ხელოვნური ინტელექტის ეპოქა ახლა იწყება

ხელოვნური ინტელექტის ეპოქა ახლა იწყება

ChatGPT-ის შემქმნელი კომპანია არ ელოდა, რომ მათი პროდუქტი ასეთ პოპულარობას მოიპოვებდა. „[კომპანიის შიგნით] არავინ იყო მისით ასე მოხიბლული; არ ვთვლიდით, რომ ‘ეს ძალიან გამოსადეგია’“ – ამბობს OpenAI-ის პრეზიდენტი გრეგ ბროკმენი.

OpenAI-ის არაფრით გამორჩეულ, სან-ფრანცისკოს იანვრის წვიმისგან იზოლირებულ საკონფერენციო ოთახში კომპანიის პრეზიდენტი გრეგ ბროკმენი ამოწმებს იმ გუნდის „ენერგიის დონეს“, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელის, Chat-GPT-ის განვითარებაზეა პასუხისმგებელი. „როგორ მიდის საქმე? წარმოიდგინეთ, რომ არსებობს სპექტრი, რომელიც იწყება ‘ყველაფერი ცეცხლშია გახვეული და ყველა გადამწვარია’-თი და მთავრდება ‘ყველა ახლა გამოვიდა შვებულებიდან და ყველაფერი კარგად მიდის’-ით. სად ვიმყოფებით ამ სპექტრზე ჩვენ?“ – კითხვას სვამს ის.

„ვიტყოდი, რომ შვებულება სწორ დროს დაემთხვა“, – პასუხობს ერთ-ერთი თანამშრომელი. თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს შეფასება რეალობას სათანადოდ მაინც ვერ ასახავს. ნოემბერში, ChatGPT-ის გაშვებიდან ხუთ დღეში, კომპანიის სერვერები ერთმა მილიონმა მომხმარებელმა გადატვირთა. ისინი ხელოვნურ ინტელექტს ვიქტორინის კითხვებს უსვამდნენ, პოეზიის შექმნასა და რეცეპტების დაწერას სთხოვდნენ (Forbes-ის შეფასებით, ამჟამად ChatGPT-ის მომხმარებელთა რიცხვმა 5 მილიონს გადააჭარბა). კომპანიამ მომხმარებელთა თხოვნების ნაწილი ჩუმად გადაამისამართა თავის სატრენინგო სუპერკომპიუტერზე, რომელიც ათასობით ურთიერთდაკავშირებულ გრაფიკული პროცესორის ერთეულს (GPU-ს) შეიცავს. ეს პროცესორები შეკვეთით არის დამზადებული OpenAI-ის მოკავშირეების – Microsoft-ისა და Nvidia-ს დახმარებით. ამ ამბების ფონზე, ფირმის გრძელვადიანმა გეგმებმა – მაგალითად, საყოველთაო მოლოდინის ახალი ობიექტის, GPT-4-ის შექმნამ – უკანა პლანზე გადაიწია.

ახლა, როდესაც ჯგუფი ხელახლა იკრიბება, ChatGPT-ის სერვერები კვლავაც გადატვირთულია. ისინი ახალ მომხმარებლებს ბლოკავენ. წინა დღეს სერვერები ორი საათით გაითიშა. გადაღლის მიუხედავად, ოთახში შეკრებილი თანამშრომლები, რომელთა ასაკი 20-დან 40 წლამდე მერყეობს, აშკარად ხარობენ იმით, რომ ამ ისტორიულ მოვლენაში თავიანთ როლს თამაშობენ. „ხელოვნური ინტელექტი იქნება 2023 წლის ყველაზე ცხელი თემა. იცით რა? ეს ლოგიკურიცაა. ხელოვნური ინტელექტი ცალსახად ისეთივე მნიშვნელოვანი რამ არის, როგორიც იყო პერსონალური კომპიუტერი და ინტერნეტი“, – ამბობს ბილ გეიტსი. ეს ადამიანი ყველაზე მეტად არის პასუხისმგებელი ბოლო პარადიგმული ცვლილების მოტანაზე, რაც კომპიუტერული პროგრამების აღზევებას უკავშირდება.

ბაზრებსაც ის პოზიცია „უკავიათ“, რაც გეიტსს. მას შემდეგ, რაც Microsoft-მა OpenAIსთვის განკუთვნილი 10-მილიარდიანი ინვესტირების პაკეტი გამოაცხადა, კომპანიის ღირებულებამ 29 მილიარდ დოლარს მიაღწია. 34 წლის ბროკმენი და მისი ბოსი, 37 წლის სემ ალტმენი ექსტრაორდინარული მოვლენის სიმბოლოები არიან. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ OpenAI ერთადერთი მოთამაშე ნამდვილად არ არის. სურათების გენერირების სფეროში, Amazon-ი უხმაუროდ უჭერს მხარს Stability AI-ის (კომპანიის ამჟამინდელი ღირებულება: 1 მილიარდი დოლარი). ამ კომპანიის თამამი პრეზიდენტი, 39 წლის ემად მოსტაკი თვლის, რომ მოცემულ სფეროში Stability AI Amazon Web Services-ად უნდა იქცეს. კიდევ ერთი მსგავსი კომპანია, Hugging Face-ი (ღირებულება: 2 მილიარდი დოლარი) აწვდის სერვისებს ისეთ გიგანტებს, როგორიცაა Intel-ი და Meta, იმისთვის, რომ მათ თავიანთი კონკურენტული მოდელები ააგონ. გენერირებადი ხელოვნური ინტელექტის პროვაიდერების მიღმა, სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ სექტორში, არსებობენ ისეთი კომპანიებიც, რომლებიც სამუშაო იარაღებს ქმნიან. მაგალითად, ასეთებია Scale AI (ღირებულება: 7.3 მილიარდი დოლარი) და სხვები. მათზე ერთი საფეხურით მაღლა იქმნება პრაქტიკულად გამოსაყენებელი ინსტრუმენტების ეკოსისტემა, რომლის წყალობითაც ხელოვნური ინტელექტი სპეციალიზებულ კომპიუტერულ პროგრამებად გარდაიქმნება. ეს უკანასკნელნი კი ფუნდამენტურად ცვლიან სამსახურებს ადვოკატებისთვის, გამყიდველებისთვის, ექიმებისთვის და პრინციპში, ყველასთვის.

არის თუ არა ამ სფეროში „ჰაიპი“ (აჟიტირება)? რამდენიც გინდათ. 2023 წლისთვის OpenAI 200 მილიონი დოლარის შემოსავლებს აგრესიულად პროგნოზირებს. თუ დავუჯერებთ ინვესტორებისთვის გაკეთებული პრეზენტაციის ნაწილს, რომელზე წვდომა Forbes-საც ჰქონდა, მისი სავარაუდო შემოსავალი გასულ წელს მხოლოდ 30 მილიონი დოლარი იყო. კომპანიის ღირებულება 2023 წლისთვის გაყიდვებზე 145-ჯერ მეტი იქნება, მაშინ როდესაც, როგორც წესი, ეს მაჩვენებელი სხვა ფირმებისთვის 10-ს ან 20-ს შეადგენს ხოლმე (OpenAI-მ უარი თქვა საკუთარი ფინანსების შესახებ კომენტარის გაკეთებაზე. მათ მხოლოდ ის თქვეს, რომ კომპანიაში ჩადებული ინვესტიციები მრავალწლიანი და მრავალმილიარდიანია). ხელოვნური ინტელექტის ამომავალი ვარსკვლავები, წმინდა სახით, ბაზრის დამანგრევლები (disruptors) არ არიან. Amazon-ი, Google-ი, Microsoft-ი, Nvidia და სხვები უკვე შოულობენ მოგებას იმით, რომ აღნიშნული სფეროს კომპანიებისთვის „ქლაუდის“ ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფენ. Index Ventures-ის ინვესტორი მაიკ ვოლპი მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით Google-ი, თავისი უზარმაზარი რესურსებითა და მანქანური დასწავლის სფეროში ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი კვლევებით, არის ვეებერთელა ცვლადი, რომელზეც არავინ საუბრობს.

„ნიუ-იორკის საჯარო სკოლების სისტემამ ChatGPT-ის გამოყენება აკრძალა. ვორტონის პროფესორმა, რომელმაც პროგრამა გამოსცადა, ხელოვნური ინტელექტის მიერ დაწერილ საბოლოო გამოცდაში “B” დაწერა“.

არსებობს თუ არა სოციალური გამოწვევები? რა თქმა უნდა, არსებობს. არსებული მოდელები შეიცავენ მიკერძოებისა და დისკრიმინაციის საფრთხეებს, რომ არაფერი ვთქვათ ცუდი აქტორების მიერ არასწორად გამოყენების რისკებზე. სამართლებრივი დავები წარმოიშობა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ნამუშევრების ავტორობის საკითხზე და იმაზე, თუ რა სახის ნედლი მონაცემები გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის სავარჯიშოდ. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საბოლოო მიზანი, რომლისკენაც OpenAIის ლიდერები ილტვიან, არის ცნობიერი, თვითგაუმჯობესებადი „ხელოვნური ზოგადი ინტელექტის“ შექმნა. ის შეძლებს კაპიტალიზმის ტრანსფორმირებას (ალტმენის იმედი) ან კაცობრიობას საფრთხეს შეუქმნის (სხვების – მაგალითად, ილონ მასკის შიში).

თუმცა 60-ზე მეტ მკვლევართან, ინვესტორსა და ანტრეპრენიორთან საუბრის დროს ნათელი გახდა, რომ ხელოვნური ინტელექტის „ოქროს ციებაში“ არის რაღაც, რაც სხვა „ჰაიპებს“ ნაკლებად ახასიათებდათ: პრაქტიკული (შეიძლება ითქვას, მოსაწყენიც კი) ბიზნესშინაარსი. რბოლა კომპანიების სამუშაო პროცესში ხელოვნური ინტელექტის ჩართვისთვის, ფართო თუ მცირე მასშტაბით, უკვე დაწყებულია. 2022 წელს მოთხოვნა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კოდების ან, როგორც მათ უწოდებენ, API-ების გამოყენებაზე ათჯერ გაიზარდა. პროვაიდერ RapidAPI-ის მიხედვით, განსაკუთრებული ზრდა დეკემბერში დაფიქსირდა. Cowenის მიერ ჩატარებულმა, ხელოვნური ინტელექტის პროგრამების 100-ზე მეტი მყიდველი კომპანიის კვლევამ აჩვენა, რომ ახლად წარმოქმნილ ტექნოლოგიებს შორის, ხელოვნური ინტელექტი ხარჯვის მთავარი პრიორიტეტია. ChatGPT-ისა და OpenAI-ის მოდელები მალე დაინერგება Microsoft-ის მასიური გავლენის მქონე ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა Outlook-ი და Word-ი. კომპიუტერული ბიზნესპროგრამების მკეთებელთა უმეტესობაც მალე ამავეს იზამს.

მეოთხედი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც IBM-ის Deep Blue-მ დაამარცხა ჭადრაკის დიდოსტატი, გარი კასპაროვი. ამასობაში, ხელოვნურ ინტელექტზე გადასვლის დრო, როგორც იქნა, დადგა. „აღმაფრთოვანებელ დროში ვცხოვრობთ. თუმცა იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ჯერ ძალიან ადრეა“, – გვეუბნება ალტმენი, რომელიც, როგორც წესი, პრესას გაურბის ხოლმე.

*  *  *

ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში გარდამტეხი როლი ლონდონმაც ითამაშა. ამ ქალაქში მოსტაკის კომპანიის, Stability-ის ოფისია განთავსებული. აგვისტოში, OpenAI-ის სურათების გენერირების მოდელის, DALL-E-ის გაშვებიდან ძალიან მცირე ხნის შემდეგ, მოსტაკმა გამოუშვა Stable Diffusion-ი, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, რომ ტექსტის ერთი ხაზი ხელოვნების ნიმუშად ან მოსაწყენი „სელფი“ დრამატულ ავტოპორტრეტად გადააქციონ. OpenAI-ის საკუთრების მოდელისგან განსხვავებით, Stability არ ფლობს Stable Diffusion-ს. ეს უკანასკნელი ღია წყაროს („open source”) წარმოადგენს. ამის მიუხედავად, ეს ფაქტორი იქცა პროექტის ყველაზე დიდ მამოძრავებელ და შემოსავლების მომტან ძალად. ყოველდღიურად 10 მილიონი ადამიანი იყენებს Stable Diffusion-ს – უფრო მეტი, ვიდრე ხელოვნური ინტელექტის ნებისმიერ სხვა მოდელს.

ტექნოლოგიის ასეთმა სწრაფმა გავრცელებამ გარდამტეხი ცვლილებები მოიტანა. აქამდე ხელოვნური ინტელექტი სამი მიმართულებით გამოიყენებოდა. პირველი სფერო იყო აკადემია. საკვანძო კვლევა, რომლითაც ნეირონული ქსელების ძალის დემონსტრირება მოხდა, ათ წელზე მეტია, რაც გამოქვეყნდა. ეს მიგნება GPT-ის და სხვა დიდი ენობრივი მოდელების ფუნდამენტად იქცა. ამ მოდელებს ტექსტის სკანირება, გადათარგმნა და შექმნა შეუძლიათ. ამას გარდა, ხელოვნური ინტელექტი გამოიყენებოდა სადემონსტრაციო ფუნქციით. მაგალითად, Deep Blue-მ სათავე დაუდო რბოლას განსაცვიფრებელი ილეთების ჩატარებისკენ. Alphabet-ის DeepMind-მა დაბადა ჭადრაკისა და ანტიკური თამაშის – გოს ტიტანები. ბოლოს, ხელოვნური ინტელექტი გამოიყენებოდა ინკრემენტულად. მაგალითად, ისეთი აპლიკაცია, როგორიცაა Gmail-ი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გარეშეც მუშაობს, უკეთ გამოიყურება ტექსტების ავტომატურად შევსების მსგავსი ფუნქციებით.

ვერც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებით ვერ იქმნებოდა იმის შანსი, ტექნოლოგიების პრაქტიკულად გამოცდა შესაძლებელი გამხდარიყო. სწორედ ამ სიახლემ აქცია Stability ასეთ გარღვევად. მისი მალევე მოპოვებული სიცოცხლისუნარიანობა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ კომპანია ინვესტორებს 1 მილიარდ დოლარად შეეფასებინათ. აგვისტოში, მოდელის გაშვებიდან ორ კვირაში, ინვესტორებმა Stability-ს 100 მილიონ დოლარზე მეტი დაფინანსება შესთავაზეს. ამ პერიოდში პლატფორმას, ფაქტობრივად, არანაირი შემოსავალი არ გააჩნდა.

იფიქრე დიდ მასშტაბზე — იანვარში, 2 მილიარდის ღირებულების სტარტაპის, Hugging Face-ის თანადამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, კლემ დელანგმა თავისი ხელქვეითები საფრანგეთში, ოფისის გარეთ, შეკრიბა. მან კომპანიის 150 თანამშრომელს ერთადერთი თხოვნით მიმართა: იყავით უფრო ამბიციურები! „ზოგჯერ, როდესაც ინდუსტრია იზრდება, ევოლუციის სიჩქარე კლებულობს. ახლა კი ყველაფერი ძალიან, ძალიან სწრაფად ვითარდება. ვფიქრობ, რომ ეს არის პოტენციალი ბევრი 100-მილიარდიანი კომპანიისთვის“, – ამბობს ის.

გენერირებადი ხელოვნური ინტელექტის პოპულარობის აფეთქების ეპოქაში ვცხოვრობთ. ელექტრონული მუსიკის ჯგუფმა, Chainsmokers-მა Stable Diffusion-ი გამოიყენა თავისი უახლესი მუსიკალური ვიდეოს „დარენდერებისთვის“. მოსტაკი პროგნოზირებს, რომ პლატფორმის გამოყენებით, მალე მთლიანი ფილმების გენერირება იქნება შესაძლებელი. სალვადორ დალის მუზეუმი ფლორიდის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში ხელოვნურ ინტელექტ DALL-E-ს იყენებს იმისთვის, რომ ვიზიტორებს თავიანთი ოცნებების ვიზუალიზაცი­აში დაეხმაროს. სტარტაპ Midjourney-ის მიერ შექმნილი იმიჯების გენერირების ხელსაწყოთი „დახატულმა“ ხელოვნების ნიმუშმა „კოლორადოს შტატის გამოფენაზე“ უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა.

„ვფიქრობ, ეს „სპუტნიკის“ გაშვების დარი მომენტია“, – ამბობს ბროკმენის ყოფილი ბოსი, Stripe-ის პრეზიდენტი პატრიკ კოლისონი. ის ელის ხელოვნური ინტელექტის ისეთ ხელსაწყოებს, რომლებიც შეძლებენ იუტუბის ვიდეოების სინქრონულად თარგმნას ან მათ დაჯგუფებას იდენტიფიცირებადი თემების მიხედვით.

Stability-ის პოპულარობის ზრდის პარალელურად, OpenAI-ს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ChatGPT-ი გვერდზე გადაედო და დომეინზე ფოკუსირებულ ალტერნატივებზე გაეკეთებინა აქცენტი. ამით კომპანია ინტერფეისს დაზოგავდა იმისთვის, რომ მოგვიანებით მოდელის უფრო გრანდიოზული გახსნა მოეწყო. თუმცა ნოემბერში ფირმამ აღებულ კურსზე უარი თქვა. იანვარში, როდესაც ნიუ-იორკის საჯარო სკოლების სისტემამ ChatGPT-ი აკრძალა და ვორტონის პროფესორმა პროგრამის მიერ დაწერილ გამოცდას “B” ნიშანი დაუწერა, OpenAI-იმ ზოგიერთ თავის მომხმარებელს პროდუქტის ფასიანი ვერსია შესთავაზა. „Stable Diffusion-მა ბომბი ისროლა იმით, რომ რაღაცები უფრო ხელმისაწვდომი გახადა. ამან Open AI აიძულა, რომ უფრო მეტად კომერციულად ფოკუსირებულები გამხდარიყო“, – ამბობს Sequoia-ის ინვესტორი პეტ გრედი, რომელი Open AI-ს უჭერს მხარს.

ამ ყველაფერმა, თავის მხრივ, მთელ სფეროში წაახალისა კომერციული მისწრაფებები. Stability-ის პრეზიდენტმა მოსტაკმა მთელი თავისი გუნდი დაასვენა. თავად მას, დიდწილად, ეძინა. ამ პერიოდში მხოლოდ GPT-ით დაპანიკებული დიდი ბრიტანეთის საუკეთესო სკოლების დირექტორების ზარები თუ აღვიძებდა. მოსტაკი ფიქრობს, რომ 2023 წელი დამქანცველი იქნება, ვინაიდან მას მოუწევს გამალებულ კონკურენციაში ჩართვა არა მხოლოდ OpenAI-სთან, არამედ Google-ის და Meta-ს მსგავსებთანაც. თავის გუნდს ის შემდეგი სიტყვებით მიმართავს: „2023 წელს ყველანი გარდავიცვლებით“.

*  *  *

მსოფლიოს ყველაზე დიდმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა გამოწვევა მიიღეს. Google-ის პრეზიდენტმა, სუნდარ პიჩაიმ „განგაშის სიგნალი“ ჩართო; ChatGPT-ის და სხვა მსგავს მოდელებზე საპასუხოდ, კომპანიის „განდეგილი“ დამფუძნებლები სერგეი ბრინი და ლარი პეიჯი, როგორც ამბობენ, ცენტრალურ ოფისს დაუბრუნდნენ. დიდი ხნის წინ გადამდგარი გეიტსი Forbes-ს ეუბნება, რომ ის თავისი დროის 10 %-ს Microsoft-ის სხვადასხვა გუნდთან შეხვედრას და მათთან პროდუქტების მომავალზე საუბარს უთმობს.

Google-ს, წესით, სხვებთან შედარებით, უპირატესობა უნდა ჰქონდეს. 2017 წელს Google-ის მკვლევრებმა ჩაამატეს “T” აბრევიატურაში „GPT“. მათ გამოაქვეყნეს ნაშრომი ისეთ ტრანსფორმერებზე, რომლებსაც წინადადებაში სიტყვის გამოყენების კონტექსტის გათვალისწინებით, დიდი ენობრივი მოდელების პრაქტიკაში დანერგვა შეუძლიათ. ნაშრომის ერთ-ერთი ავტორი, ეიდან გომესი იხსენებს, რომ ეს ტექნოლოგია პირველად Google Translate-ში დანერგეს, შემდეგ Search-ში, Gmail-სა და Docs-ში. ის, თუ როგორ ხდება მისი გამოყენება ან რა არის მისი როლი რეკლამირებული პროდუქციის გაყიდვებში, დიდწილად გასაიდუმლოებულია. ამის გამო მომხმარებლები, როგორც წესი, მისით შოკირებულები ვერ არიან ხოლმე. „ველოდებოდი იმას, რომ მსოფლიო დაიწყებდა ჩვენს ქმნილებაზე საუბარს და მისით ახალი რაღაცების აგებას, თუმცა ასე არ მომხდარა. არაფერი შეცვლილა“, – ამბობს გომესი, რომელმაც 2019 წელს OpenAI-ის კონკურენტი, Cohere-ი დააფუძნა. ნაშრომის რვა ავტორიდან, ექვსმა Google-ი დატოვა. მათგან ხუთმა თავიანთი კომპანიები შექმნა, ერთი კი OpenAI-ში გადავიდა.

ამჟამად ისე ჩანს, რომ ინდუსტრიის ლიდერი Microsoft-ი გახდება. 2019 წელს ბროკმენმა გაიაზრა, რომ მისი კომპანია ვერ გასწვდებოდა ისეთ მსხვილი მასშტაბის კომპიუტერულ მომსახურებას, როგორსაც GPT-ი მოითხოვდა. ამ პერიოდში OpenAI-ს, არაკომერციული ორგანიზაციის რანგში, მხოლოდ ის ფული ჰქონდა, რაც პიტერ ტილისგან, მასკისგან და სხვა მსგავსი ინვესტორებისგან მოიზიდა. შესაბამისად, OpenAI-მ კომერციული ორგანიზაცია შექმნა იმისთვის, რომ საკუთარი თანამშრომლებისთვის აქციები გადაეცა და ტრადიციული დამფინანსებლები მოეზიდა. ალტმენი ამ პერიოდში სრულ განაკვეთზე მუშაობაზე გადავიდა. პარალელურად, Microsoft-ის პრეზიდენტმა, სატია ნადელამ გამოაცხადა, OpenAI-ში 1 მილიარდი დოლარის ინვესტირებას აპირებდა. მან, ასევე, OpenAI-ს მისცა წვდომა „ქლაუდის“ სერვის Microsoft Azure-ის მსხვილ და მზარდ მომხმარებელთა ბაზაზე.

„ხელოვნური ინტელექტის შესაძლო შედეგების განხილვა ახლა უნდა მოხდეს. ის ინვაზიური სახეობასავით არის. პოლიტიკის კეთებამ ფეხი უნდა აუწყოს ტექნოლოგიის განვითარების სიჩქარეს“.

Microsoft-ის 10-მილიარდიანი ინვესტიცია დაიხარჯება Chat GPT-ის ინტეგრირებაზე Microsoft Office-ის პროგრამებში. RBC Capital Markets-ის ანალიტიკოსი, რიში ჯალურია ამბობს, რომ მას წარმოუდგენია ისეთი რევოლუციური მომავალი, რომელშიც მომხმარებლებს შეეძლებათ, ღილაკის ერთი დაჭერით, Wordის დოკუმენტების ელეგენტურ PowerPoint პრეზენტაციებად გარდაქმნა.

წლების განმავლობაში, მსხვილ კომპანიებში „დიდ მონაცემებთან“ (Big Dataსთან) დაკავშირებული მთავარი კითხვა იყო ის, თუ როგორ უნდა გადაექციათ მონაცემების სიმრავლე მოგების მომტან მიგნებებად, ამბობს FPV Ventures-ის თანადამფუძნებელი პეგაჰ ებრაჰიმი, Morgan Stanley’s-ის ინვესტმენტ ბანკინგის განყოფილების ყოფილი მთავარი საინფორმაციო ოფიცერი. ახლა კომპანიების თანამშრომლები კითხვებს სვამენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გააკეთონ, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ვიდეოკატალოგების ანალიზი ან თავიანთ პროდუქტებში როგორ უნდა ჩააშენონ ჩატბოტები. „ბევრი მათგანი გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ამ ყველაფრით ვარჯიშობდა; ისინი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ დიახ, ეს საინტერესოა და შეიძლება მისი გარკვეული მიმართულებით გამოყენება“, – ამბობს ებრაჰიმი.

ხელოვნური ინტელექტის ახალი ერის დიდი დებატები კიდევ ერთი აბრევიატურის გარშემო ტრიალებს – AGI-ის, ანუ ხელოვნური გენერალური ინტელექტის. ეს არის ცნობიერი, თვითდასწავლადი სისტემა, რომელსაც, თეორიულად, ადამიანურ კონტროლს მიღმა გასვლა შეუძლია. OpenAI-ის ხელმძღვანელობის თქმით, ასეთი ტექნოლოგიის განვითარება კომპანიის მთავარი მისიაა. „ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა არ უკავშირდება იმას, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ტექნიკურ პროგრესს. ამის ნაცვლად, მთავარი კითხვა არის ის, თუ რა ღირებულებები გვჭირდება“, – ამბობს ბროკმენი. Stability-ის პრეზიდენტი მოსტაკი ამ მიზანს ირონიულად უყურებს. „მე არ მაინტერესებს AGI… თუ AGI გინდა, მაშინ შეგიძლია წახვიდე და OpenAI-ში დაიწყო მუშაობა. ხოლო თუ გსურს, განავითარო ისეთი რაღაცები, რაც ხალხამდე აღწევს, მაშინ მოდი ჩვენთან“, – აცხადებს ის.

OpenAI-ის მხარდამჭერები – მაგალითად ისეთები, როგორიცაა მილიარდერი რიდ ჰოფმანი (რომელმაც Open AI-ის არაკომერციულ ორგანიზაციას თავისი საქველმოქმედო ფონდიდან შესწირა თანხა), ამტკიცებენ, რომ AGI-ის მიღწევა ბონუსი იქნება, თუმცა ეს არ არის აუცილებელი პირობა გლობალური მოგების მისაღებად. ალტმენი აღიარებს, რომ მან ბევრი იფიქრა იმაზე, თუ რამდენად შესაძლებელი იქნება იმის გააზრება, რომ AGI მიღწეულია. ამჟამად მას სჯერა, რომ ეს არ იქნება „ერთმნიშვნელოვანი მომენტი, არამედ უფრო მეტად თანდათანობითი ტრანზიცია“. თუმცა მკვლევრები ფიქრობენ, რომ ხელოვნური ინტელექტის პოტენციური შედეგების განხილვა ახლა არის საჭირო, იმიტომ რომ, როდესაც ახალ ტექნოლოგიებს გამოუშვებენ, მათ უკან ვეღარ წაიღებენ. „ის ინვაზიური სახეობასავით არის. პოლიტიკის კეთებამ ფეხი უნდა აუბას ტექნოლოგიის განვითარების სიჩქარეს“, – ამბობს ავივ ოვადია, ჰარვარდის „ინტერნეტისა და საზოგადოების ცენტრის“ მკვლევარი.

უფრო ადრეულ მომავალში ეს მოდელები და მაღალი დონის კომპანიები, რომლებიც მათ ქმნიან, დგანან გადაუდებელი ეთიკური კითხვების წინაშე. OpenAI და სხვა მოთამაშეები იყენებენ გარეშე კომპანიებს, რომლებიც მათი მონაცემების ნაწილს ახარისხებენ და ხელოვნური ინტელექტის მოდელებს იმის დადგენაში ავარჯიშებენ, თუ სად გადის ზღვრები. ეს ხელოვნური ინტელექტის მშობელ კომპანიებს თავიანთ პირმშოებზე კონტროლს აკარგვინებთ. კომპიუტერული პროგრამების კომპანია Textio-ის პრეზიდენტმა, კირან სნაიდერმა ჩაატარა იმ ასობით სამუშაო აღწერილობის კვლევა, რომლებიც ChatGPT-ის მეშვეობით დაიწერა. მან აღმოაჩინა, რომ რაც უფრო სპეციფიკურია ბრძანება, მით უფრო შთამბეჭდავია ხელოვნური ინტელექტის პასუხი და მით უფრო მეტად პოტენციურად ტენდენციურიც. OpenAI-ის ფილტრებმა იციან, თუ როგორ გაცხრილონ ღიად სექსისტური ან რასისტული ტერმინები. თუმცა ასაკის, შესაძლებლობების ან რელიგიის მიხედვით დისკრიმინაცია შეიძლება, მაინც გაიპაროს. „ძალიან რთულია, შექმნა ისეთი სარედაქციო წესები, რომლებიც ყველა სახის დისკრიმინაციას გამორიცხავს, რის წინაშეც შესაძლოა, ადამიანები დადგნენ“, – ამბობს სნაიდერი.

დაქანცვა და შარი — Stability AI-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი ემად მოსტაკი ამბობს, რომ „Dot-AI-ის ბუშტი“ (ალუზია ცნობილ „Dot-Com-ის ბუშტზე“ – მთარგმნელის შენიშვნა) გვიახლოვდება. თუმცა ძველი ბუშტებისგან განსხვავებით, ახლის გავლენა ბიზნესზე ჯერ კიდევ გაურკვეველია. „დირექტორთა საბჭოს სხდომებზე რა არის ნომერ პირველი განხილვის თემა? გენერაციული ხელოვნური ინტელექტი“, – დასძენს ის.

საავტორო უფლებები კიდევ ერთი სადავო თემაა. Microsoft-სა და OpenAI-ს კოლექტიურად უჩივლეს და პროგრამისტების კოდების „მეკობრულად“ მითვისებაში დასდეს ბრალი (ორივე კომპანიამ ახლახან სასამართლოს მიმართა და ბრალდებების გაუქმება სთხოვა. მათ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს). Stability-ის ახლახან უჩივლა Getty Images-მა, რომელიც ამტკიცებს, რომ Stable Diffusion-ის გავარჯიშება არალეგალურად მოხდა მის საკუთრებაში არსებული მილიონობით ფოტოს გამოყენებით. კომპანიის პრესმდივანი აცხადებს, რომ ის შესაბამის დოკუმენტებს ჯერ კიდევ სწავლობს.

კიდევ უფრო საშიშები არიან ისეთი ცუდი ზრახვების მქონე აქტორები, რომლებიც განგებ იყენებენ გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს ყალბი ინფორმაციის გასავრცელებლად. მაგალითად, მათ შეუძლიათ გამოგონილი ძალადობრივი საპროტესტო აქციების ფოტორეალისტური ვიდეოების შექმნა. „ინფორმაციისადმი ნდობა დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია. ამ ნაწილს სერიოზული დარტყმა მიადგება“, – ამბობს ფეი-ფეი ლი, სტენფორდის ადამიანზე კონცენტრირებული ხელოვნური ინტელექტის ინსტიტუტის თანადირექტორი.

ის, თუ ვინ უპასუხებს ამ შეკითხვებს, ნაწილობრივ, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოხდება სწრაფად მზარდი ხელოვნური ინტელექტის ბაზრის ფორმირება. „1990-იან წლებში ჩვენ გვქონდა Altavista, Infoseek-ი და მათი მსგავსი კიდევ ათი კომპანია; ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ მათგან რომელიმე ან ნაწილი მაინც მთვარეზე მოხვდებოდა… და ასე მოხდა კიდევაც“, – იხსენებს Benchmark-ის პარტნიორი ერიკ ვიშრია.

Microsoft-ის ინვესტიციას OpenAI-ში თან ახლავს მოგების გაყოფის შესახებ შეთანხმება და, ასევე, დამატებითი მოგების გარკვეულ დონეზე განაწილების პირობა. ასეთი კონტრაქტი უპრეცედენტოა, მათ შორის, იმიტომაც, რომ მის მიხედვით, OpenAI ადრე თუ გვიან არაკომერციული ორგანიზაციის სტატუსს უნდა დაუბრუნდეს. (ალტმენი და ბროკმენი ამას უწოდებენ „უსაფრთხოების ღილაკს“ და „წრედის ავტომატურ ჩამშლელს“. მათი მიზანი ის არის, რომ OpenAI-ში არ მოხდეს ძალაუფლების კონცენტრაცია იმ შემთხვევაში, თუკი ის ძალიან დიდი გახდება.) ინდუსტრიის ზოგიერთი დამკვირვებელი ცინიკურად უყურებს ამ გარიგებას და მას აღიქვამს თითქმის ისე, როგორც გასხვისებას (ან სულ მცირე, ისეთ გაქირავებას მაინც, რომელიც ყველაზე მეტად ნადელას აწყობს). „ყოველ ჯერზე, როდესაც Microsoft-ს ვუთხარით, რომ გვინდოდა გაგვეკეთებინა ისეთი უცნაური რამ, რაც, სავარაუდოდ, მათ არ მოეწონებოდათ, მათგან თანხმობა მივიღეთ. ისინი გვეუბნებოდნენ, რომ ეს ‘ძალიან მაგარია’“, – ამბობს ალტმენი გარიგების შესახებ. (Microsoft-მა კონტრაქტის პირობების განხილვაზე უარი თქვა.)

ამ გარიგების განხილვისას, მისი კიდევ ერთი ასპექტი რჩება ხოლმე ყურადღების მიღმა: OpenAI-ს Microsoft Office-ის მონაცემებზე წვდომა აქვს. ეს საკვანძოდ მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ხელოვნური ინტელექტის მოდელები ახდენენ ინტერნეტში ხელმისაწვდომი დოკუმენტების ქანცის გაწყვეტამდე დამუშავებას. Google-ს, რა თქმა უნდა, ასეთი განძეულობა უკვე აქვს. მისი მასიური ხელოვნური ინტელექტის განყოფილებები წლობით ამუშავებდნენ მონაცემებს, ძირითადად, საკუთრი ბიზნესის დასაცავად. 2023 წლისთვის უკვე ხელოვნური ინტელექტის დაჩქარებულ მოდელებს ველით.

Stability-ში მოსტაკი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავისი ბიზნესი წარმოაჩინოს კრეატიულ ინდუსტრიად – ისეთად, როგორიცაა Disney და Netflix-ი. ამ გზით, მას სურს, რომ Google-თან დაპირისპირებაზე უარი თქვას. „მათ მეტი GPU აქვთ, მეტი ტალანტი ჰყავთ, მეტი მონაცემი“, – ამბობს ის. თუმცა მოსტაკმა თავისი პოტენციურად ფაუსტიანური გარიგება მაინც დადო Amazon-თან. ამ უკანასკნელმა, რომელიც „ქლაუდის“ სერვისების ლიდერია, Stability-ს 4000 Nvidia-ს ხელოვნური ინტელექტის ჩიპი გადასცა. მათი მეშვეობით, კომპანიამ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სუპერკომპიუტერი ააწყო. მოსტაკის თქმით, ერთი წლის წინ Stability-ს სულ რაღაც 32 ასეთი GPU ჰქონდა.

„მათ წარმოუდგენლად მიმზიდველი გარიგება დაგვიდეს“, – ამბობს მოსტაკი. ამის მიზეზი აშკარაა: ეს სინერგია ქმნის მეწველ ძროხას „ქლაუდის“ კომპიუტერული ოპერაციებისთვის, რომლებიც Amazon Web Service-ზე არის გაშვებული. ამ გარიგებით, Amazon-ს ასევე შეუძლია შინაარსის გენერირება თავისი Studios-ის განყოფილებისთვის. თუმცა ამ ყველაფრის მიღმა, მათი გათვლების შესახებ არაფერი ვიცით.

ხელოვნური ინტელექტის განხილვისას, არ უნდა დაგვავიწყდეს Apple-ი და Facebook-ის მშობელი კომპანია Meta. ორივე მათგანს საკუთარი ხელოვნური ინტელექტის განყოფილებები აქვს. Appleმა ახლახან გამოუშვა განახლება, რომელიც Stable Diffusion-ის თავის უახლეს ოპერაციულ სისტემაში ჩააშენებს. Meta-ში, ხელოვნური ინტელექტის მიმართულების უფროსმა მეცნიერმა, იენ ლეკუნმა დაიჩივლა რეპორტიორებთან (და ტვიტერზე) იმის შესახებ, რომ ChatGPT-ის გარშემო ზედმეტად დიდი აჟიოტაჟი არის ამტყდარი. ამას გარდა, ბევრი ისეთი სტარტაპია, რომელიც ცდილობს, კონკურენცია გაუწიოს OpenAI-ს, Stability-ს და სხვებს. Hugging Face-ის (რომელიც Stable Diffusion-ის ღია წყაროების მოდელის მასპინძელია) 34 წლის პრეზიდენტი, კლემ დელანგი წარმოიდგენს ერთგვარ „აჯანყებულების ალიანსს“ („ვარსკლავური ომებიდან“ – მთარგმნელის შენიშვნა) – ხელოვნური ინტელექტის მოდელების დივერსიფიცირებულ ეკოსისტემას, რომელიც ნაკლებად იქნება დამოკიდებული რომელიმე დიდ ტექნოლოგიურ კომპანიაზე. როგორც დელანგი ამტკიცებს, სხვანაირად, არსებული მოდელები არ იქნება გამჭვირვალე და ისინი დამოკიდებულები იქნებიან დიდი ტექნოლოგიური კომპანიებისგან წამოსულ სუბსიდიებზე. „ეს ქლაუდ-ფულის გათეთრებაა“, – ამბობს ის.

ყველა სტარტაპი ცდილობს, ტალღის სათავეში მოექცეს. მაგალითად, Jasper-ი ხელოვნურ ინტელექტზე ფოკუსირებული კო­პირაიტერია, რომელიც GPT-ით გამოსადეგ ინსტრუმენტებს ქმნის. ამ კომპანიამ გასულ წელს 75 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. Jasper-მა უკვე შეწყვიტა კონცენტრირება ინდივიდუალურ მომხმარებლებზე. ზოგიერთი მომხმარებელი თვეში 100 დოლარზე მეტს იხდიდა ისეთი სერვისებისთვის, რისი მიწოდებაც ახლა უკვე ChatGPT-ს შეუძლია (OpenAI-ის პირველადი წვდომის (first-party) აპლიკაციები ჯერაც არ გამოსულა). „ეს ყველაფერი ისე სწრაფად შეიძლება ჩაიფუშოს… ისეთი გარემოა, რომელშიც უპირატესობა თითქოს არავის გააჩნია“, – ამბობს Jasper-ის პრეზიდენტი დეივ როგენმოსერი.

იგივე შეიძლება ითქვას OpenAI-ზეც, რომელიც ამჟამად ყველაზე დიდი სამიზნეა. იანვარში OpenAI-ის ყოფილი მკვლევრების მიერ დაარსებულმა სტარტაპმა, სახელად Anthropic-მა, გამოუშვა საკუთარი ჩატბოტი – Claude-ი (ამ კომპანიას ფინანსურად მხარს უჭერდა აწ უკვე გაკოტრებული ფირმის, FTX-ის დამფუძნებელი სემ ბენკმან-ფრიდი). Scale AI-ის პრეზიდენტი ალექსანდრ ვენგი ამბობს, რომ ეს ბოტი, ბევრი თვალსაზრისით, ChatGPT-ის კონკურენტია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრად მცირე რესურსებით არის შექმნილი. ვენგი ინფრასტრუქტურულ პროგრამებს ორივე კომპანიას (OpenAI-სა და Anthropic-ს) აწვდის. „იბადება კითხვა: სად არის ბიზნესების დამცავი ჯებირები? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია“, – დასძენს ის.

ბროკმენის თქმით, OpenAI-ის არაკომერციული ორგანიზაციის ქარტიაში წერია, რომ თუკი რომელიმე სხვა კომპანია მიაღწევს ხელოვნურ ზოგად ინტელექტს, ისინი შეწყვეტენ დამოუკიდებლად მუშაობას და კონკურენტულ პროექტს შეუერთდებიან. „მსგავსი ნორმა სხვაგან არსად მინახავს“, – ამბობს ის. არც ალტმენია შეშფოთებული იმ რბოლით, რაც ამ სფეროში მიმდინარეობს. შეუძლია ChatGPT-ს, აჯობოს Google-ის ძიების ფუნქციას? „თუ გუშინდელ დღეზე იქნები კონცენტრირებული, ბევრ რამეს დაკარგავ. მე ის უფრო მაინტერესებს, თუ რა მოხდება ხვალ“, – გვეუბნება ალტმენი.

 

ფოტო: ეტან პაინსი Forbes-ისთვის

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *