წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, როგორ იყენებს კრემლი გავლენების ტექნიკებს ბევრ ქვეყანაში და როგორ ერევა, მათ შორის, აშშ-ისა და რამდენიმე ევროპული ქვეყნის არჩევნებში. სოციალური ქსელების და მედიაპლატფორმების პროპაგანდის იარაღად გამოყენება და პროკრემლისტური ძალების დაფინანსება უკვე ძველი ამბავია, რომელსაც შევეჩვიეთ.
საქართველო, რომელიც ცნობილია თავისი რეფორმებით და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებით, გამონაკლისი ამ მხრივ არ არის. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, როდესაც პუტინის რეჟიმი თავს დაესხა საქართველოს და ქვეყნის 20% მიითვისა, კრემლი ყველა შესაძლო საშუალებას იყენებდა იმისათვის, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და დემოკრატიული განვითარებისთვის ხელი შეეშალა.
ჩვენ რეგულარულად ვხედავთ საქართველოს ტერიტორიების მცოცავ ანექსიას, ვხედავთ ჰიბრიდულ ომს, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ზეწოლას და სამხედრო ბაზების განთავსებას საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთის კონტროლს ექვემდებარება. კრემლის აგენტებისგან – მათ შორის პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტივისტებისგან, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან – პროპაგანდა და დეზინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ ხშირად გამოიყენება, ამის მიზანი კი ქვეყნის დასავლეთთან ახლო კავშირების ძირის გამოთხრაა.
საქართველოში არჩევნები ოქტომბერშია დანიშნული. 2019 წლის შემდეგ, ქვეყანა მოსკოვის მხრიდან მუდმივი ზეწოლის ქვეშაა. შარშან მარტიდან დაწყებული, კრემლის ინიციატივით იმართება კონფერენციები და დეზინფორმაციის კამპანიები, რომლებიც თურქეთსა და აზერბაიჯანს მტრებად აცხადებს.
ქართულ-რუსულმა ცენტრმა, რომელიც გორჩაკოვის ფონდიდან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად ფინანსდება, გამართა კონფერენცია –
„საქართველო: თურქეთსა და რუსეთს შორის“, სადაც კონფერენციის გამომსვლელები ქართველ ხალხს მოუწოდებდნენ, რომ დაფიქრებულიყვნენ „ვინ არის ქვეყნის რეალური მტერი“.
კამპანიას მხარს უჭერდნენ კრემლის საქართველოში არსებული პარტნიორი მედიაპლატფორმები – როგორიცაა „სპუტნიკი“, „საქინფორმი“, EADaily და ასევე პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსი“. ეს პოლიტიკური ძალა ცნობილია, როგორც პუტინთან დიალოგის მომხრე და საქართველოში დასავლური ღირებულებების და დემოკრატიული განვითარების მოწინააღმდეგე.
პრორუსულმა ალიანსმა ანტითურქული და ანტიაზერბაიჯანული აქციებიც გამართა, ასევე კამპანიები, რომლებიც საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელებისა და მათი ქართველი მეზობლების დაპირისპირებას ისახავდა მიზნად.
კრემლის ეს გრძელვადიანი კამპანია უკვე აღარ შემოიფარგლა მხოლოდ ‘ალტერნატიული მტრების’ გზავნილით და შეეცადა, რუსეთი წარმოეჩინა როგორც ‘კარგი მეზობელი’, ცხინვალისა და სოხუმის ‘ცუდი რეჟიმების’ ფონზე – ‘საერთო ისტორია და მართლმადიდებლური კავშირები’ ; ‘სუსტი დასავლეთი’; ‘ნატო არასდროს მიიღებს საქართველოს’ და ა.შ. ყველა ეს გზავნილი, რომელიც კრემლიდან მოდიოდა საჯაროდ იყო მხარდაჭერილი „პატრიოტთა ალიანსის“ და სხვა მტრული კოორდინატორების მიერ.
ამ ფაქტებიდან გამომდინარე, არავის გაკვირვებია ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ცნობილმა ცენტრმა Dossier-მა მოამზადა. ცენტრი რუს დისიდენტს მიხაილ ხოდორკოვსკის ეკუთვნის. მასალის ავტორები აღწერენ თუ როგორ არის დაკავშირებული პატრიოტთა ალიანსის ქმედებები მოსკოვთან.
Dossier-ის დოკუმენტები აჩვენებს, რომ ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაცია შეთანხმებულად მოქმედებს ალიანსთან და აფინანსებს მას. რუსი პოლიტიკური მრჩეველი სერგეი მიხეევი „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობს და კოორდინაციაშია მოსკოვში მდებარე კომპანია PoliticalSecrets-თან.
Dossier-ის მიხედვით, კრემლი პირდაპირ ერევა საქართველოს არჩევნებში და იყენებს ცალკეულ ტექნიკებს, რომლებიც ბევრჯერ სხვა ქვეყნებშიც გამოუყენებია. ამ საკითხით აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ ექსპერტები, მათ შორის, დიპლომატები და ხელისუფლების წარმომადგენლები და კარგად შეისწავლონ Dossier-ის ინფორმაციები იმისთვის, რომ საქართველო კრემლის ჩარევისგან დაიცვან.
როდესაც ეს მასალები პირველად გამოქვეყნდა, ჩემი პროექტი – რუსულენოვანი ქართული მედიაპროექტი “Border Zone” იყო პირველი, რომელმაც ინფორმაცია ქართველ აუდიტორიას მიაწოდა. ამან პოლიტიკური სკანდალი გამოიწვია – მიუხედავად იმისა, რომ ფართო კონსენსუსი არსებობდა, რომ პატრიოტთა ალიანსი პრორუსული პარტიაა. Dossier-მა ფაქტებითა და სამხილებით „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების პუტინის ადმინისტრაციასთან კავშირების სრული ილუსტრირება მოახდინა.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა საქართველოდან, რომელიც მოსკოვს პერიოდულად სტუმრობს. შედეგად, რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა და მისი მოკავშირეები ხელს უწყობენ „საქართველოსა და პუტინის რეჟიმს შორის მეგობრობას“ მაშინ, როდესაც რუსეთის სამხედროები საქართველოს დედაქალაქიდან 1 საათზე ნაკლებ სავალზე არიან განლაგებული.
მას შემდეგ რაც Dossier-ის პუბლიკაციები გამოქვეყნდა, „პატრიოტთა ალიანსმა“ და სხვა პრორუსულმა ძალებმა პირადად ჩემი დისკრედიტაციის მიზნით, მასობრივი კამპანია წამოიწყეს. პარტიის ლიდერები ჩემს შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ და ცდილობენ მე და Free Russia Foundation-ი შიდა პოლიტიკაში ჩაგვრთონ. მათ მე „სააკაშვილის ჯაშუშის“ და „კრელის ჯაშუშის“ იარლიყი მომაკერეს. ისინი სიძულვილის ენას ახალისებენ პირადად ჩემ მიმართ, ასევე Free Russia Foundation-ის და მისი ხელმძღვანელების მიმართ, რომლებიც ავტორიტეტულ ამერიკულ ექსპერტებს და დიპლომატებს, ასევე პატივსაცემ რუს ოპოზიციონერებს წარმოადგენენ.
„პატრიოტთა ალიანსი“ ფულს ხარჯავს სოციალური მედიის პოსტებში და სტატიებში, რომლებსაც პოპულარულ ქართულ მედიაპლატფორმებზე ათავსებს და ამით თავს მესხმის მეც და ფონდსაც. დეზინფორმაციის კამპანიები იმის მცდელობაც არის, რომ აქცენტი იმ ადამიანებზე გაკეთდეს, ვინც Dossier-ის მასალები გაავრცელეს და არა იმაზე, რაც ამ მასალებშია ნახსენები.
Free Russia Foundation-ის ხელმძღვანელები მხარს მიჭერენ მე, როგორც სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორს და გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „შეშფოთებული ვართ, რომ Free Russia Foundation-ის თბილისის ოფისის ხელმძღვანელი იგორ კუროპტევი, რომელმაც ფეისბუქზე გამოაქვეყნა Dossier-ის ინფორმაცია არის დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნე იმავე წყაროებისგან, რომლებიც მოხსენიებულნი არიან ამავე მასალებში. სხვებმა კი რომლებიც ცნობილი არიან ანტიამერიკული და ანტიდასავლური განწყობებით, სოციალურ მედიაში მხარი აუბეს ბატონ კუროპტევზე თავდასხმას, რომელიც წარმოადგენს ფონდს სამხრეთ კავკასიაში და პატივსაცემი ექსპერტია. მსგავსი ქმედებები მიუღებელია და ძირს უთხრის დემოკრატიული ქვეყნის ღირებულებებსა და სიტყვის თავისუფლებას“.
აუცილებელია იმის ხაზგასმა, რომ საქართველოში ოქტომბრის არჩევნები აგრესიული სამიზნეა კრემლისა და მისი მხარდამჭერების მხრიდან. ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის და ასევე იმისათვის, რომ პუტინის რეჟიმმა ფუნდამენტურად ვერ შეცვალოს საქართველოს გზა ევროკავშირსა და ნატოსკენ. სწორედ ამისათვის იყენებს ის საქართველოში მოკავშირეებს, რათა იერიში მიიტანოს ისეთ ადამიანებზე, როგორიც ვარ მე და ისეთ ორგანიზაციებზე, როგორიცაა ფონდი, რაც სრულიად მიუღებელია და უნდა ჩაითვალოს ეროვნული უსაფრთხოების რისკად.
მინდა მოვუწოდო საერთაშორისო საზოგადოებას და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს, გადადგან ყველა აუცილებელი ნაბიჯი, რათა საქართველოს მთავრობას დაეხმარონ ქვეყნის და მისი დემოკრატიის, ასევე იქ მცხოვრები ხალხის დაცვაში. თითოეული ქართველი და საქართველოს ნამდვილი მეგობარი ერთად უნდა მუშაობდეს იმისთვის, რომ არ დაუშვას მოსკოვის ჩარევა არჩევნებში, საქართველოს პოლიტიკაში და უფრო ფართოდ, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროატლანტიკურ ასპირაციაში.
დატოვე კომენტარი