ყაზანის რუბინის ახალგაზრდა ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია პრესტიჟული საფეხბურთო ჯილდოსთვის იბრძვის – ამ დროისთვის „ოქროს ბიჭუნას“ პრეტენდენტთა სამოცკაციან სიაში კვარაცხელია მესამე ადგილს იკავებს. კვარაცხელიას საერთო ხმების 12.7% ეკუთვნის, თუმცა მას ლისაბონის „სპორტინგის“ მცველი ალექსანდრ ტავარეშ ნუნო მენდესი (ხმათა 17.6%) და სტამბულის „ბეშიქთაშის“ თურქი მეკარე ერსინ დესტანოღლუ (ხმათა 32.4%) უსწრებენ [01:00, 25 აგვისტო]. ხვიჩა კვარაცხელიასთვის ხმის მიცემა ამ ბმულზე შეგიძლიათ.
აღსანიშნავია, რომ „ოქროს ბიჭუნას“ შერჩევის პროცესი რამდენიმესაფეხურიანია: Tuttosport-ის ვებ-გვერდზე ჩატარებული რამდენიმე გამოკითხვის შედეგად, ოქტომბერში დგება ფეხბურთელთა ოცკაციანი მოკლე სია, რომლიდანაც, მოგვიანებით, საერთაშორისო ფეხბურთის ექსპერტი ჟურნალისტები საუკეთესოს აარჩევენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავდაპირველად გამოკითხვაში 100 ფეხბურთელი მონაწილეობდა და დღემდე გამოკითხვის ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია იყო.
გულშემატკივართა გამოკითხვაში კვარაცხელია უსწრებს, როგორც „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემტევ მეისონ გრინვუდს, ასევე ესპანელ ნახევარმცველ პედრის, რომელმაც, სხვათა შორის, 2021-22 წლების სეზონში 74 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ევროპის ჩემპიონატზე და ტოკიოს ოლიმპიადაზე, სადაც ესპანეთს ვერცხლის მედალი მოუტანა. 2021 წლის „ოქროს ბიჭუნას“ ტიტულის მთავარი პრეტენდენტი, სწორედ პედრია.
„ოქროს ბიჭუნას“ ტიტული იტალიურმა ჟურნალმა Tuttosport-მა ჯერ კიდევ 2003 წელს დააწესა და მას ევროპის წამყვან საფეხბურთო ჩემპიონატებში მოასპარაზე 21 წლამდე ფეხბურთელებიდან ერთ-ერთს გადასცემს. აღსანიშნავია, რომ წლების მანძილზე, „ოქროს ბიჭუნას“ წოდება მიენიჭათ ინგლისელ უეინ რუნის, არგენტინელ სერხიო აგუეროს, ფრანგ პოლ პოგბასა და კილიან მბაპეს და, რა თქმა უნდა, ლიონელ მესის. გასულ წელს, ეს ტიტული დორტმუნდის „ბორუსიას“ ნორვეგიელ შემტევს, ერლინგ ჰაალანდს ერგო.
გასულ სეზონში, ყაზანის „რუბინის“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიამ 29 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მიმდინარე სეზონში ხვიჩამ ექვს მატჩში ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა. ავტორიტეტული პლატფორმა Transfermarkt, კვარაცხელიას საბაზრო ღირებულებას €18 მილიონად აფასებს, რაც ქართული ფეხბურთელისთვის რეკორდული მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიას გადაბირებით რამდენიმე ევროპული გუნდია დაინტერესებული, მათ შორის ლონდონის „ტოტენჰემი“ და „მილანი“, თუმცა სად გააგრძელებს ქართველი კარიერას ჯერჯერობით უცნობია.
დატოვე კომენტარი