კრიპტობაზრის კოლაფსის ფონზე, კანადელი ინვესტორი კევინ ო’ლირი კრიპტოვალუტებსა და Web3-თან დაკავშირებულ პროექტებში ინვესტიციებს ზრდის, – ამის შესახებ მან Insider-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. მეტიც, ო’ლირი ფიქრობს, რომ კრიპტობაზრის კოლაფსი შეიძლება დადებითი მოვლენაც ყოფილიყო, რადგან ის ინვესტორებს სიფრთხილეს ასწავლის და ციფრული აქტივების ტექნოლოგიას აუმჯობესებს.
კრიპტობაზრის ბოლოდროინდელ კოლაფსს კანადელი ინვესტორი არცთუ ისე უარყოფითად აფასებს: „Luna-მ $30 მილიარდზე მეტი მოიზიდა, – ამბობს ო’ლირი. – ამ იდეას აღარავინ გაიმეორებს. [ამ კოლაფსით] ყველა მიხვდა, რომ სტეიბლკოინის შესაქმნელად ეს კარგი გზა არ არის – ეს კარგია ბაზრის განათლებისა და დაღვინებისთვის“.
საინტერესოა, რომ ამ კოლაფსს ო’ლირის საინვესტიციო სტრატეგიაზე გავლენა არ მოუხდენია: „არაფერს ვყიდი, – ამბობს ო’ლირი. გრძელვადიანად, გაძლება გჭირდება. არასტაბილურობა გარდაუვალია და თან გარკვეული პროექტები არ გაამართლებს – ეს უნდა გესმოდეს“. საინტერესოა, რომ ამგვარი მიდგომა, კევინ ო’ლირის პორტფოლიოზეც არის ასახული: დღეს ის ციფრული აქტივების სფეროში 32 საინვესტიციო პოზიციას ფლობს, მათ შორის ბლოკჩეინ-კომპანია Polygon-სა და კრიპტობირჟა WonderFi-ში.
კევინ ო’ლირის ამგვარი საინვესტიციო მიდგომა გამყარებულია იმით, რომ, კანადელის აზრით, ბლოკჩეინს ეკონომიკური ღირებულება აქვს. საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ აპრილში, კრიპტოვალუტებში ინვესტირება ო’ლირიმ პროგრამულ უზრუნველყოფაში ინვესტირებას შეადარა.
თუმცა კანადელ ინვესტორს მხოლოდ ბლოკჩეინ-ტექნოლოგია როდი იზიდავს – ის ამ სფეროში არსებულ ადამიანურ კაპიტალსაც აკვირდება: „MIT-ის საინჟინრო სკოლის კურსდამთავრებულებს შეხედეთ, – ამბობს ო’ლირი. – ყველაზე ჭკვიან ადამიანებს ბლოკჩეინზე მუშაობა სურთ. გამოდის, რომ მსოფლიოს ინტელექტუალური კაპიტალის უდიდეს ნაწილს ბლოკჩეინების ნაკლოვანებების აღმოფხვრა სურთ და რატომ უნდა იფიქრო, რომ ეს არ გაამართლებს?“
დატოვე კომენტარი