კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო გასულ წელს სინგაპურში სუიციდის მცდელობებმა იმატა. 2020 წლის მონაცემებით, მაჩვენებელი 18%-ით მეტი იყო წინა წლის იდენტურ მაჩვენებელზე. ამასთან, სინგაპურის ყოველი მეშვიდე მცხოვრები აცხადებს, რომ ფსიქიკური პრობლემები აქვს.
კორონავირუსის პანდემიამ ადამიანების ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა მსოფლიო მასშტაბით გააუარესა. მსგავს კრიტიკულ ფონზე, სინგაპური ეფექტიანად უმკლავდება მოსახლეობის ფსიქოლოგიურ პრობლემებს და სხვა სახელმწიფოებისთვის შესანიშნავ მაგალითად რჩება.
როგორ ახერხებს სინგაპური სუიციდის პრევენციას? უპირველეს ყოვლისა, აღნიშნული მეტწილად განპირობებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფოში ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობა კორონავირუსამდეც პრიორიტეტს წარმოადგენდა. პანდემიამ მსოფლიოს აჩვენა, თუ რამდენად განუყოფელია ფიზიკური ჯანმრთელობა ფსიქიკურისგან და რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური იზოლაციის დროს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების ფსიქიკური მდგომარეობის მონიტორინგი.
2019 წელს სინგაპურის პრეზიდენტმა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების პრევენციისთვის სახელმწიფო სააგენტოს $67-მილიონიანი დახმარება გაუწია. პრეზიდენტმა ასევე მხარი დაუჭირა Covid-19 Mental Wellness Taskforce-ს, რაც პანდემიისას მოსახლეობის ფსიქოსოციალური პრობლემების მოგვარებას ითვალისწინებდა.
რა თქმა უნდა, სინგაპური უნიკალურ სახელმწიფოს წარმოადგენს მრავალი თვალსაზრისით, თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას პირველ ადგილზე აყენებს და ორიენტირებულია, ისეთი სამუშაო გარემოს შექმნას მისცეს ბიძგი, რომელშიც დამსაქმებლები თანამშრომლების ფსიქიკური პრობლემების გამომწვევნი არ გახდებიან.
ცნობისთვის, დისტანციური სამუშაო გრაფიკით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად სინგაპურში შეიქმნა პლატფორმა, რომელიც ფსიქოლოგიური „კეთილდღეობის“ შენარჩუნებაში დაეხმარება ადამიანებს. პროგრამა ჯანდაცვის მინისტრის მიერაა მხარდაჭერილი და წარმატებით ფუნქციონირებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ სამუშაო გარემოსგან გამოწვეულ სტრესთან საბრძოლველად სინგაპურში პირველად 2011 წელს Jardine Matheson Group-მა დააფუძნა თავისი საქველმოქმედო ორგანიზაცია Jardine MINDSET Singapore, რომელიც დღემდე უწევს ადამიანებს დახმარებას. Jardine MINDSET Singapore-ის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ვინაიდან ადამიანისთვის სამუშაო სივრცე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, დამსაქმებლებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ თანამშრომლების ფსიქიკურ მდგომარეობაზე.
ამასთან, 2020 წლის ნოემბერში, სინგაპურში დასაქმებულთა ეროვნული ფედერაციისა და პროფკავშირების ეროვნული კონგრესის მიერ გამოიცა „გზამკვლევი“, რომელიც კონკრეტულ რჩევებსა და მითითებებს აძლევს დამსაქმებლებს თანამშრომლების ფსიქიკური კეთილდღეობის შესანარჩუნებლად.
დატოვე კომენტარი