ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FIE) 2023 წლის საუკეთესო მოფარიკავეები დაასახელა. ღონისძიება ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში გაიმართა.
2022-2023 წლების სეზონში მიღწეული შედეგების მიხედვით, FIE-მ კაცებს შორის ხმლით მოფარიკავე საუკეთესო სპორტსმენად სანდრო ბაზაძე დაასახელა. აღსანიშნავია, რომ სანდრო პირველი ქართველია, რომელმაც ამ ჯილდოს მოპოვება შეძლო.
რაც შეეხება 2022-2023 წლების სეზონში ბაზაძის მიერ მიღწეულ წარმატებებს, სანდომ წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე ხმლით ფარიკაობაში ვიცე-ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა. გარდა ამისა, ქართველმა სპორტსმენმა ევროპის ოლიმპიური თამაშები მოიგო და ევროპის ჩემპიონიც გახდა, ზედიზედ მეორედ.