კიბოს პერსონალიზაცია

კიბოს პერსონალიზაცია

ერიკ ლეფკოვსკიმ დიდ წარმატებას მიაღწია ხუთი სტარტაპით, რომელთა შორისაც ყველაზე ცნობილი Groupon-ია. ის ყველგან მონაცემებს ეყრდნობა. იმუშავებს კი ეს სტრატეგია დაავადებებთან მიმართებით?

Tempus-ის დამფუძნებელი ერიკ ლეფკოვსკი კომპანიის ჩიკაგოს ლაბორატორიაში. Tempus-ის ინოვაციური პროექტები მოიცავს ხელოვნური სიმსივნეების, ე.წ. ორგანოიდების გაზრდას, რომლებზეც კიბოს მკურნალობის ტექნოლოგიებს ცდიან.

მას შემდეგ, რაც კოლეჯი დაამთავრა, ერიკ ლეფკოვსკის არ შეუსწავლია მეცნიერება, მაგრამ, როდესაც თავის სამედიცინო სტარტაპის, Tempus-ის ჩიკაგოს ლაბორატორიაში მიიკვლევს გზას, ის საექსპერტო ცოდნის ატმოსფეროს ქმნის. “რასაც მაშინვე დაინახავთ, ეს უჯრედის იისფერი შეფერილობაა”, –   ამბობს იგი და პათოლოგიაზე მიუთითებს, ჩაუვლის რა ბუფერული ხსნარით სავსე სინჯარებსა და  $1 მილიონი დოლარის ღირებულების გენომის სეკვენსერს.  “Tempus-ი  ცდილობს, ხელოვნური ინტელექტის ძალა მიაწოდოს მედიცინას, – ამბობს იგი. – ამ ყველაფერში პირველი ნაბიჯი –  მონაცემებია”.

მონაცემების შეგროვება იყო პირველი ნაბიჯი ლეფკოვსკის სხვა სტარტაპებშიც.  49 წლის ერიკმა წამოიწყო ხუთი სტარტაპი, თითოეული $250 მილიონის ღირებულებისა, რომელთაგანაც ყოველს გააჩნდა მთელი დარგის ძირეული გარდაქმნის პოტენციალი, მონაცემთა დიდი მასივების დამუშავების გზით. მისი ყველაზე ცნობილი სტარტაპი Groupon-ია. მიუხედავად გარიგებების საიტის აქციათა არასახარბიელო ფასებისა, ლეფკოვსკი ამჟამად $2.7 მილიარდადაა შეფასებული.

Tempus-ი ეყრდნობა თეორიას, რომ ინფორმაცია, ბევრი ინფორმაცია, საშუალებას მისცემს ექიმებს, კიბოს მკურნალობის პერსონალიზაცია მოახდინონ და ამგვარად იგი უფრო ეფექტიანი გახადონ.  ექიმი, რომელიც მკურნალობს ფილტვის კიბოს, შეძლებს, სიმსივნის ნიმუში გაუგზავნოს Tempus-ს გენომის სეკვენსირებისათვის. Tempus-ი განსაზღვრავს გენის მუტაციას ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორისთვის, რომელიც იწვევს უჯრედების არარეგულირებად ზრდასა და გაყოფას. შედეგად ექიმი შეძლებს მიზანმიმართული, პერსონალიზებული თერაპიის განსაზღვრას, რომელსაც შეიძლება უკეთესი შედეგები ჰქონდეს, ვიდრე ქიმიოთერაპიას.

ჯერჯერობით კომპანიამ, რომელშიც 700-მდე თანამშრომელია დასაქმებული, $520 მილიონი (ლეფკოვსკიმ შეიტანა $100 მილიონი) მოიზიდა. გამომდინარე კომპანიის მიმდინარე $3.1 მილიარდად შეფასებული ღირებულებიდან,  ინვესტორები დიდ მოგებას მოელიან:  კიბოსთან ბრძოლით დაწყებული, ისეთი ქრონიკული დაავადებების მკურნალობით გაგრძელებული, როგორიცაა დეპრესია და დიაბეტი. თუმცა ზუსტი მედიცინა ჩასახვის ფაზაში მყოფი დარგია. Tempus-მა, დამოუკიდებლად და პარტნიორებთან ერთად ოთხი წლის განმავლობაში 20 რეცენზირებულ პუბლიკაციაზე ნაკლები გამოსცა, მაშინ როდესაც მისმა კონკურენტმა სეკვენსირების დარგში Foundation Medicine-მა 9 წლის განმავლობაში 400-ზე მეტი პუბლიკაცია გამოაქვეყნა.

მიუხედავად იმისა, რომ სეკვენსირების ღირებულება შემცირდა, თითოეული ანალიზი ჯერ კიდევ ღირს 1,000-დან $ 5,000 დოლარამდე და Tempus-ი ამ საქმიანობაში ფულს კარგავს. Tempus-ი ასევე ახდენს ანონიმური მონაცემების თავისი ბიბლიოთეკის ლიცენზირებას ფარმაცევტული კომპანიებისთვის, სადაზღვევო და კვლევითი ორგანიზაციებისათვის. ლეფკოვსკი არ ამხელს შემოსავლებს, მაგრამ ამბობს, რომ იღებს შვიდციფრიან საფასურს კიბოს მედიკამენტების მწარმოებელი ათიდან შვიდი კომპანიისაგან.  

ლეფკოვსკიმ ბიზნესის ვირუსი აიკიდა მიჩიგანის უნივერსიტეტში, სადაც ისტორიას სწავლობდა და თან ხალიჩებით ვაჭრობდა. 2001 წელს მან თანადააფუძნა InnerWorkings-ი (მარკეტინგში), შემდეგ კი Echo Global Logistics-ი (ტრანსპორტირება) და Mediaocean-ი (სარეკლამო პროგრამული უზრუნველყოფა). ლეფკოვსკის მიერ დაქირავებულმა ენდრიუ მეისონმა წამოაყენა ბიზნესზე ორიენტირებული “კოლექტიური ქმედების” იდეა და  ლეფკოვსკიმაც განახორციელა 1 მილიონი დოლარის ინვესტიცია ამ წამოწყებაში, რომელმაც Groupon-ი შექმნა.  2008 წელს, დაფუძნებიდან ერთი წლის შემდეგ, კომპანიის შემოსავალმა $14.5 მილიონი შეადგინა; 2011 წელს კი მან 1.6 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.

რამდენიმე წელი ლეფკოვსკი ასევე სხვა პროექტებითაც ერთობოდა, რომელთა შორის იყო Uptake-ი (საპროგნოზო ანალიტიკა მძიმე მრეწველობისთვის).  “ყოველთვის ვიცოდი, რომ ამ  ბიზნესებში დროებით ვიყავი”, – ამბობს იგი.

2014 წელს ლეფკოვსკის მეუღლე ლიზის ძუძუს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. “გაოგნებული ვიყავი, როცა გავიგე, თუ რაოდენ მცირე მონაცემებს ეყრდნობოდა მისი მკურნალობა”, _ ამბობს ერიკი. სწორედ ამ გამოცდილებამ დაძრა Tempus-ი  ადგილიდან (ლიზი “ყოველ ჯერზე ამას ერთ დღეში იღებდა”,  _ ამბობს ლეფკოვსკი).

 

ლეფკოვსკის კვლავ დასჭირდა მონაცემები. მაგრამ ზოგიერთ მკვლევარს თავდაპირველად არ სურდა ამ მონაცემების გაზიარება. “მათ სურდათ ჩვენ მათთვის ყველა პაციენტის ყველა ნიმუში გაგვეგზავნა ხოლმე მომავალში, – ამბობს ჯონ მაკფერსონი, UC Davis Comprehensive Cancer Center-ის დირექტორის მოადგილე,   – მაგრამ ჩვენ უფრო ფრთხილი მიდგომა ვარჩიეთ”. კერძოდ კი, მათ გადაწყვიტეს კუჭ-ნაწლავის კიბოს შემთხვევების Tempus-ისა და Foundation Medicine-ის მონაცემთა პირისპირ შედარება. Tempus-მა თავი უკეთ წარმოაჩინა.

2017 წელს Tempus-მა მიაღწია სალიცენზიო შეთანხმებას ამერიკის კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოებასთან (American Society of Clinical Oncology), რათა წვდომა მიეღო და ორგანიზება გაეკეთებინა 1 მილიონი პაციენტის მონაცემებისათვის. ამჟამად კომპანია ამბობს, რომ უკვე მუშაობს აშშ-ის ონკოლოგთა 30%-თან; ბევრი გზავნის პაციენტების ჩანაწერებსა და ბიოფსიურ მასალებს ანალიზისათვის Tempus-ში. მიმდინარე წელს ტემპუსი 120,000 გენომის ნიმუშის სეკვენსირებას იმედოვნებს. და მაინც, ამ მონაცემებითაც კი, Tempus-ს მჭიდრო კონკურენცია უწევს.

შარშან შვეიცარიის ფარმაცევტულმა გიგანტმა Roche-მ $4.3 მილიარდი დახარჯა  Foundation Medicine-სა და დიდ მონაცემთა კომპანია Flatiron Health-ის შესაძენად. კიდევ ერთ სტარტაპს, Concerto HealthAI-ს, რომელსაც მილიარდერი რომეშ ვადვანი უჭერს მხარს, აქვს წვდომა თითქმის იმდენივე მონაცემზე, რაც Tempus-ს.  

UC Davis-ის ექიმებმა, ამბობს მაკფერსონი, მხოლოდ 100 ნიმუშის გაუგზავნეს Tempus-ს,  ბევრად  ნაკლები, ვიდრე Foundation Medicine-ს. “მე მგონი, ისინი ცოტა გაოგნდნენ, როდესაც Tempus-იდან. ამ მოცულობის ინფორმაცია დაბრუნდა, – ამბობს მაკფერსონი. – ექიმებს ურჩევნიათ, საქმე არ გაირთულონ და დრო დაზოგონ. თუმცა არსებობს რამდენიმე ექიმი, რომლებიც ამჟამად საკმაოდ მჭიდროდ თანამშრომლობენ Tempus-თან”.

ლეფკოვსკი კვლავ უაღრესად ოპტიმისტურად არის განწყობილი “რა თქმა უნდა, ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მთელმა ჩემმა კარიერამ მომიყვანა ამ წერტილში, – ამბობს იგი. – იმედი მაქვს, რომ ეს პროექტი იქნება ჩემი მემკვიდრეობა”.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *