კრიპტოაქტივებზე ფოკუსირებული ამერიკული ბანკი Silvergate Capital-ი გაკოტრების პირასაა. კომპანიის ხელმძღვანელობამ აქტივების ლიკვიდირების და კლიენტთა ნაწილისთვის თანხის უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, Sivergate-ი გაკოტრებას ოფიციალურად გამოაცხადებს და საქმიანობას საბოლოოდ შეწყვეტს.
1988 წელს კალიფორნიაში დაფუძნებული ბანკის კოლაფსი პირდაპირ კავშირშია კრიპტობირჟა FTX-ის გაკოტრებასთან, რომელიც წლების განმავლობაში Silvergate-ის სტრატეგიული პარტნიორი იყო. FTX-ის გაკოტრების შემდეგ, ბანკმა კრიპტოაქტივების დიდი ნაწილი დაკარგა, წინა კვარტალში კი ინვესტორებმა და კლიენტებმა ბანკიდან 8 მილიარდი დოლარის მოცულობის აქტივები გაიტანეს.
ფინანსური შედეგების გაუარესების ფონზე, აშშ-ის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელმა კომისიამ Silvergate-ის წინააღმდეგ გამოძიებაც დაიწყო, რამაც საფონდო ბირჟაზე ბანკის აქციების ღირებულების 99%-იანი ვარდნა გამოიწვია.
Silvergate-ის ძირითადი დანიშნულება კრიპტოტრანზაქციების გატარება და ციფრული აქტივების შენახვა იყო. რამდენი მილიარდის ზარალს მიიღებენ ინვესტორები და კლიენტები ბანკის კოლაფსით, ამ ეტაპზე უცნობია.
დატოვე კომენტარი