ტურინის „იუვენტუსის“ წინააღმდეგ ჩატარებული შესანიშნავი მატჩის შემდეგ, „ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია მედიის ყურადღების ცენტრში კვლავ აქტიურად მოექცა. სერია A-ს მე-18 ტურის შეხვედრაში, რომელიც 13 იანვარს შედგა, ხვიჩამ თავი ერთი გოლითა და ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა, გარდა ამისა, მატჩში არაერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი შექმნა. საბოლოო ჯამში „ნაპოლიმ“ „იუვენტუსი“ გამანადგურებელი ანგარიშით, 5:1 დაამარცხა.
მედიაში, გარდა კვარაცხელიას გამორჩეული თამაშის აღნიშვნისა, ქართველის შეძენით არაერთი გრანდის დაინტერესების შესახებაც დაიწერა. თავდაპირველად, Daily Express-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხვიჩა ლონდონის „არსენალის“ ხუთ სატრანსფერო სამიზნეს შორისაა. როგორც ბრიტანული გამოცემა იუწყება, „მეთოფეების“ რადარზე 21 წლის ქართველი მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ლონდონელებმა უკრაინული დონეცკის „შახტარის“ ფეხბურთელის, მიხაილო მუდრიკის დამატება ვერ შეძლეს – მუდრიკი მეორე ლონდონურ კლუბს, „ჩელსის“ 15 იანვარს შეუერთდა.
ამის შემდეგ, სხვადასხვა მედიაწყარომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვარაცხელიას ტრანსფერში „არსენალს“ კიდევ ერთი ინგლისური გრანდი, „ლივერპული“ შეეცილება. თუმცა აღსანიშნავია, რომ „ლივერპულის“ ქართველით დაინტერესების შესახებ მანამდეც არაერთხელ დაიწერა. ხვიჩას სახელს ასევე უკავშირებდნენ „ტოტენჰემ ჰოტსპურსაც“.
რამდენიმე დღის წინ კი, Daily Mail-მა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ნაპოლის“ ქართველ გარემარბს „მანჩესტერ სიტი“ აქტიურად აკვირდება. Goal.com-ის ცნობით, როგორც ფეხბურთელის აგენტი, მამუკა ჯუღელი აცხადებს, პრემიერ-ლიგის კლუბისგან ოფიციალური შეთავაზება ჯერჯერობით არ მიუღიათ.
შეგახსენებთ, გასული წლის ოქტომბერში, ხვიჩას შეძენით სხვადასხვა გრანდის დაინტერესების საპასუხოდ, „ნაპოლის“ დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ განაცხადა, რომ იტალიური კლუბი კვარაცხელიას გაყიდვას არ აპირებს. „შემიძლია გითხრათ, რომ კვარაცხელია 100%-ით ხელშეუხებელია. ის სატრანსფერო ბაზარზე ნამდვილად არ გამოჩნდება“, – აღნიშნა მაშინ ჯუნტოლიმ.
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ფეხბურთელი ოფიციალურად გასული წლის 1-ელ ივლისს გახდა. იტალიელებმა მის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადეს. აღსანიშნავია, რომ თუ ტრანსფერის განხორციელებისას ხვიჩას საბაზრო ღირებულება 15 მილიონ ევროს შეადგენდა, ამჟამად ეს მაჩვენებელი 60 მილიონს უდრის (მონაცემი ბოლოს 2022 წლის 11 ნოემბერს განახლდა).
ახლახან, Marca-მ იმ ფეხბურთელების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელთა გაყიდვასაც ესპანური სპორტული გამოცემა მინიმუმ €100 მილიონად პროგნოზირებს. საინტერესოა, რომ მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.
აქვე გეტყვით, რომ მოცემული დროისთვის კვარაცხელიას „ნაპოლის“ რიგებში საერთო ჯამში 20 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. აქედან 15 მატჩი იტალიის სერია A-ში, 5 შეხვედრა კი ჩემპიონთა ლიგაზე ჩაატარა. ქართველის ანგარიშზე სერია A-ში 7 გოლი და 7 საგოლე გადაცემა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე – 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
დატოვე კომენტარი