ავსტრიელი სიმბოლისტი მხატვრის, გუსტავ კლიმტის მიერ შესრულებული უკანასკნელი პორტრეტი მიმდინარე თვის ბოლოს ლონდონში, Sotheby’s-ის აუქციონზე გამოჩნდება. ნავარაუდებია, რომ ფერწერული ტილო 80 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდება. აღსანიშნავია, რომ ეს ევროპის აუქციონებზე მხატვრული ნამუშევრისთვის მინიჭებული ყველაზე მაღალი შეფასებაა.
Sotheby’s-ის სააუქციონო სახლის თანახმად, უცნობი ქალის პორტრეტი, სახელწოდებით “Dame mit Fächer” ერთ-ერთია იმ ორი ფერწერული ტილოდან, რომელიც ავსტრიელი ხელოვანის სტუდიაში 1918 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინეს.
ოთხშაბათს, აუქციონის ანონსის გამოცხადებისას, Sotheby’s-მა პორტრეტს კლიმტის „უკანასკნელი შედევრი“ უწოდა. აუქციონის სახლის იმპრესიონისტული და თანამედროვე ხელოვნების საღამოს გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელმა, თომას ბოუმანმა კი ნამუშევარი მოიხსენია, როგორც „განსაცვიფრებელი“.
1917 წელს დაწყებული “Dame mit Fächer” კლიმტისთვის დამახასიათებელი ექსპრესიული სტილით არის შესრულებული. ისევე როგორც მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი, ხელოვნების ეს ნიმუშიც აღმოსავლეთ აზიის გავლენაზე მიანიშნებს.