აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო შეიარაღებისა და აღჭურვილობის გადაცემას გაამარტივებს. კონგრესმა ლენდ-ლიზის აქტი მეორედ მიიღო. პირველი შემთხვევა მოკავშირეებს მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერის დამარცხებაში დაეხმარა.
პირველად ლენდ-ლიზის აქტის დამტკიცება სამი კვირის წინ სენატში განიხილეს. ამჯერად კი წარმომადგენელთა პალატამ „უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის აქტი 2022“ 417 ხმით მიიღო. კანონპროექტი საბოლოოდ ხელმოსაწერად თეთრ სახლში პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან გაიგზავნება.
კონგრესმენების მოსაზრებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ორი თვის შემდეგ აქტის მიღებამ შესაძლოა, გარდამტეხი შედეგი იქონიოს. მათ იმედი აქვთ, რომ ლენდ-ლიზის აქტს მოვლენებზე ისეთივე გავლენა ექნება, როგორიც რვა ათწლეულის წინ იქონია. შეგახსენებთ, რომ აქტი ამერიკულ სამხედრო კომპანიებს ნებას რთავს, პარტნიორი ერები შეიარაღებით ზედმეტი ბიუროკრატიული პროცესებისა და სირთულეების გარეშე მოამარაგონ.
გარდა ამისა, ლენდ-ლიზი შეერთებულ შტატებს უფლებამოსილებას ანიჭებს, უკრაინას გადასცეს საკუთარი სამხედრო აღჭურვილობა დღეს, საფასურის მიღება კი, ტექნიკურად, მომავლისთვის გადადოს.
საინტერესოა, რომ წარმომადგენელთა პალატამ ლენდ-ლიზის აქტი იმავე დღეს მიიღო, როდესაც ბაიდენმა კონგრესს $33-მილიარდიანი დახმარების გეგმის დამტკიცება სთხოვა.
დატოვე კომენტარი