2012 წლიდან 2020 წლამდე სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელწოდებით მოქმედი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონი მისი არსებობის ყველა ეტაპზე არეგულირებდა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს და დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. მიუხედავად აღნიშნულისა, ამ წლების განმავლობაში არ არსებობდა დეტალური საკანონმდებლო ბაზა, რომელზე დაყრდნობითაც მოხდებოდა რეგულირებად სექტორებში, კერძოდ კი ენერგეტიკის სექტორში, კონკურენციის კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტების გამოვლენა და განხილვა.
დეტალური საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებისკენ პირველი ნაბიჯები 2019 წელს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებით გადაიდგა. კანონით განისაზღვრა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის კომპეტენცია ენერგეტიკულ ბაზარზე ეფექტიანი კონკურენციის უზრუნველყოფასთან მიმართებით.
ბაზრის შემზღუდველი ქმედებების დროულად გამოვლენასა და აღმოფხვრასთან დაკავშირებული კომპეტენციის სრულფასოვნად განხორციელების მიზნით, ამავე კანონით, კომისიას მიენიჭა ბაზრის კვლევის, კონცენტრაციების კონტროლისა და, კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი სუბიექტების სანქცირების უფლებამოსილებებიც.
სათანადო უფლებამოსილებებით აღჭურვის პარალელურად, ყოვლისმომცველი ნორმატიული ბაზის ჩამოყალიბების მიზნით, მარეგულირებელ ორგანოს მთელი რიგი კანონქვემდებარე აქტების შემუშავება და დამტკიცება დაევალა. თუმცა 2019 წელს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის დამტკიცებისას კვლავ ღიად რჩებოდა კომისიის მიერ ბაზრის შემზღუდველი სავარაუდო ქმედებებისა თუ კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვისას გამოსაყენებელი ძირითადი საკანონმდებლო დანაწესების საკითხი, რომელიც, ხანგრძლივი კონსულტაციებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, საბოლოოდ 2020 წელს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული მასშტაბური ცვლილებებით გადაიჭრა.
2020 წლის კონკურენციის კანონმდებლობის რეფორმის შედეგად ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განისაზღვრა, რომ ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის თაობაზე საჩივარი/განცხადება ან კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინება ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანოს, მათ შორის კომისიის მიერ, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების გამოყენებით უნდა განხილულიყო.
კონკურენციის კანონმდებლობის რეფორმის შედეგად, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ძირეულად მოწესრიგდა საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებს შორის კომპეტენციის გამიჯვნის საკითხებიც და განისაზღვრა, რომ ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის შესაძლო დარღვევის თაობაზე საჩივარს/განცხადებას ან კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინებას, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევების გარდა, განიხილავს შესაბამისი რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო.
ამდენად, გასული წლის ბოლოს საკანონმდებლო დონეზე შეიქმნა ეკონომიკის რეგულირებად სექტორებში კონკურენციის სამართლის აღსრულებისთვის აუცილებელი ნორმების სრული სპექტრი და, ამგვარად, შესაძლებელი გახდა საკითხთან დაკავშირებული, დამატებითი კანონქვემდებარე აქტების დამტკიცება, რომელთა მიხედვით გათვალისწინებული იქნებოდა როგორც სექტორის, ისე კომისიის, როგორც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს, საქმიანობის ყველა თავისებურება.
ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის რეგულირების მიზნით შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების შემუშავებისა და დამტკიცების ვალდებულება, როგორც უკვე აღინიშნა, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონიდანაც გამომდინარეობდა. შესაბამისად, აღნიშნული კანონის მოთხოვნათა დაცვით და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე დაყრდნობით, მიმდინარე წლის დასაწყისში კომისიის მიერ დამტკიცდა „ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესები“. დოკუმენტმა მოიცვა ყველა ის საკითხი, რომელთა კანონქვემდებარე დონეზე რეგულირების ვალდებულებაც არსებობდა.
„ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესები“ წარმოადგენს ერთგვარ უნიფიცირებულ დოკუმენტს, რომელშიც თავმოყრილია შესაბამისი ბაზრის განსაზღვრისა და ბაზრის ანალიზის მეთოდოლოგიასთან, ბაზრის კვლევასთან, თანამშრომლობის პროგრამასთან, კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენასა და განხილვასთან დაკავშირებული ნორმები. აღსანიშნავია, რომ ყველა ეს ნორმა ემსახურება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ძირითადი სამართლებრივი დანაწესების აღსრულებას და განხილული და გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ხსენებულ კანონთან ერთობლიობაში.
უნდა ითქვას, რომ დომინანტური მდგომარეობის განსაზღვრისა და კონცენტრაციების კონტროლის მიმართულებით „ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესებში“ კომისიამ კონკურენციის სააგენტოს მიდგომა გაიზიარა. კერძოდ, ეკონომიკის არარეგულირებადი სექტორების მსგავსად, ენერგეტიკის სექტორშიც, თუ სხვა მტკიცებულებები არ არსებობს, საწარმო ან საწარმოთა ჯგუფი არ ჩაითვლება დომინანტური მდგომარეობის მქონედ, თუ შესაბამის ბაზარზე მისი წილი არ აღემატება 40 პროცენტს.
რაც შეეხება კონცენტრაციების კონტროლს, კომისიისთვის შეტყობინებას დაექვემდებარა კონცენტრაცია, რომლის მონაწილე საწარმოების/წყალმომარაგების ლიცენზიანტების ერთობლივი წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე ან/და ენერგეტიკული გაერთიანების რომელიმე მხარის ტერიტორიაზე აღემატება 20 მილიონ ლარს და, ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი საწარმოდან/წყალმომარაგების ლიცენზიანტიდან თითოეულის წლიური ბრუნვა აღემატება 5 მილიონ ლარს.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ როგორც კონკურენციის კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის თაობაზე საჩივრის/განცხადების, ისე კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვისას კომისია ატარებს ბაზრის კვლევას, რომლის დაწყების საფუძველიც შესაძლოა, იყოს:
- საქართველოს მთავრობის, სამინისტროს, კონკურენციის სააგენტოსა და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოთხოვნა;
- ენერგეტიკული ბაზრის მონაწილის მოთხოვნა, თუ მას ბაზრის შემზღუდველი ქმედების შედეგად უშუალო ქონებრივი ზიანი ადგება;
- კომისიის საკუთარი ინიციატივა.
ახალმა საკანონმდებლო რეალობამ, შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების დამტკიცების გარდა, დღის წესრიგში დააყენა კომისიის აპარატში კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის შექმნის საკითხიც. სწორედ ამ მიზნით, კომისიის აპარატში შეიქმნა ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტი, რომელიც თითქმის ერთი წელია, წარმატებით ახორციელებს შესაბამის უფლებამოსილებებს.
დაბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების მიზნით განხორციელებული ინსტიტუციური და ნორმატიული ცვლილებები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ენერგეტიკული ბაზრის მიმდინარე რეფორმის ფონზე. როგორც „ფორბსის“ მკითხველებისთვის უკვე ცნობილია, ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია მიზნად ისახავს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციის გაზრდას და, ამ გზით, მომხმარებლების კეთილდღეობის უზრუნველყოფას, რაც შეუძლებელი იქნებოდა კონკურენციის მომწესრიგებელი სრულყოფილი და ქმედითი საკანონმდებლო ბაზის არსებობის გარეშე.
დატოვე კომენტარი