მსოფლიოს მასშტაბით რესტორნები, მაღაზიები, ავიაკომპანიები და ქარხნები მუშაობას აჩერებენ, რის გამოც ეკონომისტები აცხადებენ, რომ მსოფლიო რეცესია უკვე დაიწყო. როგორც ჩინეთის ეკონომიკური სტატისტიკიდან ირკვევა, ქვეყანა კორონავირუსის ეპიდემიამ იანვარსა და თებერვალში მნიშვნელოვნად დახია უკან. ექსპერტების მოსაზრებით, მსოფლიოს რიგით მეორე უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა კრიზისიდან გამოსვლას მალე ვერ შეძლებს.
„დაახლოებით 10 დღის წინ არსებობდა ლეგიტიმური ბუნდოვანება იმის შესახებ, დაიწყებოდა თუ არა გლობალური ეკონომიკური რეცესიის პროცესი, ახლა კი 10 დღის შემდეგ, ამასთან დაკავშირებით კითხვა აღარ არსებობს“, – განაცხადა ფედერალური რეზერვების საბჭოს კვლევებისა და სტატისტიკის მიმართულების ყოფილმა ხელმძღვანელმა დევიდ უილქოსმა.
შექმნილმა ვითარებამ ჩინეთში 2020 წლის პირველ ორ თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რითეილის გაყიდვების 20,5%-ით შემცირება გამოიწვია. გარდა ამისა, 13,5%-ით შემცირდა ინდუსტრიული წარმოება. ამასთან, ჩინთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ცნობით, 25%-ით შემცირდა ფიქსირებული აქტივები.
მაშინ როდესაც ჩინეთი კვლავ ცდილობს დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს, ევროპასა და აშშ-ში კორონავირუსის გამო ვითარება სწრაფად უარესდება.
Goldman Sachs-მა კვირას აშშ-ის მშპ-ს პროგნოზი შეამცირა. საინვესტიციო ბანკში ფიქრობენ, რომ ამერიკის ეკონომილა აპრილიდან ივნისამდე პერიოდში 5%-ით შემცირდება, წლიური ზრდა კი მხოლოდ 0.4%-ზეა ნავარაუდევი, ამ დრომდე პროგნოზი 1.2%-ზე იყო.
ING-ის ეკონომისტები კი ელოდებიან, რომ აშშ-ის ეკონომიკა მეორე კვარტალში 8%-ით შემცირდება.
დატოვე კომენტარი