აუქციონზე გამოჩნდა ხელსახოცი, რომელზეც დატანილია ესპანეთის საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ დაპირება 13 წლის ლეო მესისადმი, კლუბში მიღებასთან დაკავშირებით. ხელსახოცის ღირებულება, რომლითაც არგენტინელი სუპერვარსკვლავის კარიერა დაიწყო, თავდაპირველი შეფასებებით $300 ათასს აღწევს.
ხელსახოცს ხელი 2000 წლის დეკემბერში მოეწერა, როდესაც კარლეს რეშაქი „ბარსელონას“ იმდროინდელი სპორტული დირექტორი და საფეხბურთო აგენტი ჰორაციო გახიოლი, კლუბში 13 წლის არგენტინელის მიღებაზე შეთანხმდნენ. მომავალში კი ფეხბურთელი „ბარსელონას“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად იქცა.
აუქციონის სახლ Bonhams-ის აღწერით, ხელმოწერა ხელსახოცზე ლურჯი მელნითაა შესრულებული. გაყიდვის დაწყებიდან მალევე, აუქციონის სახლის ვებგვერდზე, ხელსახოცის შეფასებამ $274,824-ს მიაღწია. ონლაინაუქციონი 17 მაისს დაიხურება, ლოტის ღირებულება კი, სავარაუდოდ, 300,000-დან 500,000 გირვანქა სტერლინგამდე გაიზრდება.
Bonhams-ის აუქციონის სახლის შეფასებით, მართალია, ხელსახოცს იურიდიული ძალა არ გააჩნია, თუმცა ღრმად ემოციურ კავშირს წარმოადგენს „ბარსელონაში“ მესის ისტორიის დასაწყისთან. შესაბამისად, მათ, ვისაც „ბარსელონა“ და მესი უყვარს, ხელსახოცი სწორედ ამ დიდი ისტორიის ნაწილად აქცევს.
მესი „ბარსელონას“ 35 ტიტულის მოგებაში დაეხმარა, კლუბში რეკორდული რაოდენობის, 782 მატჩი ჩაატარა და 674 გოლი გაიტანა. კატალონიური გრანდი არგენტინელმა 2021 წელს დატოვა და ამჟამად Inter Miami-ის რიგებში ირიცხება.