მხატვრული მიმდინარეობა იმპრესიონიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, კლოდ მონეს ნამუშევარი, რომელზეც წყლის შროშანები და ვარდების თაღია გამოსახული, პეკინში გამართულ აუქციონზე 24 მილიონზე მეტ აშშ დოლარად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაზე მაღალი ფასია, რაც ჩინეთში დასავლელი ფერმწერის ხელოვნების ნიმუშში ოდესმე გადაუხდიათ.
“Bassin aux nympheas, les rosiers”-ის სახელწოდებით ცნობილი ნამუშევარი საფრანგეთში, ჟივერნიში მდებარე მონეს ბაღს ასახავს. გამოცემა Art Newspaper-ის ინფორმაციით, ტილო საკუთარი მუზეუმისთვის ჩინელმა მილიარდერმა, ლიუ იჩიენმა შეიძინა, რომელიც კომპანია Sunline Group-ის თავმჯდომარეა.
აღსანიშნავია, რომ აქამდე ჩინეთში ყველაზე ძვირად გაყიდულ დასავლელი მხატვრის ნამუშევრად გერმანელი ფერმწერის, გერჰარდ რიხტერის „სვეტი“ მიიჩნეოდა. ხელოვნების ნიმუშში გასულ წელს 12.7 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადეს.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელს ჩინეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს გაუსწრო და მსოფლიოში ხელოვნების უდიდესი ბაზრის სტატუსი მოიპოვა. ყოველწლიური ანგარიში Art Basel-მა მიმდინარე წლის მარტში გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე სააუქციონო სახლებმა ხელოვნების ნიმუშების ვირტუალურად გაყიდვა დაიწყეს. ექსპერტების თქმით, ონლაინაუქციონებზე აზიელები განსაკუთრებით აქტიურობენ.
ცნობისთვის, აზიაში ყველაზე ძვირად გაყიდული დასავლელი ხელოვანის მიერ შესრულებული ნამუშევარი ამ დროისთვის ჟან-მიშელ ბასკიას „მებრძოლია“. მიმდინარე წლის მარტში გამართულ აუქციონზე მასში 42 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადეს.
დატოვე კომენტარი