გლობალურ საკონსულტაციო ფირმა Accenture-ს თავს კიბერდაჯგუფება LockBit დაესხა. აღნიშნულ ინფორმაციას კიბერკრიმინალური დაჯგუფების ვებ-გვერდი ავრცელებს. კიბერდაჯგუფება Accenture-ის დაშიფრულ ფაილებს dark web-ში გამოაქვეყნებს იმ შემთხვევაში, თუ კომპანია გამოსასყიდს არ გადაიხდის.
Accenture-ის სპიკერმა, სტეისი ჯონსმა, CNN-ს ჰაკერული თავდასხმის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურა, თუმცა არ დაუკონკრეტებია ითხოვენ თუ არა ჰაკერები გამოსასყიდს. „ჩვენი უსაფრთხოების სისტემამ და პროტოკოლმა სერვერებზე უჩვეულო აქტივობა აღმოაჩინა. კომპანიამ დაუყოვნებლივ მიიღო ზომები და დაზიანებული სერვერების იზოლაცია მოახდინა. თავდასხმით დაზიანებული სერვერების აღდგენა მალე მოხერხდა და მას გავლენა არ მოუხდენია კომპანიის ოპერაციებზე ან კლიენტების სისტემაზე.“ – განაცხადა Accenture-ის სპიკერმა.
კიბერკრიმინალური დაჯგუფება, LockBit-ი პირველად 2019 წლის სექტემბერში გამოჩნდა. დაჯგუფების სამოქმედო სტრატეგია სხვა ჰაკერული თავდასხმების ხელწერას ჰგავს. ისინი უშვებენ საკუთარ დავირუსებულ პროგრამულ უზრუნველყოფას რომელიმე კომპანიის სერვერებში, შემდეგ კი მისი წაშლის ან დოკუმენტების არგამოქვეყნების სანაცვლოდ გამოსასყიდ თანხას ითხოვენ.
ინტერპოლმა მიმდინარე წელს კომპანიები ამგვარი ჰაკერული თავდასხმების გაზრდილი საფრთხის შესახებ გააფრთხილა და უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისაკენ მოუწოდა. კიბერკრიმინალური დაჯგუფება LockBit-ი დიდი ბრიტანეთის რკინიგზის კომპანიას, Merseyrail-სა და ინდურ ახალი ამბების ორგანიზაცია, Press Trust of India-ს, დაესხა თავს.
შეერთებული შტატების მთავრობის განცხადებით, ჰაკერული თავდასხმები სახელმწიფოს ეროვნული და ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს. ჰაკერული დაჯგუფებები თავს უზარმაზარ კორპორაციებსა და სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას ესხმიან.
დატოვე კომენტარი