მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კრიპტობირჟა FTX-ის აღმასრულებელი დირექტორის, სემ ბენკმენ-ფრიდის განცხადებით, ბიტკოინს, როგორც საგადახდო საშუალებას, მომავალი არ აქვს.
FTX-ის CEO-ს განმარტებით, ყოველდღიურ გადახდებში ბიტკოინის გამოყენება უდიდეს გამოწვევებთანაა დაკავშირებული, რადგან ის სხვა ციფრულ მეთოდებთან შედარებით ნელია, მოიხმარს დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას და, რაც მთავარია, ძვირია.
ბიტკოინის პრობლემის სათავედ ბენკმენ-ფრიდი მის ბლოკჩეინ სისტემას ასახელებს, რომელიც პირველი თაობის Proof-of-Work (PoW) სისტემაზეა დაფუძნებული. ბლოკების ვალიდაციის აღნიშნულ მეთოდი მოითხოვს ძვირადღირებულ მაინინგ ინფრასტრუქტურას და დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას.
Forbes-ის შეფასებით, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი კრიპტო და ბლოკჩეინ მილიარდერების რეიტინგში ბენკმენ-ფრიდი მეორე ადგილს იკავებს, მას მხოლოდ Binance-ის დამფუძნებელი ჩანგპენგ ჟაო უსწრებს.
$24-მილიარდიანი ქონების მფლობელი CEO-ს შეფასებით, გამოსავალი Proof-of-Stake (PoS) სისტემაა, რომელიც არ საჭიროებს მაინინგ ინფრასტრუქტურას და PoW-თან შედარებით გაცილებით სწრაფი, იაფი და ენერგოეფექტურია.
PoS სისტემას ექსპერტთა ნაწილი ბლოკჩეინის ევოლუციის მომდევნო ეტაპად მიიჩნევს, რომელსაც უკვე იყენებენ შემდეგი კრიპტო-პროექტები: კარდანო, სოლანა და პოლკადოტი – აშკარა უპირატესობების გამო, PoW-დან PoS-ზე გადასვლას გეგმავს რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტა ეთერიუმიც.
„წამში მილიონობით ტრანზაქციის განხორციელებისთვის აუცილებელია, რომ სისტემა მაქსიმალურად სწრაფი და ეფექტური იყოს, ასეთი კი Proof-of-Stake სისტემაა“, – განაცხადა ბენკმენ-ფრიდმა.
საგულისხმოა, FTX-ის ხელმძღვანელი ბიტკოინის, როგორც საგადახდო საშუალებად გამოყენების პერსპექტივას არარეალისტურად მიიჩნევს, თუმცა ის არ გამორიცხავს, რომ ბიტკოინმა ციფრული აქტივის, კერძოდ, ვირტუალური ოქროს დანიშნულება შეითავსოს.
დატოვე კომენტარი