„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ სათამაშო მაისური, რომელსაც კალათბურთის აწ გარდაცვლილი ლეგენდა, კობი ბრაიანტი იმ სეზონში ატარებდა, როდესაც ის ეროვნული საკალათბურთო ლიგის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ (MVP) დასახელდა, Sotheby’s-ის აუქციონზე $5.8 მილიონად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ სააუქციონო სახლი ნივთის გაყიდვას 7 მილიონ აშშ დოლარად იმედოვნებდა.
Sotheby’s-ის განცხადებით, აღნიშნული, 24-ნომრიანი მაისურით ბრაიანტმა 2007-2008 წლების სეზონში 20-ზე მეტი თამაში ჩაატარა. იმ წელს, როდესაც „ლეიკერსმა“ NBA-ის ჩემპიონის ტიტული „ბოსტონ სელტიკსთან“ დაკარგა, ბრაიანტი სეზონის MVP-იდ დასახელდა. მან ჯილდო სეზონში ჯამში 645 ქულის მოგროვებით დაიმსახურა – საშუალოდ 28.5 ქულა თითო მატჩში.
ცნობისთვის გეტყვით, რომ მოცემული დროისთვის ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული სამახსოვრო ნივთის სტატუსი მაიკლ ჯორდანის „ჩიკაგო ბულზის“ მაისურს ეკუთვნის, რომელიც გასულ წელს $10.1 მილიონად გაიყიდა.
დატოვე კომენტარი