუნქტების გავლისას.
და თუ ეს იდეები არ ამოქმედდა, მაკნილს კიდევ ბევრი აქვს. „ეს საკმაოდ მარტივია: თუ თქვენ აწოდებთ ტექნოლოგიურად მოწინავე, მაღალი ხარისხის პროდუქციას და თუ მომხმარებელი კმაყოფილია თქვენი პროდუქციით, თქვენი ბიზნესი გაიზრდებაუ“, – ამბობს ის. ამასთან შედარებით, „ეს დამატებითი საწარმოო ხარჯები არაფერს არ ნიშნავს“.
დატოვე კომენტარი