კოვიდ-ვალუტა პანდემიის აფეთქების შემდეგ PayPal-ის აღმასრულებელი დირექტორი დენ შულმანი (მარცხნივ), ელ-ვაჭრობის ტრანზაქციათა აჩქარების მიზნით, ციფრულ ნაღდ ფულს დაეწაფა. MicroStrategy-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ სეილორმა კი თავისი კომპანიის ხაზინა Bitcoin-ით გაავსო; ამ ნაბიჯმა, რომელიც მისთვის დოლარის გაუფასურების წინააღმდეგ დადებული ფსონია, სეილორი მილიარდერად აქცია.
2020-ში 300%-ით გაზრდილი Bitcoin-ი, უეცრად, წამყვანი აღმასრულებლების პატივისცემას იმსახურებს. წაიკითხეთ, როგორ ჯობნიან მეტოქეებს PayPal-ი, Square-ი და Forbes-ის მესამე ყოველწლიურ რეიტინგში, BLOCKCHAIN 50-ში, შემავალი სხვა 48 დიდი კომპანია იმით, რომ Bitcoin-სა და მის საფუძვლადმდებარე ბლოკჩეინს იყენებენ.
გასულ მარტს, როცა კორონავირუსმა აშშ-ში იწყო გავრცელება, პალო-ალტოში (კალიფორნია) შინ გამოკეტილი დენ შულმანი – PayPal-ის აღმასრულებელი დირექტორი – მიხვდა, რომ პანდემია უნიკალური ბიზნესშესაძლებლობა იქნებოდა.
ეს ელექტრონული გადახდების კომპანია, შულმანმა რომ 2014-ში გადაიბარა, ორი ათწლეულის მანძილზე მუშაობდა ნაღდი ფულისგან თავისუფალ სამყაროზე, მაგრამ ამას წინათ მისი ზრდა შენელდა. დაახლოებით ათი წლის განმავლობაში იმ დროიდან, რაც ის eBay-მ შეისყიდა 2002-ში, PayPal-ის შემოსავალი საშუალოდ 38%-იანი წლიური ზრდის მომსწრე იყო, მაგრამ დღეს ამ კვლავ დამოუკიდებელი კომპანიის ზრდის ტემპი ამის ნახევარია. ახლა, როცა ხალხი სახლებში გაიხიზნა, ონლაინვაჭრობა და ციფრული გადახდები ყოველდღიური ცხოვრების აუცილებელ კომპონენტებად იქცა… იქნება ეს სურსათის შეძენა, საბანკო აქტივობები თუ სხვა.
თითქმის უმალვე, PayPal-ის აქტიური ანგარიშების რიცხვი $50 მილიონზე მეტით გაიზარდა და 2020-ის ბოლოსთვის $361 მილიონი შეადგინა. სხვა ციფრულ ეკონომიკებთან ერთად, მისმა აქციათა ფასმაც მკვეთრი ნახტომი განიცადა: გასული მარტის $86-დან, ამას წინათ, $247-მდე დაწინაურდა. აპრილში სამთავრობო ფინანსური დახმარებების (ე.წ. წამახალისებელი ჩეკების) დისტრიბუცია გახდა საჭირო, ჰოდა, PayPal-მაც არ დააყოვნა და თავისი წვლილი შეიტანა, საბანკო ანგარიშის არმქონე 7 მილიონ ამერიკულ ოჯახამდე ნაღდი ფული რომ მისულიყო. როცა PayPal-ი ამგვარი ადამიანების დასახმარებლად მუშაობდა, შულმანი მიხვდა, რომ სასწრაფო მოქმედების დრო დამდგარიყო.
„ტრენდების ისეთი აქსელერაცია მოხდა სულ რაღაც სამ-ხუთ თვეში, რასაც, ტიპურად, ალბათ სამი-ხუთი წელი დასჭირდებოდა, – ამბობს 63 წლის შულმანი. – ვიფიქრე, რომ მნიშვნელოვანი იყო, PayPal-ს თავისი წვლილი შეეტანა და ამ მომავლისთვის მიეცა ფორმა, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ რეაგირების რეჟიმში გადასულიყო“.
PayPal-ის არსებული ტექნოლოგია, ტრადიციულ ბანკებთან ინტეგრირებული, ტლანქი და ნელი იყო – ტრანზაქციის სისრულეში მოსაყვანად მას მთელი ათი დღე სჭირდებოდა. თავიდან ის ჯორჯიაში დაფუძნებულ სტარტაპს, Ingo Money-ს, დაეყრდნო, რათა აეტვირთა და შეემოწმებინა წამახალისებელი ჩეკების ფოტოგამოსახულებები, მერე კი ჯორჯიაშივე მდებარე ბანკს მიმართა, მათი ავტორიზება და განაწილება რომ მოეხდინა. ხუთიდან ათ დღეში ფული PayPal-ის ანგარიშზე ან მისი შვილობილის, ახალი ათასწლეულის წარმომადგენლებთან დამეგობრებული Venmo-ს ანგარიშზე აისახებოდა. თუ მომხმარებელი 1%-იანი საკომისიოს გადახდაზეა თანახმა, მაშინ ფულის ასახვა წუთებში ხდება, თუმცა კულისებში ბანკი ჩეკის არაავტორიზებასთან დაკავშირებულ რისკსაც განიხილავს. შულმანმა, რომელიც უკვე იცნობდა ბლოკჩეინს – Bitcoin-ის საფუძვლადმდებარე ტექნოლოგიას – იცოდა უკეთესი გზა. ბლოკჩეინ-ტექნოლოგიას ადვილად – და გაცილებით სწრაფად – Bitcoin-ის მსგავსი კრიპტოვალუტების დისტრიბუცია პირდაპირ ელექტრონულ საფულეებში შეეძლო. კი, საბანკო მომსახურების არმქონეთ ინტერნეტი დასჭირდებოდათ მათ დასახარჯად (ან ძველებურ მწვანე კუპიურად მათი გარდაქმნისთვის), მაგრამ PayPal-ს ეს საკითხიც ჰქონდა გათვალისწინებული.
შულმანმა იცოდა, რომ ფედერალური ხელისუფლება – წამახალისებელი ჩეკების მომმარაგებელი – შესაძლოა, მალე მისი მეტოქე გამხდარიყო. ჰორიზონტზე უკვე მოჩანდა პირდაპირ ცენტრალური ბანკების მიერ გაცემული ციფრული ვალუტები, ე.წ. CBDC-ები; მათი შემუშავება მთავრობებს საშუალებას მისცემდა, ფული პირდაპირ გაეგზავნათ მოქალაქეებისთვის. Bank for International Settlements-ის თანახმად, ცენტრალურ ბანკთა 70% უკვე ექსპერიმენტირებდა ახალ ტექნოლოგიასთან, ზოგი მათგანი კი, მათ შორის, ჩინეთი, შვედეთი და ურუგვაი, მალე ჩაუშვებდა საკუთარ ციფრულ ვალუტებს.
შულმანის ინსტრუქციით, PayPal-მა მყისვე დაიწყო Bitcoin-ისა და ბლოკჩეინის სფეროში კომპეტენციის მქონე თანამშრომელთა დაქირავება. ოქტომბერში შულმანმა განაცხადა, რომ მისი კომპანია საშუალებას მისცემდა მომხმარებლებს, ეყიდათ, შეენახათ და გაეყიდათ კრიპტოვალუტა პირდაპირ თავიანთი PayPal-ის ანგარიშების მეშვეობით. დღეს კრიპტოვალუტის გამოყენება PayPal-თან აფილირებულ 26 მილიონ მოვაჭრესთან არის შესაძლებელი მსოფლიო მასშტაბით. თუმცა ადამიანთა უმეტესობას როდი უნდა მისი დახარჯვა: პანდემიის დასაწყისიდან Bitcoin-ის ფასი $4,803-დან, სულ მცირე, $36,000-მდეა გაზრდილი (იანვრის შუა პერიოდის მონაცემებით).
შულმანი, ცხადია, არ არის ერთადერთი, ვინც კრიპტოს ფულის მომავლად მიიჩნევს. ასობით მსხვილი კომპანია დღეს Bitcoin-სა და მის საფუძვლადმდებარე ტექნოლოგიას იყენებს, ოპერაციები უფრო ეფექტიანი რომ გახადოს… და არაჩვეულებრივი უკუგების წყალობით, მოგებათა სტიმულირებასაც ახდენს. JPMorgan-იდან Boeing-ამდე, Honeywell-იდან Aramco-მდე, ამდენი ბიზნესი არასდროს კვალიფიცირებულა Forbes-ის ყოველწლიური რეიტინგისთვის, Blockchain 50-ისთვის, რომელიც ამ ტექნოლოგიით მნიშვნელოვანი პროექტების განმახორციელებელ მსხვილ კომპანიებს აერთიანებს.
წლევანდელ რეიტინგში 21 ახალწვეულს ნახავთ, მათ შორის, ხუთს – აზიიდან, ერთს – ავსტრალიიდან და ერთსაც – აფრიკიდან. სამხრეთ კორეის მიმოწერის წამყვან აპლიკაციას, KakaoTalk-ს, მაგალითად, თავისი კრიპტოვალუტა აქვს – Klay, რომლითაც ვაჭრობა და, ჯილდოების სანაცვლოდ, თავდების სახით სხვებისთვის გასესხებაა შესაძლებელი. დიდი IT-პლატფორმა ინდოეთში, Tech Mahindra, ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის გამოყენებით, მობილური ტელეფონის მილიონობით მომხმარებელს ეხმარება, სპამ-ზარებს რომ აარიდონ თავი, ხოლო მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ბანკი, $4.9 ტრილიონი აქტივის მქონე Commercial Bank of China ეხმარება იმპორტიორებსა და ექსპორტიორებს, დაფინანსება სულ რაღაც ორ დღეში მიიღონ, მაშინ როცა, ჩვეულებრივ, მათ შვიდი დღე დასჭირდებოდათ. საგულისხმოა, რომ წლევანდელ რეიტინგში ვერ შეხვდებით Google-ს, რომელიც ბლოკჩეინის შეზღუდულ საძიებო სისტემაზე შორს ვერ წავიდა, და Facebook-ს, რომელმაც 2019-ის ზაფხულში ამბიციური მონეტის, Libra-ს შესახებ გააკეთა განაცხადება, თუმცა რაც მიიღო, მხოლოდ მასობრივი უარყოფითი საჯარო რეაქცია იყო. მონეტა, რომლის სახელი შემდეგ Diem-ად გადაკეთდა, ჯერაც არაა ჩაშვებული.
საპირისპიროდ, ჯეკ დორსის Square-ს სწრაფი ტემპი აქვს აღებული. გარდა იმისა, რომ აქტიურ ბიზნესს ეწევა კრიპტოვალუტის შესყიდვებისა და თავის პოპულარ Cash App-ზე მისი ვაჭრობის ხელშეწყობის თვალსაზრისით, ოქტომბერში Square-მა ნაღდი ფულიდან დაახლოებით $50 მილიონი Bitcoin-ში ჩაღვარა. Boeing-ი ბლოკჩეინზე მომუშავე აპლიკაცია SkyGrid-ს იყენებს, რომელსაც საჰაერო მოძრაობის გამკონტროლებლის ფუნქცია აქვს დრონებისთვის. Visa ბარათების მფლობელები მალე შეძლებენ პლასტიკური ბარათის გამოყენებით კრიპტო დახარჯონ და ქულები მოიპოვონ Bitcoin-ის სახით. ჩიკაგოში, 131 წლის ბანკმა, Northern Trust-მა, რომელიც კორპორაციებსა და ულტრამდიდარ ინდივიდებს ემსახურება, ამას წინათ თავისი სერვისები გააფართოვა და ციფრული საფულეები შემოიღო.
PayPal-ი კრიპტოს 2016 წლიდან ეკეკლუცება – იმ დროიდან, როცა მან დააპატენტა ახლებური ციფრული საფულე, რომელიც კრიპტოტრანზაქციათა პროცესს აჩქარებს. 2019-ში PayPal Ventures-მა თავისი პირველი ბლოკჩეინ-ინვესტიცია განახორციელა მასაჩუსეტსში დაფუძნებულ Cambridge Blockchain-ში; ეს უკანასკნელი ისეთ კრიპტოსაფულეს ქმნის, რომელიც ინდივიდებს საშუალებას აძლევს, საკუთარი ვინაობა ისე დაადასტურონ, რომ არასაჭირო პირადი ინფორმაციის გამჟღავნება არ მოხდეს. PayPal-მა TRM Labs-შიც იყიდა წილები – სტარტაპში, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული თაღლითობისა და ფინანსური დანაშაულის პრევენციაში ეხმარება; იყიდა წილები TaxBit-შიც – სოლტ-ლეიკ-სიტიში მდებარე ფირმაში, რომელიც კრიპტოვალუტით გადასახადების გადახდათა ავტომატიზებას ახდენს.
გამოუცდელი სპეკულანტების დახმარებით, მოთხოვნა PayPal-ის იოლად შესაძენ კრიპტოსერვისებზე იმხელაა, რომ უკვე მომლოდინეთა რიგებიც არსებობს და შესყიდვის ლიმიტიც დაწესდა, რომელიც ამჟამად კვირაში $20,000-ს უტოლდება. მსგავსი სიტუაციაა Square-შიც. მენლო-პარკში (კალიფორნია) დაფუძნებული ბლოკჩეინის საინვესტიციო ფირმა Pantera Capital-ის შეფასებით, ყოველდღიურად „მოპოვებული“ 900 ახალი Bitcoin-ის უმეტესობას სწორედ PayPal-ი და Square-ი ყიდულობენ. წელს, შულმანის თქმით, PayPal-ი გააფართოებს თავის კრიპტოვალუტის სერვისს Venmo-ს 40 მილიონი მომხმარებლისთვის. „ეს მხოლოდ საინვესტიციო ინსტრუმენტი არ არის, – ამბობს ის. – ეს არის საშუალება, რომლითაც ვაჭრობა იქნება შესაძლებელი“.
Bitcoin-ის კიდევ ერთი მიმდევარი, რომელიც მოქმედებაში აქტიურად პანდემიის გამო ჩაერთო, $48-მილიონიანი (გაყიდვებით) ე.წ. ბიზნესინფორმაციის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია MicroStrategy-ა. ამ საჯარო ბაზარზე მბრუნავი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, 55 წლის მაიკლ სეილორმა 2020-ში Bitcoin-ის შესაძენად $1.1 მილიარდი, მათ შორის, ნასესხები $650 მილიონი, დახარჯა. ეს ციფრული აქტივი, რომელიც ამჟამად $2.6 მილიარდად ფასობს, ამ ტაისონს-ქორნერში (ვირჯინია) დაფუძნებული კომპანიის საბუღალტრო ბალანსზე დევს სხვა უფრო მიწიერი დანაზოგის საშუალებებთან ერთად, როგორიც, მაგალითად, ხაზინის ფასიანი ქაღალდებია. გულწრფელობითა და სკანდალურობით ცნობილი სეილორი, რომელიც ინტერნეტის პირველი ბუშტის დროს, 1999-ში, მცირე ხნით მულტიმილიარდერად იქცა, ციფრულ აქტივს ერთგვარ დაზღვევად აღიქვამს ფედერალური ხელისუფლების იოლი ფულის პოლიტიკისგან, ხოლო ეს პოლიტიკა, მისი შეფასებით, დოლარს წელიწადში 15%-ით აუფასურებს.
„ახლა, როცა ენერგიის გამოწოვა ხდება დოლარიდან, ამ ვალუტის ღირებულება კოლაფსს განიცდის, – ამბობს სეილორი. – ეს ნიშნავს, რომ ყოველი აქცია, ობლიგაცია, უძრავი ქონება ან ნებისმიერი სხვა აქტივი, რომელიც ტრადიციულ ქაღალდის ფულზე დგას, სუსტდება“. რამდენადაც MicroStrategy აშკარად ვერ ახერხებს ისეთ ორგანულ ზრდას, Amazon-ს, Netflix-სა და მისთანებს რომ დაუდებდა ტოლს, სეილორმა თავისი კორპორაციული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია, ფაქტობრივად, კრედიტით დატვირთულ ბირჟაზე მბრუნავ Bitcoin-ის ფონდად აქცია. 12 თვეში აქციათა ფასი 270%-ით არის გაზრდილი. Forbes-ის დათვლით, სულ მცირე, 25 სხვა საჯარო ბაზარზე მბრუნავ კომპანიას აქვს Bitcoin-ი თავის საბუღალტრო ბალანსზე.
ასეა თუ ისე, Blockchain 50-ში შემავალ კომპანიათა უმეტესობა Bitcoin-სპეკულანტებს არ წარმოადგენს, არამედ ისინი ცდილობენ, ამ კრიპტოვალუტის საფუძვლადმდებარე ტექნოლოგია სხვადასხვა ინოვაციური ფორმით გამოიყენონ. ასე, მაგალითად, ჩრდილო კაროლინაში დაფუძნებული Honeywell-ი ბლოკჩეინს ნახმარი ავიანაწილების მყიდველებისა და გამყიდველების ერთმანეთთან დასაკავშირებლად იყენებს. ამ მომენტისთვის 117 მომმარაგებელი დარეგისტრირდა, მათ რიცხვში – Boeing-ი და Lufthansa, ხოლო 2020-ში, დაახლოებით $65 მილიონის ტოლფასი ავიანაწილების ტრანზაქციები განხორციელდა. ეს მცირე ულუფაა ამ $37-მილიარდიანი (გაყიდვებით) გიგანტებისთვის, მაგრამ Honeywell-ის აღმასრულებლები იმედოვნებენ, რომ მათი დაპატენტებული პლატფორმა, ერთ დღეს, მეორეული ნაწილების მთელ ინდუსტრიას ონლაინ გადაიტანს.
ხის გადამუშავების სამხრეთაფრიკული გიგანტი, Sappi, ბლოკჩეინს იმისთვის იყენებს, რომ თვალი მიადევნოს თავის პროდუქტებს მის მიერვე გაშენებული ეკოლოგიურად მდგრადი ტყეებით დაწყებული, საწარმოო ქარხნებით დამთავრებული, სადაც მერქნის ტანსაცმლის ქსოვილად გადამუშავება ხდება. მეტიც, ბლოკჩეინი ტანსაცმელს მოვაჭრეებამდე მიმავალ გზაზეც აკვირდება, რომელთაც, თავის მხრივ, მეტი ფულის აღება შეუძლიათ მხოლოდ იმის გამო, რომ აქვთ საშუალება, დაამტკიცონ, რომ მათი მაისურებისა და საცვლების დამზადების დროს არც ერთი ბუნებრივი ტყე არ დაზიანებულა.
ატლანტის CONA Services-ი – Blockchain 50-ის ახალწვეული – ტექნოლოგიური სერვისებით უზრუნველყოფს Coca-Cola-ს ჩამომსხმელ 12 უმსხვილეს კომპანიას ჩრდილო ამერიკაში. ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის დანერგვამდე, შეკვეთები და გადაზიდვები ჩამომსხმელებს შორის ძველმოდურ ექსელის ფაილებს, ოქმების შედგენისა და აღრიცხვის არათანამიმდევრულ პრაქტიკებს და დამღლელ რეგულაციებს მოიცავდა, რის გამოც ჩამომსხმელები ზოგჯერ დაკარგული პროდუქტებისა და მოულოდნელი ხარჯების შესახებ დაობდნენ. ახალი დაშიფრული სისტემის გამოყენებით, ბლოკჩეინს რეალურ დროში ემატება შეკვეთების, გადაზიდვებისა და მიღების დასტურები.
ჩვენს წლევანდელ რეიტინგში ყველაზე ხშირად გამოყენებულ ბლოკჩეინებს შორის ოთხი რჩეულია. ოცდახუთი კომპანია Hyperledger-ის – არაკომერციული Linux Foundation-ის ბლოკჩეინ-განყოფილების – პროგრამული უზრუნველყოფის სამი ვერსიიდან ერთ-ერთს იყენებს. ოცდაორი იყენებს Ethereum-ს – ბლოკჩეინს, რომელიც $160-მილიარდიან კრიპტოვალუტა Ether-ს მართავს. ცხრა კომპანია Quorum-ს იყენებს – Ethereum-ის კორპორაციულ ვერსიას, რომელიც JPMorgan-ის მიერაა შექმნილი და რომელიც ნიუიორკულ ბლოკჩეინ-სტარტაპ ConsenSys-ს მიეყიდა. და ექვსი იყენებს R3-ის შექმნილ Corda-ს – ბლოკჩეინ-სტარტაპისა, რომელსაც $112 მილიონი აქვს მოზიდული ვენჩურული კაპიტალის სახით. და, ცხადია, გვხვდება Bitcoin-იც, რომელსაც ჩვენი რეიტინგის არანაკლებ 11 წევრისა ნამდვილად იყენებს.
Gartner-ის ჯგუფის თანახმად, 2020-ის ნოემბრის მონაცემებით, ამერიკაში 1,000-ზე მეტი კორპორაციული ბლოკჩეინ-პროექტი მუშავდებოდა. მათი უმეტესობა ადრეულ ეტაპზეა და უფრო ექსპერიმენტული სახე აქვს, მაგრამ 14% ან უკვე მზადაა, ან მალე იქნება მზად. Forrester Research-ი უფრო ოპტიმისტურ პროგნოზებსაც აკეთებს და ამბობს, რომ აქტიური ბლოკჩეინ-პროექტების მთელი 30% წელს მზად იქნება და მომხმარებლები მათ გამოყენებას შეძლებენ. ციფრული აქტივების გარშემო ატეხილ სასიამოვნო მღელვარებაში ერთი მნიშვნელოვანი ტრენდი მსხვილი კომპანიების მთელი ზღვაა, რომლებიც კრიპტოვალუტის უსაფრთხო შენახვის სერვისებს იწყებენ. საგულისხმოა, რომ, მაგალითად, MicroStrategy-ს სეილორი და სხვა ინსტიტუციური ინვესტორები არ ამხელენ, როგორ ინახავენ თავიანთ Bitcoin-ს. ეს რთული ამოცანა (წლების მანძილზე მილიარდების ტოლფასი Bitcoin-ია დაკარგული) დიდი ხანია, დაბრკოლებას წარმოადგენს კრიპტოვალუტის ინსტიტუციური დანერგვის საქმეში. თაღლითობისა და ქურდობის გარდა, სხვა პრობლემებიც არსებობს. თუ საბანკო ანგარიშის მფლობელს თავისი პაროლი ავიწყდება, ბანკი უბრალოდ გადააყენებს ამ პაროლს. Bitcoin-ის შემთხვევაში, რომლისთვისაც ბანკები არ არის საჭირო, პაროლის – იგივე პირადი გასაღების – დაკარგვა საკუთრივ აქტივის დაკარგვას უტოლდება და მისი აღდგენა შეუძლებელია.
ივლისში Office of the Comptroller of the Currency-მ გამოაქვეყნა წერილი, სადაც აცხადებდა, რომ ბანკებს ახლა მიეცემოდათ კრიპტოაქტივების უსაფრთხოდ შენახვის სერვისთა უზრუნველყოფის ნებართვა. რა გასაკვირია, რომ ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც იმ დღისთვის ემზადებიან, როცა ციფრული აქტივის ფლობა გავრცელებული პრაქტიკა გახდება, კრიპტოს უსაფრთხოდ შენახვის ბიზნესში აქტიურად ერთვებიან. სულ ცოტა, ექვსი ინსტიტუტი, მათ შორის, ესპანური ბანკი BBVA, ჰოლანდიური ბანკი ING და ფასიანი ქაღალდების შვეიცარიული ფირმა SIX-ი, უკვე ითავსებენ კრიპტომცველების ფუნქციას. დეკემბერში ჰეჯ-ფონდ One River-მა გაამჟღავნა, რომ ის Northern Trust-ის უსაფრთხო შენახვის სერვისებს იყენებდა $600 მილიონის ტოლფასი კრიპტოვალუტის განსაკარგავად და რომ მისი $1 მილიარდამდე გაზრდა ჰქონდა განზრახული. იმავე თვეს Northern Trust-მა ინვესტიცია განახორციელა კრიპტოვალუტის უსაფრთხოდ შემნახველ სტარტაპში, ლონდონში დაფუძნებულ Zodia Custody-ში.
არაერთი თვალსაზრისით, Northern Trust-ისა და Fidelity-ს (ეს უკანასკნელიც უზრუნველყოფს კრიპტოშემნახველ სერვისებს) მსგავსი კომპანიები იდეალურად არიან პოზიციონირებულნი, რომ ციფრული აქტივების რეგულირებულ რეალობამდე მიმავალი ხიდი ააშენონ. Northern Trust-ი უკვე თანამშრომლობს ფინანსური ტექნოლოგიის სინგაპურულ სტარტაპთან, BondEvalue-თან, რათა მომსახურების გამწევ და უსაფრთხო შენახვის აგენტად მოგვევლინოს ბიზნესში, რომელიც ბლოკჩეინ-ტექნოლოგიას იყენებს კორპორაციული ობლიგაციების ფრაგმენტული წილების დანაწევრებისა და გაყიდვისათვის. აგვისტოში ამ თანამშრომლობამ მსოფლიოში პირველ, ბლოკჩეინზე დაფუძნებულ ობლიგაციურ ვაჭრობას მისცა დასაბამი – $8,000-ის ტოლფას წვეთს იმ $300-მილიონიანი, 4.375%-იანი კუპონის ობლიგაციიდან, რომელიც თავდაპირველად სინგაპურის სასოფლო-სამეურნეო გიგანტმა, Olam-მა გამოსცა. ეს ვაჭრობა, რომელსაც, ჩვეულებრივ, ორი დღე დასჭირდებოდა, სულ რაღაც წამებში განხორციელდა.
„ჩვენ გავაგრძელებთ მთელი ლანდშაფტის მასშტაბით ციფრული აქტივების პროგრამებში კაპიტალდაბანდებას, – ამბობს Northern Trust-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ჯასტინ ჩეპმენი. – ვფიქრობთ, რომ ტექნოლოგია გვაქვს. ხალხსაც ესმის მისი არსი. კლიენტები მზად არიან“.
დატოვე კომენტარი