კორონავირუსის გავლენა საქართველოს ენერგოსექტორზე და მოლოდინები

კორონავირუსის გავლენა საქართველოს ენერგოსექტორზე და მოლოდინები

COVID-19 საქართველოს ენერგოკომპანიებისთვისაც გამოწვევაა. შეჩერდა გეგმური სამუშაოების ნაწილი, ცვლილებები შეეხო როგორც მუშაობის ფორმატს საჯარო თუ კერძო დაწესებულებებში, ასევე შემოსავლებს, ენერგორესურსების მოხმარებას. თუმცა, მაინც, ეს ის სექტორია, რომელიც შედარებით ნაკლებად დაზარალებული გამოვა ამ სიტუაციიდან. ამის უზრუნველსაყოფად კი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ცალკეული გადაწყვეტილებების მიღებაც მოუწია. გამოწვევებზე, ცვლილებებსა და მოლოდინებზე FORBES-ი სემეკის თავმჯდომარეს, დავით ნარმანიას ესაუბრა.

 

ბატონო დავით, რა შეცვალა კორონავირუსის პანდემიამ ენერგოსექტორში და რამდენად ზარალიანია შექმნილი ვითარება ენერგოკომპანიებისთვის?

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ შემცირებულია ენერგიის მოხმარება, რამაც გამანაწილებელ კომპანიებს ფინანსური შემოსავლები შეუმცირა. მაგრამ, მეორე მხრივ, ვინაიდან მოხმარება არის შემცირებული, ელექტროენერგიის იმპორტიც შემცირდა, რადგანაც ადგილობრივი რესურსები ახლა უფრო მეტად წვდება ელექტროენერგიაზე არსებულ მოთხოვნას. შესაბამისად, იმპორტდამოკიდებულება მცირდება. ასე რომ, რაღაც დადებითი მომენტიც ახლავს ამ ყველაფერს. ახლა უკვე გაზაფხულია, თოვლი დნობას იწყებს, ნალექები მეტია, ჰიდროლოგია უკეთესია, ამიტომაც ენერგეტიკის სექტორი უფრო მეტად თვითუზრუნველყოფილი იქნება ადგილობრივი ჰიდრორესურსებით. ასე რომ, ამ თვალსაზრისით მდგომარეობის გაუმჯობესებას ველოდებით.

მთავრობისა და ჯანდაცვის ინსტიტუტების მოწოდებაა, დავრჩეთ სახლში. ეს როგორ აისახა ენერგორესურსების მოხმარებაზე?

ელექტროენერგიის მოხმარება ჯამურად შემცირებულია, ძირითადად, არასაყოფაცხოვრებო სექტორის ხარჯზე. საოჯახო მეურნეობების ნაწილში კი, პირიქით, გაზრდილია. 2020 წლის მარტში, წინა წლის მარტთან შედარებით, თბილისში არასაყოფაცხოვრებო სექტორის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა 1.2%-ით, ხოლო რეგიონებში – 10%-ზე მეტად. ამავე პერიოდში თბილისში მოსახლეობის ნაწილში მოხმარება გაიზარდა 6%-ით, ხოლო რეგიონებში – 3%-ით. რაც შეეხება ბუნებრივი გაზის სექტორს, გაზზე მოთხოვნა 3%–ით არის შემცირებული მოსახლეობაში, არასაყოფაცხოვრებო სექტორში კი 34%-ით. ეს ძირითადად გასულ წელთან შედარებით უკეთესი კლიმატური პირობებით არის გამოწვეული. წყლის მოხმარებაზეც იგივე ტენდენციაა – საყოფაცხოვრებო მოხმარება თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ასევე სხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში გაზრდილია 6,9%-ით, ხოლო კომერციულ სექტორში შემცირებულია ჯამში 12,8%-ით. როგორც ვხედავთ, მთავრობისა და ჯანდაცვის უწყების მესვეურთა მოწოდება „დარჩი სახლში“ ოჯახების მიერ კომუნალური სერვისების მოხმარების გაზრდაზე აისახა.

რა ცვლილებების განხორციელება მოუხდათ ენერგოკომპანიებს კორონავირუსის გამო?

სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე კომუნალურმა კომპანიებმა შეწყვიტეს მოქალაქეთა სახლებში შესვლა მრიცხველების წასაკითხად, ანათვალის ასაღებად, რათა მინიმალური ყოფილიყო კონტაქტი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით და შესრულებულიყო საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია. მიღებულია გადაწყვეტილება ახალი აბონენტების გამანაწილებელ ქსელებზე მიერთებების შეზღუდვასთან დაკავშირებით. ეს ინიციატივა კომუნალური კომპანიების მხრიდან წამოვიდა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე. მათ გამოგზავნეს თხოვნა მარეგულირებელ კომისიაში, რომ ახალი აბონენტების მიერთება დროებით შეჩერებულიყო და სემეკს ახალი მიერთებების სამუშაოების ვადები გადაეწია. ვფიქრობთ, რომ საზოგადოებრივი საჭიროების გარკვეული ობიექტების მიერთების სამუშაოები უსაფრთხოების წესების სრული დაცვით უნდა განხორციელდეს, ხოლო სხვა ნაწილში შესაძლებელია სამუშაოების გადავადება. ჩვენ მიერ მიღებული ეს და სხვა გადაწყვეტილებები სწორედ ამდაგვარ მიდგომებზეა დაფუძნებული.

რა როლი აქვს სემეკს ამ ვითარებაში? რომ არა მარეგულირებელი, რა მოხდებოდა ენერგოსექტორში კორონავირუსის პირობებში?

სემეკის, როგორც რეგულატორის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა ამ საგანგებო მდგომარეობისას. იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ენერგოსტაბილურობა, აუცილებელია, ადეკვატურად ვმართოთ შექმნილი მდგომარეობა. ცალსახად მნიშვნელოვანია როგორც ენერგოკომპანიების, ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ სემეკი სრულად დისტანციურ მუშაობაზეა გადასული, ჩვენი საქმიანობის ტემპები წლის დასაწყისში შემუშავებულ გეგმას არ ჩამორჩება. ვმართავთ საჯარო სხდომებს და უზრუნველვყოფთ ყველა დაინტერესებული პირის დისტანციურ ჩართულობას. ვაკონტროლებთ ენერგოკომპანიების გამართულ საქმიანობას, მიწოდების უწყვეტობასა და საიმედოობას. ვმუშაობთ ნორმატიულ აქტებზე, ვგეგმავთ იმ ღონისძიებებს, რაც წინასწარი პროგნოზების საფუძველზე დასჭირდება ენერგოსისტემას. ონლაინ რეჟიმით, სხვადასხვა დისტანციური საშუალებით, ვიღებთ მოქალაქეთა ყველა საჩივარსა და განაცხადს, შესაბამისად, ვახდენთ ადეკვატურ რეაგირებას.

კომუნალურ სუბსიდიებთან დაკავშირებით, თქვენ მიეცით აბონენტებს შესაძლებლობა, უარი ეთქვათ ამ შეღავათზე. როგორია ამ მხრივ სტატისტიკა? რამდენმა ადამიანმა განაცხადა უარი და ზოგადად რამდენი აბონენტის სუბსიდირებაზეა საუბარი?

სემეკის ვებგვერდზე განთავსებულია პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ფიზიკურ პირებს, რომელთაც არ სურთ, სახელმწიფომ დაფაროს მათი კომუნალური გადასახადი, აქვთ შესაძლებლობა, უარი თქვან შეღავათებით სარგებლობაზე სახლიდან გაუსვლელად. 11 აპრილის მონაცემებით, 4,000-მდე მოქალაქემ დააფიქსირა უარი შეღავათების გამოყენებაზე. მათ შორის არის კატეგორია, რომლებმაც მხოლოდ მარტზე თქვეს უარი, ამიტომაც ასეთ პირებს მიეცემათ შესაძლებლობა შემდგომშიც, აპრილსა და მაისშიც გააგრძელონ უარის თქმა კომუნალური სუბსიდიის მიღებაზე. რაც შეეხება იმ აბონენტთა რაოდენობას, რომელთაც სუბსიდია ეხება, ჯამში ელექტროენერგიის ნაწილში 1,200,000-მდე აბონენტია, რომელთაც თვეში დაახლოებით 17 მლნ ლარი დაუსუბსიდირდება. ბუნებრივი გაზის ნაწილში არის 680,000 აბონენტი, რომელთაც თვეში 27 მლნ ლარი დაუსუბსიდირდება. ხოლო რაც შეეხება წყალმომარაგებასა და დასუფთავებას, ამ ნაწილში დაახლოებით 5-6 მლნ ლარია გათვალისწინებული. ჯამში, ოთხივე სახის კომუნალურ სერვისზე საქართველოს მთავრობა თვეში 50 მლნ ლარზე მეტს დახარჯავს.

ენერგეტიკული ბაზრის უკვე დამტკიცებულ კონცეფციაზეც რომ მოგვიყვეთ, რა ძირითად ასპექტებს მოიცავს ის?

ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია საქართველოში ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ორგანიზებისა და ფუნქციონირების სახელმძღვანელო პრინციპებს ჩამოაყალიბებს, რომლის მიზანიც იქნება ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის შემუშავება. კონცეფცია უზრუნველყოფს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნასა და მომხმარებლისთვის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას გამჭვირვალე და კონკურენტული ბაზრების განვითარების გზით როგორც საბითუმო, ისე საცალო დონეზე. ახალი ენერგეტიკული ბაზრის მონაპოვარი კონკრეტულად საყოფაცხოვრებო ნაწილში იქნება მომხმარებლის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა – ენერგია იყიდოს იმ მიმწოდებლისგან, რომელიც მას უფრო დაბალ ფასს შესთავაზებს. ენერგეტიკული ბაზრის რამდენიმე ტიპი მუშავდება: დღით ადრე ბაზარი, ანუ წინა დღეს შეეძლება მომხმარებელს, გარიგება დადოს და იყიდოს მომდევნო დღისთვის ენერგია, ასევე დღიური ბაზარი: მომხმარებელს შეეძლება, მიმდინარე დღის განმავლობაში შეისყიდოს საჭირო რაოდენობის ელექტროენერგია. იფუნქციონირებს ორმხრივი ხელშეკრულების ბაზარი, საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზარი. შეიქმნება ონლაინპლატფორმა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდება სწორედ ამ ბაზრების ოპერირება. ბაზრის სუბიექტები იქნებიან ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი, გადამცემი სისტემის ოპერატორი, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, ელექტროენერგიის მწარმოებელი, ტრეიდერი, მიმწოდებელი, მსხვილი მომხმარებელი. ძალიან საინტერესო კონცეფციაა. საქართველოს მთავრობის მიერ ენერგეტიკული ბაზრის კონცეფცია დამტკიცებულია და, შესაბამისად, მარეგულირებელმა კომისიამ მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში უნდა მიიღოს ბაზრის წესები, ანუ დეტალური რეგულაცია, იურიდიული კომპონენტი და მარეგულირებელი ნორმები, რამაც ბაზრის კონცეფციაში დამტკიცებული ძირითადი პრინციპების აღსრულება უნდა უზრუნველყოს.

დაბოლოს, შექმნილ ვითარებაში როგორია 2020 წლის ენერგობაზრის მოლოდინები?

ვფიქრობ, ზოგადად 2020 წელს ენერგეტიკულ ბაზრებზე ჯამურად გაყიდული ენერგია უფრო მცირე იქნება, ვიდრე წინა წელს იყო, რაც, ძირითადად, გამოწვეულია პანდემიის გამო ეკონომიკური აქტივობის ტემპების შენელებით. ასევე იმით, რომ COVID-19-ის გამო შექმნილმა სიტუაციამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია იმ სექტორებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელია. მათ შორის არის ტურიზმის სექტორი, სასტუმროებისა და რესტორნების ჩათვლით. აქედან გამომდინარე, ენერგიის მოხმარება წელს, ჩემი ვარაუდით, უფრო მცირე იქნება ზოგად ჭრილში, რასაც კომერციული სექტორის მიერ ენერგიის მოხმარების შემცირება განაპირობებს. მნიშვნელოვანი თამაშის წესები ამ წელს არ იცვლება, იმიტომ რომ ბაზრის ახალი კონცეფციით გათვალისწინებული მოდელი მომდევნო წლის ზაფხულიდან უნდა ამოქმედდეს. თუმცა წელს იქნება მიღებული ისეთი მარეგულირებელი აქტები, როგორიცაა ბაზრის წესები, დაიწყება მიმწოდებელი და გამანაწილებელი საქმიანობების განცალკევების პროცესი, ანუ მთელი რიგი რეფორმები გატარდება 2020 წელს, რამაც ამ ახალი ბაზრის მოდელის შემდგომ განვითარებას უნდა დაუდოს საფუძველი. რაც შეეხება ენერგიაზე ფასებს, 2020 წელს რაიმე სახის კომუნალურ მომსახურებაზე ტარიფის ზრდას არ ველოდებით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *