კინონოსტალგია

კინონოსტალგია

განვლილი წელი კინოსამყაროსთვის სულაც არ აღმოჩნდა ისეთი უიმედო და სევდიანი, როგორც ამას ლარს ფონ ტრიერი გვიქადდა თავის „მელანქოლიაში” 2011-ს თავისუფლად შეგვიძლია კინემატოგრაფიული ნოსტალგიისა და რომანტიზმის წელიწადი ვუწოდოთ. თანამედროვე რეჟისორებმა აღტაცებით გვიამბეს წინამორბედებზე,რომლებმაც მათ კინოს სიყვარული ჩაუნერგეს; მოიგონეს ის დრო, როდესაც კინო ჯერ მხოლოდ ექსპერიმენტი იყო და მოძრავი კადრებით ხალხს ჯადოქრობის არსებობას აჯერებდა; როდესაც კინოსა და მაყურებელს ერთმანეთის უხმოდაც ესმოდათ. ცოტა ხნით დაივიწყეს XXI საუკუნის ციფრული აურზაური, გარდასული ეპოქები თამამად გააცოცხლეს და კიდევ ერთხელ შეეცადნენ მათთვის ჟორჟ მელიესის დაკარგული ფილმების ბედისწერის აცილებას.

რეჟისორი, რომელიც 2011 წელს ყველაზე მეტად შეიპყრო ნოსტალგიამ, მარტინ სკორსეზეა. „ჰუგო” რეჟისორისთვის სამგანზომილებიანი ტექნოლოგიით გადაღებული პირველი ფილმია. მისი ექსპერიმენტი მეტად წარმატებული გამოდგა და მაყურებელმაც ულამაზესი ნამუშევარი იხილა. ფილმი მოგვითხრობს პარიზის სადგურში მცხოვრებ პატარა ბიჭუნაზე, რომელსაც მამისგან დატოვებული შეტყობინების ამოსახსნელად ბევრი თავგადასავლისა და ხიფათის გამოვლა უწევს, რაც არც ახალგაზრდა, არც ზრდასრულ მაყურებელს გულგრილს არ დატოვებს. სკორსეზეს მთავარი შთაგონება ამ ფილმის გადაღებისთვის ალბათ მაინც ზემოხსენებული ჟორჟ მელიესია. რეჟისორი ამ შემთხვევაში თავად არის ის პატარა ბიჭუნა, რომელსაც ძველი ზღაპრებიდან გადმოსულმა ჯადოქარმა, მელიესმა, კინო შეაყვარა. მარტინ სკორსეზე დიდი სითბოთი და აღტაცებით გვიამბობს კინოს ერთ-ერთ ფუძემდებელზე, რომელიც იმ პირველთაგანი იყო, ვინც განჭვრიტა კინემატოგრაფიის უსაზღვრო შესაძლებლობები და მანამდე არსებულ ყოველგვარ ჩარჩოს გასცდა; მაყურებელთან ერთად იმოგზაურა მითებსა და ლეგენდებში, წყალქვეშ და კოსმოსში. იმ დროს ასეთი რამ არავის წარმოედგინა. ხოლო როდესაც სკორსეზე დიდი ფანტასტის ძველ კადრებს გვიჩვენებს, მართლაც საოცრად ნოსტალგიური გრძნობა გეუფლება და წამით ფიქრობ კიდეც – მაინც როგორი იქნებოდა იმ დარბაზში ყოფნა, სადაც შეშინებული მაყურებელები აქეთ-იქით გაიფანტნენ ეკრანზე ძმები ლუმიერების მიერ გაცოცხლებული მატარებლის მოახლოებისას, ანდა როგორი შთაბეჭდილებით დატოვებდი კინოდარბაზს მელიესის „მოგზაურობა მთვარეზე”-ს ხილვის შემდეგ.

XXI საუკუნეში, ტექნოლოგიური წინსვლისა და ინოვაციების ეპოქაში, ფრანგმა რეჟისორმა მიშელ აზანავიჩუსმა გადაიღო უხმო ფილმი – „არტისტი”. ამ ერთი შეხედვით უჩვეულო გადაწყვეტილებამ მას და მის ნამუშევარს აღიარება და უამრავი ჯილდო მოუტანა. თითქოს წარსულისთვის პატივის მიგებით აზანავიჩუსს სურდა ეჩვენებინა, რომ კინო უკვდავია და გასული საუკუნის 20-30-იანი წლების მეთოდებითა და საშუალებებითაც შეიძლება მაყურებელში კვლავ ის პირველყოფილი გრძნობა გამოიწვიო, რომელსაც კინოს სიყვარული ჰქვია; ისევ ისე გააცინო და ააღელვო ისინი. ფილმი მოგვითხობს იმ დროზე,როდესაც ჟესტიკულაციისა და ქორეოგრაფიის გარეშე კინო წარმოუდგენელად მიაჩნდათ, მსახიობები სხეულის ენით ლაპარაკობდნენ და შავ-თეთრ კადრებს ასე აფერადებდნენ; საკუთარი ხმის ჩანაწერის გაგონებაზე კი ფრთხებოდნენ და ზოგჯერ თავიანთ პროფესიას საერთოდ ანებებდნენ თავს. სწორედ ამ პერიოდში,როდესაც ხმოვანმა ფილმებმა უხმო ჩაანაცვლა, რადიკალურად შეიცვალა გმირების ცხოვრებაც. ეს ძალაუნებურად გაფიქრებინებს, მაშ, რა დაემართებოდათ გმირებს თანამედროვე დროს, როდესაც ყველაფერი მუდმივი ცვლილებისა და ჩანაცვლების პროცესშია. საბოლოოდ ამ კითხვაზე ფილმი თავად გვცემს პასუხს: ყველა ადამიანისათვის ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს როლი. ცვლილებებს სიახლესთან ერთად დანაკარგიც მოაქვთ, რომლებიც შემდეგ კოლექტიურ მეხსიერებაში ამოტივტივდება და რამდენიმე ადგილას ერთდროულად იჩენს თავს, როგორც ეს 2011 წელს მოხდა.

გასული წლის ერთ-ერთი ულამაზესი ქმნილება, რომელიც, როგორც მოსალოდნელი იყო, ნაკლებად მოექცა ფართო მასების ყურადღების ცენტრში, უდავოდ, ვიმ ვენდერსის “პინაა”. ის ნამდვილი ვიზუალური სიამოვნებაას მინიჭებს მათ, ვისთვისაც პინა ბაუშის სახელი ცნობილია, ან ზოგადად ქორეოგრაფია იზიდავს. ვენდერსმა ყველაფერი აამოძრავა და ფერები და ქსოვილებიც კი ჩართო მთლიან პროცესში. სამწუხაროდ, ბაუში ფილმის დასრულებამდე გარდაიცვალა, მაგრამ კინოს მისი ამსახველი კადრები მაინც შემორჩა. გერმანელმა რეჟისორმა მეგობარს ღირსეული პატივი მიაგო და აღბეჭდა ფირზე ის, რაც მომავალ თაობებს აუცილებლად მოენატრებათ.

2011 წლის სტივენ სპილბერგის „ომის ცხენიც” საოცრად ჩამოჰგავს ძველ ნამუშევრებს, რომლებსაც რეჟისორის ახალგაზრდობაში იღებდნენ. ფილმში შექმნილ ატმოსფეროს, ფერებს, მხატვრობას _ ყველაფერს ძველებური იერი დაჰკრავს, თითქოს ოპერატორ იანუშ კამინსკისთან ერთად მასზე ლეგენდარული ჯეკ კარდიფიც მუშაობდა და იმ ძველ ხრიკებსა და ხერხებს იყენებდა, რომლებსაც ჯერ კიდევ მაიკლ პაუელთან და ემერიკ პრესბურგერთან თანამშრომლობის დროს მიმართავდა. ამას გარდა, სპილბერგმა პროდიუსერობა გაუწია ჯ.ჯ. აბრაამსის ფილმ „სუპერ 8″-ს. ეს ფილმიც სხვა არაფერია, თუ არა პატივის მიგება და გახსენება სტუდია „ამბლინის” ისეთი ძველი საბავშვო ფილმებისა, როგორიცაა „უცხოპლანეტელი”, „გრემლინები”, „ბანდა”, „ახალგაზრდა შერლოკ ჰოლმსი” და ა.შ.

შეუძლებელია კინოზე წერისას ვუდი ალენი არ გაგვახსენდეს, რომელიც ყოველ წელს გვიმზადებს სასიამოვნო სიურპრიზს და რომელმაც 2011 წელს ერთ-ერთი ყველაზე ნოსტალგიური ამბავი აქცია ფილმად. ამჯერად ნიუ-იორკზე შეყვარებული ალენი კინოს სამშობლოს თავად ეწვია და 20-იანი წლების პარიზში სასიამოვნო მოგზაურობის შესაძლებლობა მოგვცა. “შუაღამე პარიზში” მართლაც ზღაპრულ ვოიაჟს ჰგავს. იმდროინდელი ბოჰემა მთელი თავისი ხიბლით იშლება ეკრანზე და ალენისეული იუმორით გარემოცულს გვამოგზაურებს ფიცჯერალდების წვეულებიდან გერტრუდა სტაინის სტუდიასა და სიურრეალისტების მეგობრულ შეხვედრებზე. ძალაუნებურად გვეღიმება სხვადასხვა დროში მომხდარ ამბებზე. ნოსტალგიის საბურველით შემოსილი, წარსულად ქცეული აწმყო ალბათ მომავალი თაობებისათვისაც ისეთივე სასურველი იქნება, როგორც ოუენ უილსონის პერსონაჟისათვის – ჯაზის პერიოდი, თუმცა ეს დროში მოგზაურობის დაუოკებელ სურვილს ოდნავადაც არ ანელებს. ფილმში დაკარგული თაობის წარმომადგენლები მშვენიერ ეპოქაში ცხოვრებაზე ოცნებობენ: ტულუზ ლოტრეკი – რენესანსზე; რენესანსის მცხოვრებნი ალბათ კიდევ უფრო ძველ დროზე და ასე უსასრულოდ. იუმორისტი ვუდი ალენი რომანტიკოსი აღმოჩნდა და თამამად გაგვანდო საკუთარი ოცნებები, თუმცა ბოლოს მაინც XXI საუკუნეს დაუბრუნდა და მომავალი წლისათვის ახალი ფილმის გადაღებას შეუდგა.

ფილმი, რომლითაც ყოველთვის მემახსოვრება 2011 წელი, ტერენს მალიკის „სიცოცხლის ხეა”. ეს სულ რაღაც მეექვსე ფილმია მალიკის ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში და ალბათ ყველაზე განსაკუთრებულიც. მართალია, ფილმი ძალიან პირადულია, მაგრამ ის მაინც თითოეულ მაყურებელს ესაუბრება, მათ გონებასა და გულში აღწევს. მალიკის კიდევ ერთი შედევრის, „ახალი სამყაროს” მსგავსად, „სიცოცხლის ხეც” ნამდვილი კინემატოგრაფიული პოეზიაა, ემანუელ ლიუბეცკის ნებისმიერი კადრი კი ძვირფას ჩარჩოში ჩასასმელ ტილოდ გამოდგება. მიუხედავად მინიმალური დიალოგისა, ფილმი ემოციების ნამდვილი სიმფონიაა და ყველა იმ აზრსა და კითხვას ბადებს მაყურებელში რაც კაცობრიობას სიცოცხლის ხის ნაყოფის გასინჯვის შემდეგ გაუჩნდა და მას შემდეგ მუდმივად აწუხებს. ფილმში მალიკი გვიჩვენებს სამყაროს შექმნის ხანგრძლივ კადრებს და დედამიწის ჩამოყალიბების ადრეულ პერიოდს, ამავე დროს კი მთავარი გმირის დაბადებას და მის ბავშვობას. თითქოს გვეუბნება, რომ ყოველი ადამიანის დაბადებასთან ერთად ახალი სამყარო იქმნება. ფილმის სიუჟეტი ვითარდება ერთი ოჯახის გარშემო და სავსეა იმ ჯადოსნური, მივიწყებული წვრილმანებით, რომლებიც ასე შეუმჩნევლად ავსებენ ჩვენს ცხოვრებას და ქმნიან მოგონებებს, რომელთაგან საბოლოოდ თავად შევდგებით. „სიცოცხლის ხე” კი დარჩება იმ საკრალურ მოგონებად, რომელიც მაყურებელს ცხოვრების ბოლომდე გაჰყვება.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *