საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს განცხადებით, უწყებამ მიმდინარე წლის მაისში ოთხი მოვაჭრის მხრიდან „მომხმარებლების უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. აღნიშნულ მოვაჭრეებს წარმოადგენენ: შპს „სანლაინი“, შპს „სატურნი“ (ელექტრონული კომერციის მაღაზია „Veli.Store”), შპს „ინექს გრუპი“ და შპს „დილსი“.
კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადებით, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება-შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მოვაჭრეებმა მომხმარებლებისათვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებები, დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება, ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონლის მიწოდების ვალდებულებები დაარღვიეს.
გარდა ამისა, კონკურენციის სააგენტომ ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების და მოქმედებით ან უმოქმედობით გამოხატული შეცდომაში შემყვანი უსამართლო კომერციული საქმიანობის შემთხვევის ფაქტებიც გამოავლინა.
აქედან გამომდინარე, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ აღნიშნული ოთხი მოვაჭრე დაავალდებულა, აღადგინონ მომხმარებელთა დარღვეული უფლებები და თავიანთი სავაჭრო პოლიტიკა „მომხმარებლების უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამონ.
კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრეებს ჯარიმა დაეკისრებათ. ჯარიმა კი არ უნდა აღემატებოდეს სუბიექტის წინა ფინანსური წლის, წლიური ბრუნვის 2%-ს. ასევე, დარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება დაკისრებულ ჯარიმას გააორმაგებს.
კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებაზე კომენტარისთვის ონლაინმაღაზია VELI.store-ს დავუკავშირდით, რომლის წარმომადგენლებმაც განგვიცხადეს: „ონლაინმაღაზია VELI.store-ის მხრივ, კონკურენციის სააგენტომ დარღვევად მიიჩნია მხოლოდ ერთ შემთხვევა, რომელიც ეხება 130-ლარიან შენაძენს. ამ ეტაპზე კონკურენციის სააგენტოს განცხადება ცალმხრივია და კომპანიას ჯერ კიდევ აქვს ვადა რეაგირებისთვის“.