უძრავი ქონების დეველოპერმა, მილიარდერმა ხორხე პერესმა 2011 წელს 40 მილიონი დოლარი უსაჩუქრა Miami Art Museum-ს (“მაიამის ხელოვნების მუზეუმი”). ეს საჩუქარი, რომლის ნახევარი მისი პირადი კოლექციის ხელოვნების ნიმუშების სახით იყო წარმოდგენილი, ნახევარი კი ნაღდი ფულით, ანდერძის თანახმად, ამ დაწესებულებას იმ პირობით გადაეცა, რომ მისთვის სამუდამოდ ამ მილიარდერის სახელი უნდა ეწოდებინათ. ამის შედეგად “პერესის სახელობის მაიამის ხელოვნების მუზეუმი” ახალ შენობაში განთავსდა. იგი მნახველებისთვის 2013 წლის დეკემბერში, Art Basel Miami Beach-ის ფესტივალის დროს გაიხსნა. ბევრი ნამუშევარი, რომლებიც ერთ დროს მილიარდერის რეზიდენციაში ინახებოდა, ახლა მუზეუმის კედლებს ამშვენებს.
სტატიის ავტორი, მორგან ბრენანი, ხორხე პერესს 2013 წელს, მუზეუმის გახსნისთვის მზადების დროს ესტუმრა.
ხორხე პერესი უზარმაზარი ოთახის შუაგულში დგას. ოთახი სავსეა როგორც მზის სინათლით, ისევე მძლავრი ელექტროხერხის მუშაობით გამოწვეული ხმაურით. ხორხე ცდილობს ხელით შეეხოს ერთ-ერთ ხელოვნების ნიმუშს, დამიან ორტეგას სკულპტურულ ნამუშევარს, რომელიც თავსატეხის 14 ბლოკისგან შემდგარ კუბს წარმოადგენს. ეს ბლოკები უწესრიგოდ დაუწყვიათ კვარცხლბეკზე, რაც მიზნად ისახავს დეკონსტრუქციის კონცეფციის გამოსახვას. ეს არის თემა, რომელიც ღრმად გასდევს ამ მექსიკელი ხელოვანის შემოქმედებას. უეცრად პერესი თავს იკავებს, ხელს უკან სწევს: “ჩემს სახლში ეს ფიგურები იდეალურ კუბს ქმნიდნენ. ვიმედოვნებ, რომ იციან, კვლავ როგორ შეაერთონ ეს ფიგურები!” – ამბობს ის ღიმილით.
კუბურ-ამერიკული წარმომავლობის 64 წლის მილიარდერი ხორხე პერესი იმითაა ცნობილი, რომ ძალიან უყვარს მაიამის საქმიან ნაწილში,ბისკაის ყურეში მდებარე ხელოვნების მუზეუმის ამ ჯერ კიდევ დაუმთავრებელ შენობაში განლაგებული დიდი რაოდენობის ხელოვნების ნიმუშების ხელით შეხება, მათი თითებით შეგრძნება. ძალიან ძნელია ამ ჩამოყალიბებულ ჩვევაზე უარის თქმა. ბოლოს და ბოლოს, ნამუშევართა დიდი ნაწილი მუზეუმში მაიამიდან, Coconut Grove-ის უბანში მდებარე მისი საკუთარი სახლიდან მოვიდა.
ეს ექსპონატები იმ 40 მილიონი დოლარის ნაწილია, – ნახევარი ნაღდი ფული, ნახევარი ხელოვნების ნიმუშების სახით – რომელიც პერესმა “მაიამის ხელოვნების მუზეუმს” 2011 წელს გადასცა, რის სანაცვლოდაც მუზეუმი დასთანხმდა სამუდამოდ ატაროს მისი სახელი. პერესის სახელობის მაიამის ხელოვნების მუზეუმი ოფიციალურად დეკემბერში, Art Basel Miami Beach-ის ფესტივალის მიმდინარეობისას გაუღებს კარს ხელოვნების მოყვარულებს. დაგეგფმილია დიდი გალა-წვეულება, რომელშიც 700 კაცი მიიღებს მონაწილეობას. “კლინტონები თუ მოვიწვიეთ?” – საკუთარ თავს ეკითხება პერესი და იმ დარბაზში დასეირნობს, სადაც მომავალში მთავარი რესტორანი განთავსდება.
იმ დროისათვის ხერხის გამკივანი ხმა დავიწყებას იქნება მიცემული, წინა შესასვლელი მოკირწყლული, ახლად დარგული მცენარეები – მასიურ ვერტიკალურ სვეტებზე მიმაგრებული, ნახატები შესაბამის გალერეებში განაწილებული, ხოლო პოლონელი მხატვრის, მონიკა სოსნოვსკას მიერ შექმნილი ნახევარტონიანი მოწყობილობა ორმაგი სიმაღლის ჭერზე იქნება დაკიდებული.
თუმცა ახლა პერესის ყურადღება ერთი რამისკენ არის მიმართული – დასრულდეს შვეიცარიული არქიტექტურული ფირმის, Herzog & de Meuron-ის მიერ დაპროექტებული ნაგებობის მშენებლობა. როგორც ჩანს, მას ამ სფეროში გარკვეული გამოცდილება აქვს, რადგან ის გახლავთ პრეზიდენტი Related Group-ისა, რომელიც სამხრეთ ფლორიდის მულტიოჯახური უძრავი საკუთრების უმსხვილესი დეველოპერია. Related Group-ს ეკუთვნის 15 მილიარდი დოლარის ღირებულების, მის მფლობელობაში და მისი მმართველობის ქვეშ არსებული უძრავი ქონება. პერესს, რომელსაც “მაიამის კონდოს მეფეს” ეძახიან, სამხრეთ ფლორიდაში 80000‑ზე მეტი ბინა აქვს აშენებული.
უძრავი ქონების სფეროში პერესის კარიერა მას მერე დაიწყო, რაც მან შემთხვევით, 1979 წელს, Related Cos.-ის (Related Group-ის დამფუძნებელი კომპანია) დამფუძნებელი, სტივენ როსი გაიცნო. “პერესის სახელობის მაიამის ხელოვნების მუზეუმი” სწორედ იმ ბედნიერი შემთხვევის ნაყოფია, რადგან პერესმა ხელი მოაწერა უორენ ბაფეტისა და ბილ გეიტსის Giving Pledge-ს (“გაცემის ფიცი”), რომლის თანახმად თითოეულმა ხელმომწერმა თავისი ქონების, სულ ცოტა, ნახევარი მაინც საქველმოქმედო საქმეებს უნდა შესწიროს. ამ მხრივ, მუზეუმი მისი პირველი ნაბიჯია. პერესი ამბობს, რომ ამ საჩუქარს კიდევ სხვა მიზეზებიც დაედო საფუძვლად: არც ისე დიდი ხნის წინანდელი, თითქმის გამანადგურებელი პირადი და პროფესიული ძნელბედობა. საცხოვრებლებთან დაკავშირებული კრიზისის დროს, 2008 წელს, Related Group-ის შემოსავალი თითქმის ნულამდე დაეცა, რადგან მისი ვალები 3 მილიარდ დოლარამდე გაიბერა. პერესი იძულებული გახდა, რამდენიმე მთავარი პროექტის გამოსყიდვის უფლება დაეთმო, ხოლო საკუთარი ფული უკანვე, კომპანიაში დაებანდებინა. ერთი წლის შემდეგ მას პანკრეასის ჯირკვალზე გოლფის ბურთის ზომის სიმსივნე აღმოუჩინეს, რომელიც 2010 წელს ქირურგიული ოპერაციის შედეგად ამოაჭრეს. ამავე წელს მან ხელახლა დააფინანსა კრედიტორებისგან აღებული სესხები, რამაც კომპანიას საშუალება მისცა, მუშაობის ჩვეულ რიტმს დაჰბრუნებოდა (ახლა, როდესაც ბაზარი კვლავ ზრდას განიცდის, მილსადენებთან დაკავშირებით პერესს 30-ზე მეტი ახალი პროექტი აქვს, რომელთა დაფინანსება ძირითადად მყიდველთა ვალდებულებებით ხორციელდება).
დროის იმ პერიოდმა, რომელიც, მისი სიტყვების თანახმად, “ყველაზე უარესი წლები იყო მის ცხოვრებაში”, პერესი დააფიქრა. “ადამიანი ეძებს ისეთ რამეებს, რაზეც ზემოქმედების მოხდენა შეუძლია გარკვეული სახის მემკვიდრეობის შექმნის მიზნით”, – ამბობს ის. მუზეუმის საქმეებთან პერესი 1994 წლიდან იყო დაკავშირებული და იცოდა, რომ ეს დაწესებულება შესყიდვებისთვის უფრო მეტ კერძო დაფინანსებას ეძებდა, ამიტომ გადაწყვიტა, ერთი ხელის მოსმით ორ ფრონტზე გაეწია დახმარება.
თუმცა სახელის შეცვლამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მუზეუმისთვის სახელის გადარქმევის შემდეგ, აღელვების ტალღამ გადაუარა ნდობით აღჭურვილ პირთა საბჭოს. ოთხმა მათგანმა პროტესტის ნიშნად დატოვა იგი – მათ შორის იყო მერი ფრანკი. მან და მისმა მეუღლემ, ჰოვარდმა (მაშინ Carnival Corp.-ის წარმოების დირექტორი), ამოიღეს გაზეთი, სადაც ერთ მთლიან გვერდზე დაბეჭდილი იყო სტატია, რომელიც ამ ქმედებას გმობდა. მათი არგუმენტი ასე ჟღერდა: მუზეუმი, რომელიც ატარებს ერთი კონკრეტული დონორის სახელს, მოკლებულია შესაძლებლობას, რომ მომავალშიც მიიღოს შემოწირულება სხვა, შესაძლოა, უფრო სქელჯიბეებიანი დონორებისგან. პერესი თავის მხრივ ამბობს, რომ ვერ ხვდება, როგორ ავნო ანალოგიურმა ქმედებამ Getty-ის ან Guggenheim-ის მუზეუმებს. ის ეჭვობს, რომ აქ საქმე შეიძლება სულ სხვა რამეში იყოს. “ეს არის პირველი მსხვილი დაწესებულება ესპანური სახელით. მიმოიხედეთ, ასეთს მეორეს ვერ ნახავთ”.
თუმცა უთანხმოება ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა იმ ფაქტის წყალობით, რომ მუზეუმი განსაზღვრული დროისა და ბიუჯეტის ფარგლებში ეტევა. შემოწირულებები ასევე საკმაოდ მსხვილია: მუზეუმმა მიზნად დასახული 120 მილიონი დოლარიდან 87 მილიონი დოლარი უკვე მიიღო და კიდევ უფრო მეტს ელის. ამ დაფინანსების უმეტესი ნაწილი პერესის ნაცნობების წრიდან წამოვიდა. “ხორხეს სურს, რომ მისი მემკვიდრეობა უფრო მეტი იყოს და არა მხოლოდ ის, რასაც მან უძრავი ქონების სფეროში მუშაობით მიაღწია”, – ამბობს როსი, პერესის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი, რომელმაც მუზეუმს 1 მილიონზე მეტი დოლარი უკვე გადასცა.
პერესი ცდილობდა, საკუთარი ბიზნესი და მუზეუმის საქმეები ერთმანეთისგან შორს ჰქონოდა. ის არც პირადად ერეოდა შენობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების საქმეში (თუ არ ჩავთვლით საკუთარი გავლენის გამოყენებას ვადების შესრულების დასაჩქარებლად) და არც უფლება ჰქონდა ამის. მუზეუმის უძრავ ქონებასთანაც კი არ ყოფილა დაკავშირებული, მიუხედავად იმისა, რომ მისი შემოწირულება დიდად დაეხმარა მუზეუმს მშენებლობის ხარჯების გასტუმრებაში. ის ასევე უარს ამბობს მუზეუმის რომელიმე კომიტეტში შესვლაზე, აშკარად არსებული ინტერესების კონფლიქტის შიშით და არ ინარჩუნებს საკუთრების უფლებას მუზეუმის რომელიმე ხელოვნების ნიმუშზე, რომელიც მუზეუმმა მისგან წაიღო გამოსაფენად. “არ მსურს, ვინმეს ვათქმევინო: ‘აჰა, მან ეს იმისათვის გააკეთა, რომ კონდომინიუმები გაეყიდა’”, – ამბობს ის.
პირველად პერესს ხელოვნება კოლუმბიაში, უფროს კლასებში სწავლის პერიოდში ჩაუვარდა გულში. სწორედ ამ დროს ის ხელოვნების თემაზე დაწერილ უამრავ წიგნს ნთქავდა, ხოლო გაკვეთილების შემდეგ სხვადასხვა მუზეუმის ხშირი სტუმარი იყო. ხელოვნების ნიმუშების შეგროვება მან სამი ათეული წლის წინ დაიწყო და, ბევრი სხვა კოლექციონერისგან განსხვავებით, თავისი კოლექციის არც ერთი ექსპონატი არასდროს არ გაუყიდია.
მისი კუთვნილი თავდაპირველი კოლექცია, რომელიც უმეტესწილად მე-20 საუკუნის ისეთი გამოჩენილი ლათინური ამერიკის მხატვრების ნამუშევრებს მოიცავდა, როგორებიც არიან ხოაკინ ტორეს გარსია და დიეგო რივერა, მან მთლიანად გადასცა “პერესის სახელობის მაიამის ხელოვნების მუზეუმს”. ამიტომ პერესი ახალი კოლექციის შეგროვებას შეუდგა. ახალი კოლექცია დაკომპლექტებული იქნება მსოფლიოს შედარებით ახალგაზრდა კონცეპტუალისტი მხატვრების ნამუშევრებით, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. “ხორხეს სურს, უფრო ახლოს იყოს მხატვრებთან, ხვდებოდეს მათ და მუშაობდეს მათთან ერთად, როდესაც კი ეს შესაძლებელი იქნება”, – ამბობს ტობიას ოსტრანდერი, “პერესის სახელობის მაიამის ხელოვნების მუზეუმის” მთავარი კურატორი. პერესმა ახლახან თავისი ახალი კოლექციისთვის ბრიტანელი და ამერიკელი მხატვრების, ჰიუ ლოკისა და ედრიან ესპარზას ბრწყინვალე აბსტრაქტული ნამუშევრები შეიძინა. “როგორც ჩანს, ჩემი ცხოვრების ყველაზე ფერადოვან ეტაპზე ვიმყოფები”, – ამბობს ის. ამ ორი მხატვრის ნამუშევრები, მას შემდეგ, რაც გარკვეული დროის მანძილზე პერესის ერთ-ერთ სახლს დაამშვენებს, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში მისი სახელობის მუზეუმში გამოიფინება.
მუზეუმის სამ სართულზე განთავსებული ექსპონატების დათვალიერებისას პერესი კედლის გასწვრივ ჩამწკრივებული ფერადი ფოტოსურათების სერიის წინ მოულოდნელად ჩერდება. ამ ფოტოებიდან ვენესუელის ნახევრად აშენებული სასტუმროები იმზირება. ეს ის პროექტებია, რომელთა განხორციელება უძრავ ქონებასთან დაკავშირებული კრიზისისას შეწყვიტა და ზღვისპირა საკურორტო ქალაქი დაცარიელებული დატოვა. ეს სურათები ალექსანდერ აპოსტოლმა გადაიღო. “მომწონს ისინი, ფლორიდაში ბევრი აღმასვლისა და დაღმასვლის პერიოდი გამოვიარეთ, რაც ყოველთვის ასეთ ასახვას პოულობს ცხოვრებაში”, – შენიშნავს პერესი. შემდეგ ჩერდება, ალბათ თავისი დახლართული ცხოვრებისთვის თვალის გადასავლებად. შემდეგ ისევ ფოტოებს უყურებს, ხელს იშვერს და ერთი წამით თითებით ეხება მათ.
დატოვე კომენტარი