ახლო აღმოსავლეთში უკვე მე-10 დღეა, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ და ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ერთმანეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებენ. 7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან „ჰამასის“ მიერ ისრაელის კონტროლირებად ტერიტორიაზე იერიშის მიტანას ისრაელის თავდაცვის ძალების მხრიდან საპასუხო დარტყმები მოჰყვა. მხარეები ათი დღის განმავლობაში ერთმანეთის მისამართით სარაკეტო იერიშს ახორციელებენ. „ჰამასის“ მიერ ისრაელის მიმართულებით გასროლილ სხვადასხვა ტიპის რაკეტებს ისრაელური ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა „რკინის გუმბათი“ 99%-იანი წარმატებით იგერიებს. ისრაელი კი ღაზის სექტორში „ჰამასის“ სამხედრო ინფრასტრუქტურას, სამეთაურო შტატებსა და კრიტიკული მნიშვნელობის შენობებს ზუსტი დამიზნების სარაკეტო სისტემებითა და საარტილერიო სისტემებით ანადგურებს.
16 ოქტომბრის დილის 7 საათის მონაცემებით, ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 2,670-ს, დაშავებულთა რიცხვი კი 9,600-ს შეადგენს. რაც შეეხება ისრაელს, ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია ისრაელის 1,400, ხოლო დაშავებულია 3,400-მდე მოქალაქე.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროსა და მთავრობის გაცხადებული პოზიციაა, რომ თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში უნდა შევიდეს და ტერიტორია ტერორისტებისგან გაწმინდოს. ამ მიზნით, ისრაელის მთავრობამ 300,000-მდე რეზერვისტის მობილიზაცია მოახდინა, რომლებიც ახლა ღაზის მისადგომებთან არიან განლაგებულნი და სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად შესაბამის ბრძანებას ელოდებიან. შეიძლება ითქვას, რომ სახმელეთო ოპერაციამდე საჭირო ტერიტორიის საარტილერიო და სარაკეტო დამუშავება უკვე დასრულებულია. თუმცა ღაზაში სახმელეთო ოპერაციის დაწყება იგვიანებს, რასაც საკუთარი მიზეზები აქვს.
რატომ გაჭიანურდა სახმელეთო ოპერაციის დაწყება?
ისრაელის კონტროლირებად ტერიტორიაზე „ჰამასის“ მებრძოლების განეიტრალების შემდეგ, ისრაელის მთავრობამ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო და შესაბამისი ტაქტიკური და ოპერატიული სამუშაოები ჩაატარა. რეზერვისტების გამოძახების, პოზიციების საარტილერიო დამუშავების შემდეგ, ოპერაცია გეგმის მიხედვით 2 დღის წინ უნდა დაწყებულიყო. თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ის ამ დრომდე გადადებულია.
ერთ-ერთი მიზეზი, სამხედრო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, ამინდის გაუარესებაა. ისრაელის ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ეს კი ისრაელის მიერ სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში, დრონებისა და სატელიტების დახმარებით, შესაბამისი შენაერთების სადაზვერვო-ოპერატიულ მხარდაჭერას ართულებს.
გარდა ამისა, აშკარაა დიდი სამოქალაქო მსხვერპლის გაჩენის შესაძლებლობაც. ღაზის სექტორში 2.2 მილიონი პალესტინელი ცხოვრობს. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობა სრულ საზღვაო და სახმელეთო ბლოკადაშია მოქცეული და ტერიტორიიდან გადაადგილება შეზღუდული აქვს, ისრაელის სახმელეთო ოპერაცია დიდ სამოქალაქო მსხვერპლს გამოიწვევს. გასულ ხუთშაბათს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში, ქალაქ ღაზასა და სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ მოსახლეობას ტერიტორიის დატოვებისა და სამხრეთით გადაადგილებისკენ მოუწოდა. „თქვენივე უსაფრთხოებისთვის, გადაადგილდით სექტორის სამხრეთით“- ნათქვამი იყო IDF-ის მიერ გავრცელებულ მოწოდებაში. შესაბამისი მოწოდებით, ამ ტერიტორიებზე IDF-მა ჰაერიდან ბროშურებიც გადმოყარა. მოსახლეობას გადასაადგილებლად კი 24 საათი მისცეს, რის შემდეგაც, წესით, სახმელეთო ოპერაცია უნდა დაწყებულიყო, რომელიც ჯერაც არ დაწყებულა.
პროცესის გაჭიანურების მიზეზი შესაძლოა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის პოტენციური მსხვერპლის შესახებ გაკეთებული განცხადებებიც იყოს. როგორც ცნობილია, ეგვიპტე პალესტინელებისათვის ჰუმანიტარულ დერეფანს არ ხსნის. აშშ და ისრაელი კი ეგვიპტესთან ლტოლვილების მიღების საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. შესაბამისად, სახმელეთო ოპერაციის დაწყების შეყოვნების მიზეზი შესაძლოა ამ გადაწყვეტილების მიღებას ემთხვეოდეს.
საერთაშორისო გამოხმაურება
კონფლიქტის შესახებ საკუთარ განცხადებებს საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებიც ავრცელებენ. გაეროს მონაცემებით, ღაზის სექტორში კონფლიქტის დაწყების შემდეგ იძულებით უკვე 1 მილიონამდე ადამიანი გადაადგილდა. საინტერესოა, ღაზის სექტორში მცხოვრები 2.2 მილიონი პალესტინელის დემოგრაფიული განაწილებაც. არსებული ინფორმაციით, მათი 47% 18-წლამდე პირია.
გაერო უკვე რამდენიმე დღეა, ისრაელისაგან ღაზის სექტორზე ბლოკადის მოხსნას ითხოვს. მოგეხსენებათ, ისრაელმა ანკლავს ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდებაც შეუჩერა. თუმცა, გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში გარკვეულ ტერიტორიებზე წყლის მიწოდება აღდგა.
ისრაელში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც. მან შეხვედრები პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართა. ჰუმანიტარული დახმარებისა და დერეფნის შესახებ ბლინკენი ეგვიპტის პრეზიდენტ ალ-სისისაც ესაუბრა. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელში ხვალ ოფიციალური ვიზიტით გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლციც ჩავა.
ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელმა, აშშ-მა და ეგვიპტემ რამდენიმე საათით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, რათა ეგვიპტის საზღვართან თავმოყრილი ჰუმანიტარული დახმარება ღაზის სექტორში უსაფრთხოდ შესულიყო. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, ღაზის სექტორიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეგვიპტეში შესვლის უფლება მიეცემოდათ. თუმცა ისრაელმა აღნიშნული უარყო და განაცხადა, რომ ცეცხლის დროებით შეწყვეტის შეთანხმება არ გაფორმებულა.
ისრაელის თავდაცვის ძალებს ქვეყნის ჩრდილოეთით ლიბანში არსებული შიიტური ტერორისტული ორგანიზაციის „ჰეზბოლას“ იერიშების მოგერიებაც უწევს. მიუხედავად იმისა, რომ „ჰეზბოლა“ ისრაელის წინააღმდეგ ომში ოფიციალურად არ ჩართულა, ბოლო დღეების განმავლობაში ლიბანის სამხრეთიდან ისრაელის მიმართულებით არაერთი შეტევა განხორციელდა. მხარეებს შორის ნაკლებად მასშტაბური იერიშები ჯერჯერობით სრულმასშტაბიან დაპირისპირებაში არ გადაზრდილა.
მოვლენათა გათვალისწინებით, შესაძლოა ისრაელის სახმელეთო ოპერაცია ღაზის სექტორში რამდენიმე საათში ან რამდენიმე დღეში დაიწყოს. აღნიშნული გადაწყვეტილება ისრაელის მთავრობას ჯერჯერობით არ შეუცვლია.