როგორც არჩევნებზე კონსერვატიული ალიანსის ტრიუმფი მოწმობს, დიდი ალბათობით, ჯორჯია მელონი იტალიის პირველი პრემიერ-მინისტრი ქალი გახდება – მელონი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ყველაზე მემარჯვენე მთავრობას ჩაუდგა სათავეში. თავად ალიანსში მემარჯვენეთა გამარჯვებას იტალიაში პოლიტიკური სტაბილურობის იშვიათი ეპოქის დამყარების წინაპირობად აფასებენ, რის შედეგადაც ევროზონის სიდიდით მესამე ეკონომიკაში არსებული რიგი პრობლემები წარმატებით გადაიჭრება.
თითქმის საბოლოო შედეგებმა ცხადყო, რომ მემარჯვენე ბლოკს, რომელიც სალვინისთან ერთად, ბერლუსკონის Forza Italia-საც აერთიანებს, სოლიდური უმრავლესობა ექნება პარლამენტის ორივე პალატაში, რამაც პოტენციურად, შესაძლოა, იტალიაში არასტაბილური პოლიტიკური კოალიციების პერიოდი დაასრულოს.
უბნების 97%-ზე მეტი დათვლილია. შედეგებით, „იტალიის ძმები“ არჩევნებს 26%-ით ლიდერობს, მაშინ როდესაც სულ რაღაც ოთხი წლის წინ არჩევნებზე მხოლოდ 4%-ის მოპოვება შეძლო. 2018 წლის 17%-ის ნაცვლად კი მელონის მოკავშირე League-მ ამჯერად 9% მიიღო, თუმცა სალვინი პარტიის ლიდერად დარჩენას კვლავ აპირებს. მათმა კიდევ ერთმა მოკავშირემ, ბერლუსკონის Forza Italia-მ კი ხმების 8% მოიპოვა.
„ჩვენი მოლოდინით, მომავალ ხუთ წელიწადში ყოველგვარი ცვლილებისა და გადახვევის გარეშე წარმატების მიღწევას შევძლებთ, პრიორიტეტად კი ის უნდა ვაქციოთ, რაც გასაკეთებელია“, – განაცხადა მატეო სალვინიმ, პარტია League-ის ლიდერმა, რომელიც მელონის „იტალიის ძმების“ ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა.
არჩევნების შედეგი ევროპაში მემარჯვენეების უახლესი წარმატებაა, მიმდინარე თვეში შვედეთში, ანტიიმიგრაციული „დემოკრატების“ გამარჯვებისა და ივნისში საფრანგეთის არჩევნებში National Rally-ის მიღწევების შემდგომ. თავის მხრივ კი მელონი მისი პარტიის პოსტფაშისტურ ფესვებს უარყოფს და თავს ბრიტანეთის კონსერვატორებთანაც კი აიგივებს. თუმცა, საინტერესოა, რომ მემარჯვენეების ლიდერმა უკრაინასთან მიმართებით დასავლური პოლიტიკის მხარდაჭერის პირობა დადო.
ცნობისთვის, მელონი ყოველთვის LGBT-პირების უფლებების წინააღმდეგ ახორციელებდა კამპანიას, ლიბიის სასაზღვრო ბლოკადას ითხოვდა და მუსლიმი მიგრანტების მიმართაც არ გამოირჩეოდა კეთილგანწყობით. მიუხედავად ამისა, მელონის გამარჯვების შემდგომ მიმართვას შემრიგებლური ტონი გასდევდა. „თუ ჩვენ ერის მართვა გვანდეს, ნიშნავს, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ ყველა იტალიელისთვის, ვფოკუსირდებით იმაზე, რაც გვაერთიანებს და არა იმაზე, რაც გვყოფს“, – განაცხადა მელონიმ ამომრჩეველთან შეხვედრისას და დასძინა, რომ პასუხისმგებლობის აღების დრო დადგა.
მელონის კოალიციური მთავრობა 1946 წლის შემდგომ იტალიაში რიგით 68-ე იქნება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ კოალიციის შექმნა ოქტომბრის ბოლომდე მოესწრება, შესაბამისად, ყოფილი პრემიერი მარიო დრაგი დროებითი ადმინისტრაციის სათავეში ამ დრომდე დარჩება. დრაგიმ, ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილმა ხელმძღვანელმა, თავისი 18-თვიანი მმართველობის განმავლობაში რომი ევროკავშირის პოლიტიკის ცენტრში მოაქცია, დაამყარა მჭიდრო კავშირები პარიზთან და ბერლინთან.
ევროპაში პირველი, ვინც მელონის გამარჯვებას მიესალმა, ესპანეთისა და საფრანგეთის მემარჯვენე ოპოზიციური პარტიები იყო, პოლონეთისა და უნგრეთის ნაციონალური კონსერვატიული მთავრობები, რომელთაც ბრიუსელთან დაძაბული ურთიერთობა გამოარჩევთ.
საინტერესოა, რომ სტაბილურობაზე საუბრის მიუხედავად, მელონის ალიანსში რიგ მგრძნობიარე საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობაა. გარდა იმისა, რომ სალვინი ეჭვქვეშ აყენებს დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ის და ბერლუსკონი ხშირად გამოხატავდნენ აღფრთოვანებას მისი ლიდერის, ვლადიმირ პუტინის მიმართაც კი. მოკავშირეების შეხედულებები ენერგიის მზარდ ფასებთან გამკლავების საკითხზეც განსხვავებულია, თუმცა მათ გადასახადების შემცირებისა და საპენსიო რეფორმის პირობა დადეს.
დატოვე კომენტარი