Amazon-ი აცხადებს, რომ კორონავირუსით მისი 20 000-მდე თანამშრომელი დაინფიცირდა. კომპანიამ პირველად გაასაჯაროვა აღნიშნული მონაცემები. მონაცემების მიხედვით, თანამშრომლების 1.44%-ია ინფიცირებული 1 მარტიდან 19 სექტემბრის პერიოდში. ცნობისთვის, Amazon-ს აშშ-ში 1.37 მილიონი თანამშრომელი ჰყავს. რაც შეეხება გარდაცვლილებს, ინფექციას კომპანიის რვა თანამშრომელი ემსხვერპლა.
შეგახსენებთ, Amazon-ს პროფესიული კავშირები, პოლიტიკოსები და მარეგულირებლები თვეების განმავლობაში მოუწოდებდნენ, გაესაჯაროებინა აღნიშნული მონაცემები. მანამდე კი პანდემიის პირველ ეტაპზე, კომპანიის საწყობის თანამშრომლები სამუშაო პირობებს აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ ისინი არ იყვნენ საკმარისად დაცული ვირუსით ინფიცირებისგან.
თავდაპირველად კომპანია უარს ამბობდა კოვიდ-ინფიცირებულთა რიცხვის გასაჯაროებაზე. ხუთშაბათის ბლოგ-პოსტში კი Amazon-მა განაცხადა, რომ ინფიცირების საერთო რიცხვი სხვა კომპანიებში უფრო დიდი იქნებოდა, თუ მსგავს მონაცემებს სხვებიც გაასაჯაროებდნენ.
სხვა მსხვილ ამერიკულ კომპანიებს შორის კი Walmart-მა აპრილში განაცხადა, რომ მისი თანამშრომლების 1%-მდე დაინფიცირდა. აღნიშნულ სუპერმარკეტების ქსელს ამერიკაში 1.5 მლნ თანამშრომელი ჰყავს. ბოლო მონაცემები კი Walmart-სგან უცნობია.
დატოვე კომენტარი