Art Basel-ისა და USB Global-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის მიხედვით, ხელოვნების ბაზარზე გაყიდვები პანდემიამდელ დონეს უბრუნდება.
კორონავირუსის პანდემიის გავლენით, 2020 წელს ხელოვნების ბაზარზე გაყიდვები 22%-ით შემცირდა და 50.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი 2021 წელს 29%-ით გაიზარდა და 65.1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ამ წელს ზრდა ხელოვნების ბაზრის ყველა სეგმენტმა აჩვენა, თუმცა ეს განსაკუთრებით შესამჩნევი საჯარო აუქციონების შემთხვევაში იყო. მოცემულ სეგმენტში გაყიდვები 2020 წელთან შედარებით 47%-ით გაიზარდა. კერძო სააუქციონო სახლების გაყიდვების მაჩვენებელმა – დაახლოებით 30%-იანი, დილერების ბაზარმა კი 18%-იანი ზრდა აჩვენა.
მსოფლიოს მასშტაბით ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა აშშ-ის ხელოვნების ბაზარმა, რომელზეც 2021 წელს გლობალური გაყიდვების 43% მოდის. ამ მხრივ, მეორე ადგილზე ჩინეთია 20%-ით, მესამე ადგილს კი დიდი ბრიტანეთი იკავებს 17%-ით. გასული წლის განმავლობაში აშშ-ში გაყიდვები 33%-ით გაიზარდა და 28 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ჩინეთის ხელოვნების ბაზარზე გაყიდვებმა 35%-იანი ზრდა აჩვენა და 13.4 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, იქ 14%-იანი ზრდა აღინიშნა და გაყიდვებმა 11.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა საფრანგეთის ხელოვნების ბაზარმა – გაყიდვები 50%-ით გაიზარდა და 4.7 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც ქვეყნისთვის, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
წლიური ანგარიშის მთავარი სიახლე ონლაინ გაყიდვებისა და NFT სექტორის ზრდა იყო. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის განმავლობაში ონლაინ გაყიდვები გაორმაგდა და 12.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 13.3 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა ონლაინ გაყიდვებმა ხელოვნების ბაზრის 20% დაიკავა, რაც 2020 წელთან შედარებით 5%-ით ნაკლებია. ამის მიუხედავად, ზრდა ფიქსირდება 2019 წელთან შედარებით, როდესაც ონლაინ გაყიდვები ხელოვნების ბაზრის მხოლოდ 9%-ს შეადგენდა. გასულ წელს ონლაინ გაყიდვების შემცირების მიზეზი, გარკვეულწილად, აუქციონების გამოცოცხლება იყო.
NFT-ების გაყიდვები ხელოვნების ბაზრის შეფასების დროს გათვალისწინებული არ არის, თუმცა Art Basel-ისა და USB Global-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ინფორმაციას მის შესახებაც გვაწვდის. კვლევის მიხედვით, ბლოკჩეინზე გაყიდვები 2020 წლის $4.6 მილიონიდან 2021 წელს $11.1 მილიარდამდე გაიზარდა. მოიმატა ხელოვნებასთან დაკავშირებული NFT-ების მიმართ ინტერესმაც – გასული წლის განმავლობაში გაყიდვებმა 2.6 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
ცნობისთვის, Sotheby’s-ისა და Christie’s-ის სააუქციონო სახლებმა 2021 წელს ჯამში 230 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების NFT-ები გაყიდეს, რაც არც ისე შთამბეჭდავი შედეგია. თუმცა, ექსპერტების განცხადებით, მომდევნო წლებში ზრდა ამ მიმართულებითაც არის მოსალოდნელი.
დატოვე კომენტარი