კონკურენციის სააგენტომ დისტრიბუციისა და რითეილ სექტორში განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

კონკურენციის სააგენტომ დისტრიბუციისა და რითეილ სექტორში განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ დისტრიბუციისა და რითეილ სექტორში განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია დღეს, 12 იანვარს გავრცელდა.

როგორც კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში ვკითხულობთ, საკითხი ეხებოდა 2023 წლის 28 სექტემბერს, შპს „შარმ ტრეიდინგი“-სა და ფ/პ იოსებ თათარაშვილის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ ერთობლივ საწარმოს – შპს „ეს ეიჩ კავკასიას“. სააგენტოს გადაწყვეტილებით, კონცენტრაციის შეუტყობინებლობისთვის შესაბამის ეკონომიკურ აგენტს ჯარიმა დაეკისრა.

„სააგენტოს შეფასებით, ფ/პ იოსებ თათარაშვილს აქვს კონტროლი შპს „სუფთა სახლზე“. შესაბამისად, განხორციელებული კონცენტრაციის შესწავლის მიზნით, კონკურენტული გარემოს შეფასების ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა შპს „შარმ ტრეიდინგის“ და შპს „სუფთა სახლის“ ეკონომიკური საქმიანობის გავლენა ბაზარზე.

სააგენტომ შეაფასა შესაბამისი ბაზარი როგორც იმპორტის, ასევე საბითუმო და საცალო მიწოდების დონეზე. რის შედეგადაც გამოიკვეთა შემდეგი: ბაზრის იმპორტის დონის მოცულობა შეადგენს 1 204 837 208 ლარს, კონცენტრაციის მაჩვენებელი ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი HHI=192.9 ერთეულს, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. კონცენტრაციის განხორციელების შემდეგ – ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი HHI=194.6. შედეგად, კონცენტრაციის ინდექსის ცვლილება ΔHHI=1.70. რაც შეეხება საბითუმო და ასევე საცალო მიწოდების დონეს, ამ შემთხვევაშიც ბაზარი დაბალკონცენტრირებულია და ინდექსი შეადგენს HHI = 458 და HHI = 648 ერთეულს.

აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით სააგენტომ განიხილა ერთობლივი საწარმოს დაფუძნების გზით განხორციელებული კონცენტრაცია და მისი თავსებადობა კონკურენტულ გარემოსთან, რის შედეგადაც, კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან დასაშვებად იქნა ცნობილი“, – წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, 2023 წელს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 9 კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა.